მთავარიახალი ამბებიიმერეთი

გენიტალიების დატოლება, როგორც სქესის ფორმულა

გენიტალიების დატოლება, როგორც სქესის ფორმულა

რაზე უნდა ვისაუბრო დღეს თქვენთან, ეს წინა კვირაში უკვე გადაწყვეტილი იყო. თემა – „ტესტოსტერონი“ – პრემიერა მესხიშვილის თეატრში და ჰორმონი მამაკაცებში, რომელიც სპექტაკლში ე.წ. „ძლიერი სქესის“ „ბიბლიად“ იშლება.

ქორწინება ჩაშლილია. საცოლემ ბიჭი საკურთხეველთან მიატოვა და შეურაცხყოფილი საქმროები, ქმრები და ქმრადყოფილები, რიტუალურად სერვირებულ რესტორნის ტრაპეზთან, ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან თემას- მამაკაცის და ქალის ურთიერთობას – სხვადასხვა ტემპერამენტით, სხვადასხვა თავდაჯერებით და ბავშვობიდან აყოლილი სახვადასხვა ტრავმებით, თუ პოსტტრავმებით აშიშვლებენ.

სცენა მინიმალისტურად არის დატვირთული. სცენოგრაფია დავარცხნილია და მკაფიო. მარცხნივ: ფემინური დეკორი – ყვავილებით გაწყობილი თეთრი საქორწილო სუფრა, სადაც თითქოს გმირები უხერხული დისტანციით და ხშირად „ფეხისწამორტყმით“ არიან და მარჯვნივ: მასკულინური სიმბოლო – მოსაწევი კაბინა, სადაც მუდმივად კვამლი ამოდის, თითქოს ჰორმონის ალქიმიაა, საიდანაც ჩვენი პერსონაჟები იკრებენ ძალას – თქვან სიმართლე, მოიგონონ ყველა საკუთარი ცოდვა, აღმოაჩინონ ერთმანეთს შორის მოღალატეები და იქვე „გაიდონ ფეხქვეშ შეუბრალებლად“.

პიესა, რომელიც 2002 წელს პოლონელმა დრამატურგმა, ჟურნალისტმა და მსახიობმა ანჯეი სარამონოვიჩმა დაწერა, ნამდვილად „ქუდბედით“ დაიბადა. არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ მგონია, რომ ქალი რეჟისორისგან ის მესხიშვილის თეატრის რეპერტუარამდე, არ დადგმულა და ეს უკვე განაცხადია. რადგან პიესა 7 მამაკაცი პერსონაჟის „აღიარებებით“ სრულიად ანგრევს ისედაც მცირედ დარჩენილ იმედს, რომ შეიძლება ორმა სქესმა ერთნაირად ილაპარაკოს, რომ მაღალიდეალური ურთიერთობები მოგონილია და რეალურად მხოლოდ ბიოლოგიის მარტივ სახელმძღვანელოში ეტევა, რომ კითხვა „სექსის გარდა აბა რა აკავშირებს ქალს და კაცს?“ თითქმის თვითშეფასებად ისმის.

რეჟისორმა ნინო მაღლაკელიძემ სპექტაკლი ნამდვილ რევანშად აქცია და ე.წ. ძლიერ სქესს ხელთათმანი ცხვირთან აუთამაშა. ეს არის კომედია ბევრი ტრაგიკული სტიგმის ნელ-ნელა აცლით, მონოგამიურობის და პოლიგამიურობის ერთმანეთთან ფილოსოსფიური გათანასწორებით, ქალისკენ სავალი გზის დასახიჩრებული და ვულგარული ძებნით და მარტივად საშინელი ფორმულით : გააქრე ქალი და მამაკაცებში მშვიდობა დაისადგურებს 😊.

სულხან გოგოლაშვილის, ნიკა ძნელაძის, იოანე იმედაძის, გია საგინაშვილის, აბელ სოსელიას, ლექსო ჩემიას და ბაქარ დეისაძის სცენურ სახეებში, რა თქმა უნდა, არის ოსტატობის მეტ-ნაკლები სიძლიერე, მაგრამ საერთო ჯამში, მშვენიერი ანსამბლია.

მკაფიოა მამის(სულხან გოგოლაშვილი) არქეტიპული სახე, რომელსაც სხვადასხვა ცოლთან, საკუთარი გენის სხვადასხვანაირად გადანაწილებული გაგრძელება აქვს რანჟირებული (აბელის, ლექსოს და ნიკას გმირების სახით), რომელიც საკუთარ და ყველაზე „ალტერ ეგოს“ სწორედ პიესის ბოლოს აღმოაჩენს (ნიკა ძნელაძე) და ეს „აღმოჩენა“ ერთ-ერთ შთამბეჭდავ სცენად რჩება მთელი სპექტაკლის მანძილზე.

