მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“თქვენ ხო არ გახველებთ?” – ქუთაისში გიდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

“თქვენ ხო არ გახველებთ?” – ქუთაისში გიდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ქუთაისელ გიდებს შორის უთანხმოებაა. ამის მიზეზი კი ქალაქში ჩამოსული 200-მდე ტურისტია, რომლებიც “მოდი, დავიკარგოთ Wizz air-თან ერთად“ პროექტის ფარგლებში იმერეთს სტუმრობენ.

გიდების ნაწილი აცხადებს, რომ იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციამ, ხალხის ფული იმ ტურ-ოპერატორებს დაახარჯა, რომლებიც მათდამი ლოიალურად არიან განწყობილი.

“მოკლედ, მე სხვანაირად წარმომიდგენია ალბათ და ფერად ფერებში ვხედავ ამ ქალაქში ტურიზმის სწორად განვითარებას.. მე რაზეც “ვიბოღმები”, არის ეს: ტურიზმის ანუ ჩვენი ფული უნდა მოხმარდეს ყველას, ადგილობრივ ტუროპერატორებსაც და გიდებსაც თანაბრად. ყველანი უნდა განვითარდეთ თანაბარ კონკურენციის პირობებში, ღია და საჯარო შეჯიბრობითობის პრინციპით. ყველამ, გიდმაც და ტუროპერატორმაც თავშივე (და არა ბოლოში) უნდა იცოდეს, რა პროექტში რის გამო ეთქვა მონაწილეობაზე უარი. ამ ქალაქში, ტურიზმში ვინმესთვის ბენეფიტების მიცემა უნდა ხდებოდეს მისი უნარების და პროფესიონალიზმის მიხედვით და სხვებმაც უნდა იცოდნენ, რა უნარებში აჯობეს მას. კოლეგების ლანძღვა, არის უმდაბლესი საქციელი, ჩვენ ვართ ერთი, მაგრამ კონკურენტები და თამაშის წესები უნდა იყოს სამართლიანი“, – წერს „ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი“ ლაშა ბერეკაშვილი.

“როდესაც სახელწიფო, გადასახადების გადამხდელის ფული იხარჯება, იქ ყველა საკითხი საჯარო და გამჭვირვალე უნდა იყოსო კანონი ამბობს, ჰოდა გინდა პარკში სკამის დადგმა იყოს, გინდა გზის დაგება და გინდა ტურიზმში ფულის ხარჯვა, ხალხს უფლება აქვს კითხვები დასვას და არ უნდა გაგიკვირდეთ ეგ. ისე მთავარი გაკვირვება საზოგაადოების ვიზაერის კონკურსში გამარჯვებული ტურისტების 200 ბლოგერად გასაღების და მაგაში მერიის ფულის ხარჯვის ამბავს მოყვა. ასევე მეწყინა, რომ ვიღაცამ დებილად ჩამთვალა, როგორც რიგითი ქუთაისელი და ეგონა რომ ვიზეარის კონკურსის შესახებ არ მეცოდინება. თვითონ ვიზაერის ხარჯზე იპიარებდნენ თავს და ჩვენ ვერ გავიგებდი რა ხდებოდა და ტაშს დავუკრავდით“, – ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.

ტურისტული კომპანია ,,Budget Georgia” – ს მეპატრონე გიგა ფაღავა ერთ-ერთია, რომელთანაც ხელისუფლებამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში თანამშრომლობა გადაწყვიტა, მისთვის გაუგებარია რამ გამოიწვია გიდების გაღიზიანება.

“მივმართავ ქუთაისელ გიდებს, რომლებსაც გუშინ ეწყინათ ბაჯეთის გიდების მიერ ვიზეარის ჯგუფის მასპინძლობის ამბავი – თქვენ ხო არ გახველებთ? შეგვიკვეთეს და გავაკეთეთ. რატო შეგვიკვეთეს? შეიძლება იმიტომ, რომ TripAdvisor და გუგლის რეიტინგში #1 ტურ ოპერატორი ვართ ქუთაისში და ყოველთვის ხარისხი დავუდეთ. არ ვიცი.

