მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

რიკოთის უღელტეხილზე დაღუპულ პოლიციელებს დღეს დაკრძალავენ

რიკოთის უღელტეხილზე დაღუპულ პოლიციელებს დღეს დაკრძალავენ

რიკოთის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპულ სამ პოლიციელს – კახა ბაღდავაძეს, მურადი ლეჟავას და მიშო მაჩიტაძეს იმერეთში, მშობლიურ ქალაქებში დღეს დაკრძალავენ.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პატრულ-ინსპექტორების ოჯახებს, ახლობლებსა და კოლეგებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

„პირველ რიგში, მინდა, დიდი მწუხარება გამოვხატო და კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო 12 მარტს, რიკოთის უღელტეხილზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი პატრულ-ინსპექტორების ოჯახებს, ახლობლებსა და კოლეგებს. მათ დღეს, იმერეთში, მშობლიურ ქალაქებში დაკრძალავენ.

ძალიან მძიმეა თითოეული თანამშრომლის დაკარგვა ჩვენთვის, ძალიან დიდი ტკივილი და ტრაგედიაა ყველა ჩვენგანისთვის. ამ შემთხვევის დროს ასევე დაშავდა ჩვენი თანამშრომელი. მინდა, მას გამოჯანმრთელება და რაც შეიძლება მალე სამსახურში დაბრუნება ვუსურვო“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში.

პროკურატურის ინფორმაციით, 12 მარტს, დაახლოებით 10:45 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანის და „FORD TRANSIT“-ის მარკის ევაკუატორის შეჯახების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) მიმდინარეობს.

 

კომენტარები