საქართველოში, სოციალურად დაუცველთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა. გასულ წელს, ე.წ საარსებო შემწეობა 541 764 ადამიანმა მიიღო, რაც 151 117 ოჯახს შეადგენს.
პანდემიის პერიოდში, სოციალურად დაუცველთა მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობა 32 003 ოჯახით გაიზარდა.
თუმცა ისევ არსებობენ ადამიანები, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ და ფიქრობენ, რომ სახელმწიფო მათ უნდა დაეხმაროს.
საჭიროებს თქვენი ოჯახი სოციალურ დახმარებას?
მიმართეთ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ერთეულს, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, შეავსეთ დადგენილი ფორმის განაცხადი და დარეგისტრირდით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში.
იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის ყველა წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების შესაძლებლობა, განაცხადის შევსება შესაძლებელია ოჯახის საცხოვრებელ ადგილზე (სააგენტოს უფლებამოსილი პირის ვიზიტის დროს).
განაცხადის შესავსებად დაგჭირდებათ:
– ოჯახის სრულწლოვანი წევრ(ებ)ის პირადობის/ბინადრობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო არასრულწლოვანი წევრ(ებ)ის შემთხვევაში, დაბადების მოწმობა სადაც მითითებულია პირადი ნომერი;
– მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულება, თუ განცხადება შეაქვს პირს, რომელიც ოჯახის წევრი არ არის.
განაცხადის ფორმის შევსების შემდეგ ოჯახში სააგენტოს უფლებამოსილი პირის (სოციალური აგენტი) ვიზიტის დროს, ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, შეივსება „ოჯახის დეკლარაცია”, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ. დეკლარირებული ინფორმაცია დასტურდება ოჯახის უფლებამოსილი წარმომადგენლის ხელმოწერით. დეკლარაციაში ასახული ინფორმაციის მონაცემთა ერთიან ბაზაში განთავსებისა და დადგენილი მეთოდოლოგიით დამუშავების შემდეგ ოჯახს მიენიჭება სარეიტინგო ქულა, რომლის ოდენობაც განსაზღვრავს ოჯახის უფლებას რაიმე სახის ბენეფიტზე (ფულადი სოციალური დახმარება და სხვა).
რა შემთხვევაში ინიშნება ფულადი სოციალური დახმარება?
მოქმედი მეთოდოლოგიით შეფასებულ (შესწავლილ) ოჯახებზე გათვალისწინებულია საარსებო შემწეობის შემდეგი ოდენობები:
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე – საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120 001-ზენაკლებია:
120 001-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახი, ყოველ 16 წლამდე ასაკის წევრზე მიიღებს 100 ლარის ოდენობის შემწეობას.
კომენტარები