მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ქუთაისის საკრებულოს წევრი ნინო ჩიკვაშვილი გარიცხულია პარტიიდან”

“ქუთაისის საკრებულოს წევრი ნინო ჩიკვაშვილი გარიცხულია პარტიიდან”

პარტია “საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებით, ქუთაისის საკრებულოს წევრი ნინო ჩიკვაშვილი პარტიიდან გაირიცხა. ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ნინო ჩიკვაშვილს, რომელიც ქუთაისის საკრებულოს წევრი პარტიის სიით გახდა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აშანტაჟებდნენ მის საკუთრებაში არსებული კერძო სკოლების ფინანსური სანქციებით და ზეწოლის სხვადასხვა მექანიზმებით.

“ნინო ჩიკვაშვილზე ზეწოლა ხორციელდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შემოსავლების სამსახურისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მისივე განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან იყო შემდეგი შემოთავაზება, რომ ნინო ჩიკვაშვილი წასულიყო პარტიიდან, თუმცა დარჩენილიყო საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად.

“ნინო ჩიკვაშვილს რამდენიმე თვის განმავლობაში პარტია სთავაზობდა, ზეწოლის შესახებ ღიად, ესაუბრა, თუმცა მან ვერ გაუძლო “ოცნების”, სუს-ის და შემოსავლების სამსახურის წნეხს და სრულად დაჰყვა მათ მოთხოვნებს.

ის ხალხი, ვინც “ოცნებას“ მიჰყიდის სულს, მათგან აიღებს ფულს და იცხოვრებს იმ იმედით, რომ სახელმწიფოს განვითარების დიდ იდეას ანაცვალოს საკუთარი მერკანტილური ინტერესი, ჩვენს გვერდით ვერ იქნება“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

“საქართველოსთვის“ განცხადებას გამოეხმაურა ნინო ჩიკვაშვილი, რომლის თქმით, ეს პარტია მისი ლიდერებით, უკვე ყოველგვარი მორალისა და ღირსებისგან დაცლილია და პარტიას და მას შორის უკვე სერიოზული ღირებულებითი აცდენაა.

კომენტარები