მთავარიახალი ამბებისლაიდი

“ხალხს გვშია, დააქციეს ქვეყანა და რეგიონი, ესენი კი ჩვენს ფულს მოაჯდნენ და ჭამენ”

“ხალხს გვშია, დააქციეს ქვეყანა და რეგიონი, ესენი კი ჩვენს ფულს მოაჯდნენ და ჭამენ”

ხალხს გვშია, დააქციეს ქვეყანა და რეგიონი, ესენი კი ჩვენს ფულს მოაჯდნენ და ჭამენ, – ასე ეხმაურებიან ქუთაისში მცხოვრები ადამიანები, “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” კვლევას, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს მასშტაბით იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია რეკორდსმენია და მათ ყველაზე მეტი ხალხის ფული – 18 889 ლარი, წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის, მათ შორის რესტორნის მომსახურებაზე, ასევე საოფისედ სასმელი პროდუქტების (წყალი, ჩაი, ყავა) შესაძენად დახარჯეს.

2021 წელს იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში 25 ადამიანი იყო დასაქმებული, რომელთა ხელფასებზე 467,729 ლარი, პრემიაზე, დანამატსა და ჯილდოზე კი 26, 560 ლარი გაიცა.

ასევე გასულ წელს იმერეთის სახელმწიფო ადმინისტრაციამ 21, 478 ლიტრი საწვავი გახარჯა, რომლის ღირებულებაც 65, 508 ლარია.

მოსახლეობის თქმით, იმერეთში უმძიმესი სოციალური ფონია, ამ ფონზე კი, სამხარეო ადმინისტრაციას პრემია-დანამატები არ უნდა დაერიგებინა.

“ქუთაისის ქუჩებში რომ გაიარო, ხალხი ნაგავშია თავით გადაშვებული, არ რცხვენია ამ ხელისუფლებას, ყოველდღე ამ სურათს რომ ხედავენ? რა ნამუსით გამოიწერეს პრემია-დანამატები, როცა ხალხს წამლის ფულიც კი არ აქვს. რამე გააკეთეს და ამის გამო”, – გვითხრა ადგილობრივმა ნარგიზა კაპანაძემ.

“აქლემს კითხეს კუზი რატომ გაქვს ამობურცულიო და აქლემმა უპასუხა, რავა სხვა რამე რა მაქვს სწორიო?! რა გაგიკვირდათ ჩვენი ხელისუფლებისგან პრემია-დანამატები რომ გამოიწერეს? ხალხის ბედი არავის აინტერესებს და იმერეთის გუბერნატორი გამონაკლისი რომ იყოს ის გამიკვირდებოდა”, – გვითხრა ადგილობრივმა დალი ჩხეიძემ.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აღებულ პრემია-დანამატებზე საუბარი არ სურთ.

კომენტარები