მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ქუთაისის საკრებულო მერიასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა”

“ქუთაისის საკრებულო მერიასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა”

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ქუთაისის საკრებულოს  2022 წელს გაწეულ საქმიანობას აფასებს.

ორგანიზაციის  ინფორმაციით, ანგარიში ეფუძნება საკრებულოდან გამოთხოვილ, საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციასა და ჩვენი ორგანიზაციის დაკვირვებებს.

ქუთაისის საკრებულო საანგარიშო პერიოდში მერიასა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებზე სუსტ ზედამხედველობას ახორციელებდა. საკრებულო უმეტეს შემთხვევაში ფორმალურად აკონტროლებდა მის წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებისა თუ ცალკეულ უწყებათა საქმიანობას;

ქუთაისის საკრებულოს ინტერესთა კონფლიქტის, თანამდებობრივი შეუთავსებლობის, საკრებულოს რეგლამენტის და ეთიკის ნორმების დარღვევის ფაქტები არ გამოუვლენია;

მცირედით გაუმჯობესდა საკრებულოს სხდომათა საორგანიზაციო მხარე, განსხვავებით 2020 წლისაგან. საანგარიშო პერიოდში სულ 21 სხდომა გაიმართა, რომელთაგან მხოლოდ 7  იყო რიგგარეშე;

საანგარიშო პერიოდში ქუთაისის საკრებულომ 55 დადგენილება მიიღო, რომელთაგან 45-ის ავტორი/ინიციატორი იყო ქუთაისის მერი, 10 დადგენილებისა კი – საკრებულოს თავმჯდომარე.

ქუთაისის საკრებულოს 19  თანამდებობის პირიდან  დეკლარაციები დარღვევით 4-მა თანამდებობის პირმა შეავსო.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს ანგარიში წარუდგინა 2022 წლის 30 ნოემბერს.

ქუთაისის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭო აქტიურად მუშაობს. საბჭომ შეიმუშავა გენდერული პოლიტიკის დოკუმენტი, სტრატეგია და 2023-2025 წლების სამოქმედო გეგმა; ასევე, საბჭო პერიოდულად წარადგენს რეკომენდაციებს ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტზე;

საკრებულოს წევრთა შორის ყველაზე მეტი – 17 სხდომა გააცდინა პარტია “საქართველოსთვის” წევრმა ნინო ჩიკვაშვილმა. ასევე, 16-16 გაცდენა აქვთ ფრაქცია  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს – გრიგოლ შუშანიას, გაგა მანაგაძეს, რომან ქვაჩაკიძეს და ანა კოხრეიძეს. ბესიკ ბრეგაძეს შეუწყდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება, რადგან ის 6 თვის განმავლობაში არ ესწრებოდა საკრებულოს სხდომებს.

საანგარიშო პერიოდში შრომის ანაზღაურებაზე 1,342,034 ლარი დაიხარჯა; სახელფასო დანამატის, პრემიისა და დახმარების სახით საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა და შტატგარეშე მოსამსახურეებმა ჯამში 84,882 ლარი მიიღეს; ქუთაისის საკრებულომ 14 თვეში 92,723 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებამაც 298,261 ლარი შეადგინა;

საანგარიშო პერიოდში ქუთაისის საკრებულოში არცერთი პეტიცია არ ყოფილა წარმოდგენილი.

კვლევის საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის დეკემბრის ჩათვლით დროის მონაკვეთს.

კომენტარები