მთავარიახალი ამბებისლაიდი

ჭიათურაში, პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება

ჭიათურაში, პოლიციის შენობიდან გადმოვარდნილი ახალგაზრდა საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ჭიათურაში, პოლიციის მხრიდან მოქალაქე ს.ჭ-ის მიმართ ძალის სავარაუდო გადამეტებას ჰქონდა ადგილი. არასამთავრობო ორგანიზაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საქმეზე დროული გამოძიებისკენ მოუწოდებს.

“დაზარალებულის ოჯახი ახალგაზრდა კაცზე განხორციელებულ ძალადობას მისი გამოკითხვის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს. მათი განცხადებით, პატრულის მანქანა ს.ჭ-ს შეეჯახა, რაზე გაბრაზებულმაც წამოდგომისას ავტომობილს ფეხი მიარტყა. სწორედ ამ ინციდენტს მოჰყვა მისი მანქანაში ძალის გამოყენებით ჩასმა და განყოფილებაში გადაყვანა. ოჯახის წევრების განმარტებით, დაზარალებული საჩხერე-ჭიათურის მეოთხე სახაზო განყოფილების შენობის მეორე სართულიდან ვარდნის შედეგად მიღებული უმძიმესი დაზიანებებით იმყოფება საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში.

აღსანიშნავია, რომ პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებაზე ეფექტიანი რეაგირების არქონა კვლავაც სისტემური გამოწვევაა. საზოგადოებას კარგად ახსოვს მიდმინარე წლის იანვარში, თბილისში სამართალდამცავი უწყების მხრიდან გამოვლენილი ფიზიკური ძალადობა მხედველობის და სმენის შეფერხების მქონე არასწრულწოვანის მიმართ. ამ საქმეზე სამართალდამცავის პასუხისგებაში მიცემა მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც ინცინდენტის შემსწრე მოწმემ შემთხვევით გადაღებული ვიდეო-ჩანაწერი გაასაჯაროვა.

საპირისპიროდ, სახელმწიფოს რეაგირება უკიდურესად სუსტი და პრობლემურია გასული წლის დეკემბერში, ჟურნალისტების გიორგი არობელიძის და რატი რატიანის მიმართ საპოლიციო ძალადობაზე. დაზარალებულები მიუთითებდნენ პოლიციის განყოფილებაში მათ მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, აგრეთვე პოლიციის განყოფილებაში მყოფი სხვა პირის მიმართ ჯგუფურ ძალადობაზე, თუმცა ამ საქმეზე ამ დრომდე არც ერთი სამართალდამცავი არაა პასუხისგებაში მიცემული.

აგრეთვე, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო 20 ივნისის მოვლენების ეფექტიანი გამოძიება, რაც ბოლო წლებში საპოლიციო ძალადობის გამორჩეულად მძიმე შემთხვევას წარმოადგენდა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, რამაც მძიმე შედეგი – ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება საწყისი ეტაპიდანვე სწორი და ზუსტი კვალიფიკაციით წარიმართოს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინტერესის ქვეშ მოექცეს არამხოლოდ სამსახურებრივი გულგრილობა, არამედ ძალის გადამეტების შესაძლო დანაშაული. გამოძიების ზუსტი კვალიფიკაციით წარმართვას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ მის მიმართ დაზარალებულს, მისი ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას ჰქონდეს ნდობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით,

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დროულად და ეფექტიანად უნდა აწარმოოს გამოძიება აღნიშნულ ინციდენტზე და საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მსვლელობაზე იმ ინტენსივობით, რაც საფრთხეს არ შეუქმნის დაზარალებულის და გამოძიების ინტერესებს;

პოლიტიკურ დღის წესრიგში უნდა დაბრუნდეს საპოლიციო ძალადობის და ძალის გადამეტების პრობლემები და პარლამენტმა უზრუნველყოს სპეციალური საგამ`ძიებო სამსახურის რეალური, ფუნქციური და პოლიტიკური დამოუკიდებლობა, რათა ძალის გადამეტების შემთხვევები ეფექტიანად იყოს გამოძიებული;

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები უწყებაში ძალის გადამეტების პრევენციის მიმართულებით, – წერს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

კომენტარები