მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

1917 წლის ქუთაისური პრესა ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომი პირველი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის შესახებ

1917 წლის ქუთაისური პრესა ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომი პირველი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის შესახებ

1917 წლის 12 (25) მარტს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელმა ეკლესიამ აღადგინა თავისი უძველესი, მეხუთე საუკუნეში მოპოვებული ავტოკეფალია, რომელიც ას ექვსი წლის მანძილზე რუსეთის მიერ უკანონოდ და ძალადობრივად იყო გაუქმებული. ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ აუცილებელი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა. ამ მიზნით 1917 წლის 8-17 სექტემბერს თბილისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომი პირველი კრება, რომელმაც მრავალი ღვაწლით შემკული და რუსეთის მიერ დევნა-გადასახლებაგამოვლილი ეპისკოპოსი კირიონი (საძაგლიშვილი) აირჩია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

აღნიშნულ ისტორიულ ეროვნულ-სარწმუნოებრივ მოვლენას აქტიურად გამოეხმაურა ქუთაისური პრესა. გაზეთ „ჩვენს ქვეყანაში“, რომელიც 1917 წლიდან გამოდიოდა ქუთაისში, დაიბეჭდა პუბლიკაციები ერთ საუკუნეზე მეტი დროის იძულებითი წყვეტის შემდგომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის შესახებ.

1917 წლის 20 სექტემბერს, ქუთაისურ გაზეთ „ჩვენს ქვეყანაში“ (# 130, გვ. 4) გამოქვეყნდა პუბლიკაცია, სათაურით: „საქართველოს საეკლესიო კრება – კათალიკოზის არჩევა“, რომელშიც ვკითხულობთ: „კვირას, 17 ენკენისთვეს, საგანგებო დღე იყო ჩვენთვის. ამ დღეს ამორჩეულ იქმნა სრულიად საქართველოს კათალიკოზ-პატრიარქი. არჩევნები დაიწყო დილით, ათ საათზე გ.დ. ჟურულის თავმჯდომარეობით. არჩევა მოხდა სასტიკი კონტროლის ქვეშ. არც სიონის ტაძარში, არც მის გალავანში, დელეგატების გარდა სხვას არავის უშვებდნენ. ფარული კენჭისყრა დასრულდა საათის ორისთვის. შემდეგ ფართო მასას გაუღეს კარი. ქუჩა, ეზო და ტაძარი გაივსო ხალხით.

თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მიეღოთ სულ 440 დელეგატს. ყუთი დაედგა ორ კანდიდატს: მიტროპოლიტ ლეონიდეს და ეპისკოპოს კირიონს. თბილელ მიტროპოლიტ ლეონიდეს მიეღო 230 თეთრი და 218 შავი, ხოლო ყოვლადსამღვდელო კირიონს – 240 თეთრი და 206 შავი. ამრიგად, ორთავე გათეთრებულ იქმნა, მაგრამ რადგანაც ყოვლადსამღვდელო კირიონმა მიიღო თორმეტით მეტი ხმა, იგი აღიარებულ იქმნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად“, – წერდა გაზეთი „ჩვენი ქვეყანა“.

აქვე ქუთაისურ პრესაში მიმოხილულია თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქის არჩევის შემდგომი ფაქტები, როგორ შეხვდნენ ამ ყოველივეს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოსი კირიონი და კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე, მათი ემოციები, მოკლე მიმართვები… „შემდგომ სამადლობელი პარაკლისი გადაიხადეს. შეიმოსა თვითონ კათალიკოზ-პატრიარქი კირიონი, თბილელი მიტროპოლიტი ლეონიდე (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. შენ. ლ. დ-შ.), ყოვლადსამღვდელო /ეპისკოპოსი/ ანტონი (შემდგომში ქუთათელი მიტროპოლიტი. შენ. ლ. დ-შ.), /ეპისკოპოსი/ პიროსი, არქიმანდრიტი ამბროსი (შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. შენ. ლ. დ-შ.) და სხვანი. სამღვდელოთა კრებულს და საზოგადოებას სიხარულით აუწყა კათალიკოზმა საქართველოს ეკლესიის აღდგენა და მუხლმოყრით თაყვანი სცა არჩევისათვის. მან გამოსთქვა ნაკისრებ ტვირთის სიმძიმე, რომლის განაწილებას შეთხოვდა ყველას“, – წერდა გაზეთი „ჩვენი ქვეყანა“, რომელიც აქვე იუწყებოდა, რომ კერძო პირთაგან იმ დღეს ძალზედ ემოციური სიტყვა წარმოუთქვამს გ. იოსელიანს. შემდგომ კი არჩეულ კათოლიკოს-პატრიარქს სიტყვებით მიესალმნენ: აფხაზეთის წარმომადგენელი ჩხოტუა, ქართული ჯარისა და ქართველ კათოლიკეთა წარმომადგენლები.

ამავე დღეს საპატრიარქო რეზიდენციის კართან ახალარჩეული კათოლიკოს-პატრიარქისთვის მღვდელ სიმონ ჭელიძეს მიუმართავს მგზნებარე სიტყვით, რომელიც ცალკე პუბლიკაციად დაბეჭდა ამავე ნომერში ქუთაისურმა გაზეთმა „ჩვენმა ქვეყანამ“, სათაურით: „სრულიად საქართველოს პატრიარქ-კათალიკოზის კირიონისადმი თქმული 17 სეკტემბერს, მღვდლის სიმონ ჭელიძის მიერ“. მამა სიმონ ჭელიძეს თავისი სიტყვა ამგვარად დაუსრულებია:

„უნეტარესო მეუფეო! კათედრა სრულიად საქართველოს ეკლესიის პატრიარქ-კათალიკოზისა იქნება გოლგოთა ყველა კათალიკოზთათვის მანამდე, სანამ საქართველო არ მოიპოვებს პოლიტიკურ თავისუფლებასაც. მანამდე ყოველმა ქართველმა კათალიკოზმა თავისი მხრებით უნდა აიტანოს ამ გოლგოთაზე ჯვარი საქართველოს თავისუფლებისა და თუ გარემოებამ მოითხოვა, უნდა ხელგართხმულად ეცვას ზედ, აი, ასე (განაპყრობს ხელებს)!

და ვსთხოვ ყოვლადშემძლებელ ღმერთს და საქართველოს მფარველს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს, რომ ჩვენი ქვეყნიური მაცხოვრის – საქართველოს პოლიტიკურადაც მკვდრეთით აღდგომას მოსწრებოდეს თქვენი ნაწამები, მაგრამ სპეტაკი ჭაღარა!“, – მიუმართავს მღვდელ სიმონ ჭელიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩეული ეპისკოპოს კირიონისათვის და ეს სიტყვა ქუთაისურმა პრესამ სრულად შემოუნახა ჩვენს ისტორიას. მამა სიმონის ხსენებული მიმართვა უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორისათვის ერთგვარად წინასწარმეტყველური გამოდგა და ფაქტობრივად, სრულად აღსრულდა ახლო მომავალში.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უძველესი ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომი პირველი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასა და აღსაყდრებასთან დაკავშირებით ქუთაისურმა პრესამ ერთ-ერთი საინტერესო და ღირებული აღწერა და ქრონიკები შემოინახა, რომელიც შესაბამისი საისტორიო თემატიკის კვლევისას ერთ-ერთ საყურადღებო მასალას წარმოადგენს.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

ფოტოზე: 1917 წლის სექტემბერი. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომი პირველი კრება, რომელმაც ეპისკოპოსი კირიონი (საძაგლიშვილი) აირჩია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად

კომენტარები