ალექსანდრე გოგორიშვილი ვანის მერის თანამდებობას 2017 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შემდეგ იკავებს. მან მერის არჩვნებში 2021 წელსაც გაიმარჯვა და მერის პოსტზე მეორე ვადით არის.
2018 წლის იანვარში, დეკლარაციის პირველად შევსებისას, მასთან ერთად ცხოვრობდნენ მისი მეუღლე და ორი შვილი (დაბადებულები 2001 და 2002 წწ-ს), რომლებიც დეკლარაციაში 2021 წლიდან აღარ ფიქსირდებიან.
2022 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, უშუალოდ მის მფლობელობაშია 4 მიწის ნაკვეთი სოფელ დიხაშხოში, რომელთაგან ერთის 50%-იან წილს, სამ ნაკვეთზე კი 100%-იან წილს ფლობს და ერთ-ერთზე განთავსებულია შენობა-ნაგებობებიც.
აქედან ერთი მიწის ნაკვეთი, რომლის ფართია 1105 კვ.მ, თამარ გოგორიშვილისგან მემკვიდრეობით 2007 წელს აქვს მიღებული და ფლობს 50%-ს. თუმცა, 2018-2021 წლის დეკლარაციებით, ზუსტად ამ ფართის მიწის მემკვიდრეობით მიღება 2016 წელს აქვს დაფიქსირებული და ფლობს სრულად, მაგრამ არ არის მითითებული, თუ ვისგან მიიღო.
2021 წელს ასევე მემკვიდრეობით აქვს მიღებული სოფელ დიხაშხოში 7500 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია 2 შენობა-ნაგებობა, საიდანაც ერთის ფართია 484 კვ.მ და მეორის – 66.05 კვ.მ. ის ამ ქონების 100%-იანი წილის მფლობელია, თუმცა, მითითებული არ არის, მემკვიდრეობით ვისგან მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ მონაცემების მიწის ნაკვეთი, 2018 წლის დეკლარაციით, მემკვიდრეობით 2016 წელს ჰქონდა მიღებული და 100%-ს ფლობდა, 2019-2021 წლების დეკლარაციით კი, მემკვიდრეობით მიღებად ისევ 2016 წელია დაფიქსირებული, მაგრამ ამ პერიოდში ფლობდა დასთან, თამარ გოგორიშვილთან ერთად, 50-50%-ით.
რაც შეეხება სახლს, 2018-2021 წლების დეკლარაციებით, 2016 წელს მას მემკვიდრეობით ჰქონდა მიღებული სოფელ დიხაშხოში 455 კვ.მ ფართის სახლი, რომელსაც დასთან, თამარ გოგორიშვილთან, ერთად 50-50%-ით ფლობდა. 2018 წლის დეკლარაციით კი, ის ამ სახლის 100%-იანი წილის მფლობელი იყო. ამ მონაცემების სახლი აღარ ჩანს ბოლო დეკლარაციაში და უცნობია, ბოლო დეკლარაციაში მითითებული 2 შენობიდან რომელიმე ფარავს თუ არა ამ შენობას და, თუკი ფარავს, როოგორ გახდა 100%-ის მფლობელი.
ასევე 2020 წელს ამავე სოფელში 20 ლარად ნაყიდი აქვს 1616 კვ.მ მიწის ნაკვეთი. თუმცა, 2022 წელს შევსებული დეკლარაციის შენიშვნაში უწერია, რომ ეს ნაკვეთი ნაყიდი აქვს 2002 წელს 20 ლარად, 2021 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით კი, ზუსტად 1616 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი 2020 წელს 100 ლარად აქვს ნაყიდი, 2002 წელზე კი არაფერია ნათქვამი. თუმცა, ამ დეკლარაციის მიხედვით, მას 2010 წელს 20 ლარად უყიდია 1600 კვ.მ ფართის სოფელ დიხაშხოში, რომელიც დეკლარაციებში 2018 წლიდან ჩანს. თუმცა, ბოლო დეკლარაციაში მიწის ეს ნაკვეთი გამქრალია.
