მთავარიახალი ამბებისლაიდი

შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია – საქართველოს კონსტიტუცია

შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია – საქართველოს კონსტიტუცია

თეატრი იძლევა უკიდეგანო საშუალებას, ადამიანებს ისეთი სიტყვა და ისე უთხრა, რომ გულგაგრილებულს თავიდან აუნთო ცეცხლი, ხელჩაქნეულს – თავიდან შეაყვარო ცხოვრება, ტკივილში ჩარჩენილს – თავიდან მოანატრო სიხარულის განცდა, სამშობლოდაკარგულს – პატრიოტული „ჭინთვები“ დააწყებინო, სახელმწიფოსგან გაუცხოებულს, მისი სამოქალაქო ვალდებულებები შეაყვარო თავიდან და სიამაყით აუვსო გული! თეატრის და ხელოვნების ნიჭია ეს და თუ მართლა ნიჭია, ნამდვილად ატყვევებს ყველას!

მზისფერი შენობის დიდი უბის ერთ კუთხეში ჩემი შესახლების მერე, ნელ-ნელა, აქა-იქ, დროდადრო, თავგანწირვის მაძებარი შემოქმედი ენთუზიასტები და სიახლეების წყურვილში თვალებანთებული რომანტიკოსებიც უერთდებოდნენ ვიწრო უფანჯრო გარემოს. ხმამაღლა ვკითხულობდით პლატონს და ნიცშეს, ვუსმენდით საჯარო ლექციებს დიდ ხელოვნებაზე. ვიღაცა იღლებოდა, ვიღაცას რეპეტიცია ეწყებოდა, ვიღაცას აღარ აინტერესებდა, ვიღაცას აღელვებდა და რჩებოდა ის, ვისაც ენატრებოდა ექსპერიმენტულ სურვილებში და იდეების სამშობიაროში ყოფნა. საინტერესო დრო იყო.

ბიჭები, რომლებთანაც მე ვმეგობრობდი, „ცისფერყანწელების თეატრის“ იდეით იყვნენ მაშინ შეპყრობილი. ასე დაიწყო ჩვენი ოცნებებით სავსე სინერგიამ შემოქმედებითი სიცოცხლე და ამაში ერთმანეთს პირობა მივეცით- იდეა და სიახლე იყო ჩვენი მიზანი, ზუსტად ისე, ალბათ, როგორც ყველა ეპოქის ყველა თეატრში, ყველა თაობის „ერთ დროს“ ხდება და ხდებოდა.

დღევანდელ ბლოგში კონსტიტუციის პროექტს ვიხსენებ. მისი მნიშვნელობით მართლა უნიკალურს და სიცოცხლით ხანმოკლეს. მაგრამ მაიმედებს, რომ სულ შეიძლება გავაცოცხლოთ.

ასე იყო. ერთ დღესაც აზრმა ამოხეთქა :). თავხედურად. პლაგიატობების და მიბაძვების გარეშე. ჩვენთვის, პატარა ოთახში ქვეყნის უანგარო მსახურებაზე, საკუთარ ქალაქში და თეატრში მეტის კეთების სურვილზე, მოქალაქის ღირსებაზე, უფლებაზე, თავისუფლებაზე მღელვარე საუბრების დროს დაიბადა:
-კონსტიტუცია დავდგათ!

რეზიკოს სახე აენთო მარტო თვალები კი არა. ადუღდა და გადმოვიდა :). მე უკვე ხმამაღლა გათქმულ სურვილთანაც სიფრთხილეს ვინარჩუნებდი, ჩვევა მაქვს ასეთი. დამატებითი კითხვა არ გვქონია. ორივემ ვიცოდით, რისთვის იყო ეს. რა მნიშვნელობა ქონდა კონსტიტუციის კითხვის თეატრალიზებას, მსახიობებისგან მოქალაქის ფიცს და წელში გამართვას, სახელმწიფოსთვის უპირატესი წიგნის პუნქტებად პათოსს და გააზრებას. მაშინვე ტექსტი მოვძებნეთ და რეზიმ დაწყო. დაიწყო მეგობრებთან ერთად.

