მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

1988 წლის შეგონება-გაფრთხილება გაზეთ “ქუთაისიდან”, როდესაც გელათის მონასტერი კვლავ ამოქმედდა

1988 წლის შეგონება-გაფრთხილება გაზეთ “ქუთაისიდან”, როდესაც გელათის მონასტერი კვლავ ამოქმედდა

მეთორმეტე საუკუნეში საქართველოს მეფის, დავით მეოთხე აღმაშენებლის თაოსნობით აგებული გელათის სამონასტრო კომპლექსი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი განსაკუთრებული და გამორჩეული ქრისტიანული ძეგლია. გელათის სავანეში, როგორც სამეფო მონასტერში დაკრძალულია ოცდაოთხი ქართველი მეფე. აქ დააარსა დავით აღმაშენებელმა “სხუა ათინად და მეორე იერუსალიმად წოდებული გელათის აკადემია და დაავანა მსოფლიო მნიშვნელობის მრავალი ქრისტიანული სიწმიდე. გადაუჭარბებლად შესაძლოა, აღინიშნოს, რომ თავისი ზოგადი და კომპლექსური მოცემულობით, კავკასიის მასშტაბით არ არსებობს გელათის მონასტერზე უფრო დიდი საისტორიო მნიშვნელობის ისტორიული ძეგლი.

1921 წელს საქართველოში დამყარდა საბჭოთა რუსული ათეისტური საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც აგრესიულად ათეისტური იყო. მისი მსახვრალი და დაუნდობელი ხელი გელათის მონასტერსაც შეეხო, როდესაც 1923 წელს ბოლშევიკურმა კოლონიზატორულმა მმართველობამ ადმინისტრაციული წესით დახურა გელათის სავანე და იქიდან ბერები გააძევა, თუმცა, მადლობა ღმერთს, გელათის სამონასტრო კომპლექსი დანგრევას გადაურჩა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას სრულყოფილად შეხვდა.

მეოცე საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან საბჭოთა კავშირში ე.წ. გარდაქმნა დაიწყო. გადაიხედა საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულება რელიგიისადმი, რაც შედარებით, გარკვეულწილად დროის გამოძახილის ფონზე, ოდნავ შერბილდა…

ამ კამპანიის ფარგლებში, 1988 წელს, გელათის მონასტერი დაუბრუნდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას და კვლავ ამოქმედდა ეს დიდებული სავანე, რაც უდავოდ ისტორიული და ღირსშესანიშნავი მოვლენა იყო. იმავე წლის 21 სექტემბერს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის – ღმრთისმშობლობის დღესასწაულზე, გელათის მონასტერში, რომელიც ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის სახელობისაა, აღდგენის შემდგომ პირველი წირვა აღევლინა, რასაც ამგვარად გამოეხმაურა გაზეთი ქუთაისი:

“ზედა სვანეთში, სოფელ მაცხვარისის კვირიკეს ტაძარში, რომელიც 1140 წელს არის აშენებული, შესასვლელთან კვირიკე იღუმენს კედელზე წაუწერია: „ვინც ჩემს შემდგომ ამა ეკლესიისა იღუმენი იყოს, კვამლისაგან შეიკრძალოს ხატული, რომე ფერი არ დააკლოს“. ჩვენი ღირსეული წინაპრის, კვირიკე იღუმენის ეს გაფრთხილება გაგვახსენდა, როდესაც გუშინ, გელათში, სადღესასწაულო წირვის შემდეგ ანთებული სანთლები ვნახეთ. წინაპრის ხმა აწმყოსა და მომავლის გაფრთხილებად ჩაგვესმა. გელათის უძველეს ფრესკებსა და მისი ღვთისმშობლის მოზაიკას კვამლით საფრთხე არ უნდა დაემუქროს, რათა მათ ფერი არ დააკლოს“, – წერდა გაზეთი “ქუთაისი“ (1988 წ. # 182, გვ. 1).

1988 წლისათვის გაზეთი “ქუთაისი“ იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ქუთაისის საქალაქო კომიტეტისა და ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს ოფიციალური ბეჭდვითი ორგანო იყო. ერთი შეხედვით, თითქოს, ამ სტრიქრონების ავტორებს აწუხებდათ არა გელათის მონასტრისა და მისი ფრესკების და ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის გელათური უძველესი მოზაიკის მდგომარეობა, არამედ ის, რომ გელათის მონასტერი დაუბრუნდა საქართველოს ეკლესიასა და სავანეში აღდგა ღვთისმსახურება, თუმცა, დღეს, ოცდათექვსმეტი წლის გადასახედიდან ცხადია, რომ ეს გაფრთხილება-შეგონება რეალური და გულითადი და არა ფასადური, არა მოჩვენებითი იყო. “წინაპრისა ხმა აწმყოსა და მომავლის გაფრთხილებად ჩაგვესმა“, – ეს სიტყვებიც ალბათ, წინასწარმეტყველური გამოდგა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულის ქუთაისური პრესიდან გელათის მონასტრისა და მისი მოფრთხილების აუცილებლობის შესახებ.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

გელათის მონასტრის ფოტო გაზ. “ქუთაისიდან

კომენტარები