სოფელ დიხაშხოში ასევე ფლობს 2273 კვ.მ ფართის მიწას, რომელიც 2020 წელს აღიარებით მიიღო.
მისი მეუღლე, ნათია ლორთქიფანიძე, 2022 წლის დეკლარაციით, ფლობს ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში მდებარე ორი მიწის ნაკვეთის 50-50%-ს, რომელიც ლილი დვალიშვილისა და ზაზა ლორთქიფანიძისგან მემკვიდრეობით 2015 წელს აქვს მიღებული. ერთი მიწის ნაკვეთის ფართობია 1999 კვ.მ, მეორესი კი – 3146 კვ.მ, სადაც ასევე განთავსებულია სამი შენობა. თუმცა, ამ შენობების ფართობები არ არის მოცემული. აღსანიშნავია, რომ ნათია ლორთქიფანიძის ეს ქონება, რომელიც 2015 წელს აქვს მიღებული, 2018-2021 წლების არც ერთ დეკლარაციაში არ ფიქსირდება მაშინ, როდესაც ის ყველა დეკლარაციაში წერია, როგორც ალექსანდრე გოგორიშვილის მეუღლე.
2022 წლის დეკლარაციით, ალექსანდრე გოგორიშვილი და მისი მეუღლე სხვა ქონებას, არც მოძრავს და არც უძრავს, არ ფლობენ. არ აქვთ ფასიანი ქაღალდები და არანაირი ფორმით არ ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას. ასევე, არ მიუღიათ არანაირი საჩუქარი. ამ საკითხებთან მიმართებით იგივე სურათია 2018-2021 წლების დეკლარაციებშიც.
2018 წლის დეკლარაციით, მას 2016 წლის აგვისტოში TBC ბანკიდან აღებული აქვს 5 000-ლარიანი სამომხმარებლო სესხი 4-წლიანი ვადით და ლიბერთი ბანკიდან – 7 500-ლარიანი სამომხმარებლო სესხი, რომელიც 2019 წლის დეკემბერში უნდა დაეფარა. 2019 წლის დეკლარაციით, მან 2018 წელს TBC ბანკიდან კიდევ ერთი – 25 000-ლარიანი სამომხმარებლო სესხი აიღო, რომელიც 2023 წლის ნოემბრამდე უნდა დაფაროს. 2020 წლის დეკლარაციით, მას მხოლოდ ეს სესხი აქვს მითითებული.
2021 წლის დეკლარაციაში უკვე ახალი – 90000-ლარიანი სამომხმარებლო სესხია დამატებული, რომელიც „საქართველოს ბანკში“ აქვს აღებული და ის 2030 წლის სექტემბრამდე უნდა დაფაროს. 2022 წლის დეკლარაციის მიხედვით კი, ალექსანდრე გოგორიშვილს 2021 წელს კიდევ 2 სესხი აქვს დამატებული – TBC ბანკიდან 80 000 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხი, რომელიც 2041 წლის თებერვლამდე უნდა დაფაროს და, ასევე, TBC-დან სამომხმარებლო სესხი 90000 ლარის ოდენობით, რომელიც 2031 წლის თებერვლამდე უნდა დაფაროს. ძველი სესხებიდან კი ბოლო დეკლარაციაში მხოლოდ „საქართველოს ბანკის“ 90000-ლარიანი სამომხმარებლო სესხია მითითებული.
ალექსანდრე გოგორიშვილი, დეკლარაციების თანახმად, არ ფლობს არანაირ ფასიან ქაღალდებს და აქციებს. ასევე, არ აქვს მითითებული, რომ ფლობს, ან ამ პერიოდში შეძენილი აქვს დეკლარირებადი მოძრავი ქონება.
წყარო: droa.ge
კომენტარები