მსახიობებამდე პირველი, ვისაც დავურეკეთ (ნიტიკოს კონსულტაციით), რეპერი ბიჭები და „რეფლექტორი“ იყო, სადაც რამზესმა და ყურამ (დიჯეი) მაშინვე მტკიცე თანამოაზრეობა და მეგობრობა შემოგვთავაზეს საქმეში. გაგვიმართლა! მე აღტაცებული ვიყავი რეზიკოს სურვილით – ელექტრონული მუსიკით და რეპის ხელოვნებით ეთქვათ ჩვენს მსახიობებს მაგიური სიტყვები:

-„ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო“!!

-„ყოველ ადამიანს აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება“!!

-„შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია“!!!!

-„ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას“!!!!

და კიდევ ბევრი სხვა, სისხლისამაჩქროლებელი და გონების დასაწმენდი ფრაზა, რაც ჩვენი სახელმწიფოს უზენაეს კანონში მარგალიტებად წერია და რაც უფრო კარგად იცი, უფრო ამაყი ხარ.

ალეკო ფურცხვანიძე, გიო ჩაჩანიძე, დათო გაჩეჩილაძე, ინგა კაკიაშვილი, ანა ჩოგოვაძე, გიგა მიქაძე, ნანცო ცხვირაშვილი, ნანუკა კუპატაძე, გიგა აბულაძე, გიორგი ქართველიშვილი – „რეფლექტორის“ სივრცეში რეპეტიციობდნენ ორი კვირის განმავლობაში დიჯეებთან და რეპერებთან ერთად და ღამის კლუბს ავსებდნენ იქ გაუგონარი წინადადებებით საქართველოს კონსტიტუციიდან.

რეზიმ ერთადერთ რეკვიზიტად უზარმაზარი მასშტაბის და სიდიდის ბანერის მზადება დაიწყო წარწერით „ისწავლე თავისუფლება!“, რომელიც მთელ თეატრს სახეზე უნდა აფარებოდა !! :).

როცა თეატრის კიბეებზე მღელვარე და უპრეცედენტო სანახაობა შედგა, გამვლელი, შემთხვევითი, ან კონსტიტუციის მოსასმენად მოსული ახალგაზრდების ემოციებმა შემძრა. ცრემლი და ჟრუანტელი ისედაც არ მიჭირს, მაგრამ მაშინ სხვა გემო ქონდა. მიზანთან ვიყავით. ყველა უსმენდა საქართველოს კონსტიტუციას და პრეამბულაზე, როცა უზარმაზარ სითეთრეში ლურჯი მოწოდება „ისწავლე თავისუფლება“ მზისფერი შენობის შუბლზე აცურდა, შეუთანხმებელი ტაში და ხმები აყვა სახელმწიფოებრივი ერთიანობის სამოქალაქო ფიცს!

როგორი მადლიერი ვარ ამ დღის და ადამიანების, ვინც დაგვიჯერა, რომ შევძლებდით. ჩვენი მადლობა გიორგის ჭიღვარიას, ნინო თვალთვაძეს, ოთიკო ლორთქიფანიძეს, ვოვა ჯღამაძეს და მის არაჩვეულებრივად ერთგულ, გულიან გუნდს, ლევან ვეკუას, დათო მირზაშვილს, გია დვალიშვილს და თეატრის ბიჭებს: აჩიკო კოსტანაშვილს, რუბენ დავითულიანს, დათო კვირიკაშვილს, რომან ბუხაიძეს, შაკო ბუხაიძეს, მინდია მიქაბერიძეს, „ბალუს“, „ტანჯულას“ , თენგო კოკელაძეს, კოკიჩას. და ესენიც სახელებით იმიტომ ჩამოვთვალე , რომ თეატრის ადმინისტრაცია არ თვლიდა ამ პროექტს საკუთარი გულშემატკივრობის პროექტად :(. ასეც ხდება. ბიჭები უანგაროდ მოგვეხმარნენ. კონსტიტუციის იდეაც მოწონდათ მეგობრობასთან ერთად.

ქუთაისის შემდეგ, პროექტი „იკითხე კონსტიტუცია- ისწავლე თავისუფლება“ რეზიმ ერგნეთის საოკუპაციო ხაზთან გააცოცხლა, სადაც ძირითად შემოქმედებით ჯგუფს ენდი ძიძავა და ნინი ქარჩავა შეუერთდნენ.

ეს ის შემთხვევა იყო, როცა რეჟისორიც და მსახიობებიც, ერთნაირად ამაყობდნენ საკუთარი საქმით.

არაჩვეულებრივი ისტორიაა განმეორების ვალდებულებით!! <3

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

ფოტო: მათე დვალიშვილი

კომენტარები