რატო არ აიყვანეს სხვა გიდები? ალბათ იმიტომ, რომ ამდენი მაღალკვალიფიციური გიდი ერთად არცერთ ოგანიზაციას არ ყავდა ქუთაისში… თან ამ გაგანია სეზონზე. მოკლედ, ორგანიზატორს კითხეთ ეს.

სერიოზულად გაქვთ პრეტენზია რო თითო ტურისტისთვის თითო გიდს უნდა ჩაეკიდა ხელი და ასე ევლოთ ტურებზე? ან იქნება ეს 200 კაცი 200 მანქანაში გადაგვენაწილებია? 200 სასტუმროში და 200 რესტორანში.

დაფიქრდით ბიძია პატარა სანამ რამეს იტყვით. ახალგაზრდა ხალხი ხართ, რას იბოღმებით.

ეს 3-დღიანი ტური არც არავის ააშენებს და არც არავის დააქცევს. თქვენი ლოგიკით მე რა უნდა ვქნა? სადაც ტურისტი გარახუნდება და სადაც სადმე ვინმეს დაგიძახებენ იმდენი დავიბოღმო და გიძახოთ რამ აგაღებიათ ეგ ტური და მე რატო არ მომეცითთქო? სირცხვილია ხალხო, სირცხვილი“, – წერს გიგა ფაღავა.

DMO იმერეთის ინფორმაციით, იმერეთს არაბეთის გაერთიანებული საემიროდან ჩამოსული 200 საერთაშორისო მედიაწარმომადგენელი, ბლოგერი და ინფლუენსერი სტუმრობს, რომლებიც რეგიონის ღირშესანიშნაობებს, დაცულ ტერიტორიებს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, იმერულ მარნებსა და გასტრო სახლებს ესტუმრებიან. თუმცა როგორც სამოქალაქო აქტივისტებმა გაარკვიეს, ეს ტურისტები კომპანია „ვიზეარის“ ფოტოკონკურსის გამარჯვებულები არიან და არც ცნობილი ბლოგერები არიან და არც მედიის წარმომადგენლები.

კომპანია “ვეზეარის“ პროექტის ფარგლებში ჩამოყვანილ ტურისტებს, როგორც გავრცელებული ვიდეობით ირკვევა დაჰყვება იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, ასევე ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნები და იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის წევრები. მაღალი თანამდებობის პირები, უცხოელ ვიზიტორებთან ერთად, ბიუჯეტის ფულით ერთად აღნიშნავენ მათ სტუმრობას ქუთაისში.

ა(ა)იპ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია“ ამ სახელწოდებით 2019 წლიდან ფუნქციონირებს. ის „ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის“ რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა. ორგანიზაცია ქუთაისისა და იმერეთის სხვა თერთმეტი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების მიერ იმართება და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებიდან ფინანსდება.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით კი იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია ფუნქციას სათანადოდ ვერ ასრულებს. რეგიონებში შექმნილი ერთობლივი ა(ა)იპ-ების ერთ-ერთ მიზანს მუნიციპალიტეტებში ტურიზმის ხელშეწყობა წარმოადგენს. თუმცა აუდიტის დასკვნაში  ვკითხულობთ, რომ აუდიტორებისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, DMO-ების მიერ მომზადებული ყოველწლიური გეგმები, ძირითადად, მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ ინფორმაციას მოიცავს. ასევე ზედაპირულადაა განხილული დაგეგმილი და განსახორციელებელი საქმიანობები, არ არის იდენტიფიცირებული კონკრეტული ღონისძიებების ჩატარების საჭიროება, არ არის განსაზღვრული მისაღები შუალედური და საბოლოო შედეგები, საჭირო რესურსები და ა. შ.

კომენტარები