საინტერესო სახეს ქმნის გია საგინაშვილი, მისი ინფანტილური გულწრფელობის ნაზავი მსხვერპლობით, იოანე იმედაძე -ინტელექტუალურ-ჰუმანისტური გმირის შინაარსით, რომელიც მოულოდნელად „ყველაზე დიდი ყვერების“ პატრონის სტატუსს დაისაკუთრებს, ლექსო ჩემია – ყველასგან შერისხული ცოლის გამმართლებელი, მაღიარებელი ქმარი და მზრუნველი, აბელ სოსელია – პიესის დასაწყისში -ცოტა უსასოო მეცნიერ-მუშაკი, მამის ხატის ჩრდილი, საკურთხეველთან მიტოვებული, რომელიც ალაგ-ალაგ, შეცნობილად თუ შეუცნობლად ივიწყებს/ავიწყდება გმირის თანდაყოლილი ყოფითი უმწეობა და ბაქარ დეისაძე-  დაძაბული მუსიკოსი მისი რეფრენით „ჩიხში ვართ“.

სპექტაკლის გვირგვინია ძუძუებით ახუნძლული,  საშოს სიმბოლურ კონსტრუქციაში ამოსული სოფიო ჩირაძის ელეგანტური რძისფერით შემოსილი  ულამაზესი, სავსე ბიუსტი, როგორც საზოგადო ქალის ემბლემა და  ღრმა ვაგინაში ითრევს ბოლო მსხვერპლს (ნიკა ძნელაძე)….

ფაქტია: ეს სპექტაკლი მანამდე ატარებს მაყურებელს თეატრის სალაროსთან, ვიდრე კაცებს საკუთარი გენიტალიების დატოლება სასიამოვნო ჟრუანტელად დაუვლით ტანში და ქალებს, საკუთარი საშოს მდგმურების და საკუთარი საშოდან გამოსული მამრების „სირი“ „შე ჩემა“ და „ტრაკი“ ააკისკისებთ სხვადასხვა ქვეცნობიერი შურისძიებით.

მადლობა ნინოს, რომელმაც შეძლო ამ სპექტაკლის დადგმა და მესხიშვილის სარეპერტუარო ერთფეროვნების ახალი გამოწვევა. თუმცა, ვერ დავასრულებ ბლოგს ისე, რომ არ ვთქვა: ნინო მაღლაკელიძის პირველი ნაბიჯი ნამდვილად არის სულხან გოგოლაშვილის (მესხიშვილის თეატრის დირექტორი და მსახიობი) დიდი დამსახურება. იმ დროს თეატრში ვიყავი და კარგად მახსოვს, როგორ გაუღო კარი და როგორ მისცა საკუთარი ფრთა, რომელიც ასე საჭიროა შემოქმედებაში რეალიზებისთვის. „ტესტოსტერონი“-ს დადგმის პროცესის ორგანიზებულობაც, ბიუჯეტიც და მენეჯმენტიც, უდავოდ უპრეცედენტოა ჩვენს თეატრში, თუ არ ჩავთვლით სამხატვრო ხელმძღვანელების შემოქმედებით პროცესებს, რომელიც, ბუნებრივია, უფრო ხვავიანად მიმდინარეობს, ვიდრე სხვა რეჟისორების.

“ტესტოსტერონი“ წარმატებული სპექტაკლია. ამ წარმატებაში ბევრი ადამიანი მონაწილეობს(მაგრამ მთავარი, რა თქმა უნდა, რეჟისორია). ვისაც ეს „ტკივილიანი გზები“ გვინახავს, ვიცით რამხელა განსხვავებაა „კეთილ ნებასა“ და „უ-ნებობას“ შორის. მინდა, ეს იყოს ახალი ურთიერთობების დასაწყისი, რადგან წარმატება აკეთილშობილებს! მინდა გაკეთილშობილებულ მესხიშვილის თეატრში ჯანსაღი და თანასწორი კონკურენცია იყოს შემოქმედებით! მითუმეტეს, რომ ახალი ეტაპის წინაშეა! პრემიერის წინ, სამხატვრო ხელმძღვანელმა თეატრი დატოვა. და მინისტრი, სწორედ ამის შემდეგ, პირველად ეწვია ქუთაისის თეატრს. მართალია, დასთან ღია შეხვედრის გარეშე, მაგრამ ესეც ქვეტექსტური ავანსია – მომდევნო ნაბიჯისთვის.

ვგულშემატკივრობ მესხიშვილის თეატრის მომავალს, როგორც ჩემი ქალაქის მთავარი სცენის და შემოქმედების პირველსახეს!

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები