მთავარიახალი ამბებისლაიდი

ვერიკოს სინდრომი

ვერიკოს სინდრომი

არაფერია ისე დამაბნეველი და ამბივალენტური, როგორც ხელოვანის პოზიციონირება.

წინა კვირას, მაშინ როცა მესხიშვილში პრემიერის შესახებ ვწერდი, ვერიკო ანჯაფარიძის დაბადების დღე ყოფილა. ზუსტად აქ დაიწერა მასზე და წავიკითხე. წავიკითხე მისი ციტატაც “რა დაშავდება იმით, რომ ქუთაისი ზოგ რამეში გაუთანასწორდეს თბილისს?! – პირიქით, ამით ერი, ხალხი მოიგებს. უძველეს და კოლორიტულ ქუთაისს ამის ყოველგვარი საფუძველი აქვს”-ო და გავიფიქრე, რომ ბევრი რამის თქმის საშუალება იყო დღეს ჩემთვის ვერიკოს გახსენება.

რაც უფრო მეტს განიცდი  და კითხულობ ამ ადამიანებზე, თეატრალურ პერიპეტიებზე, მსახიობების და რეჟისორების ვნებათაღელვაზე, პირობითად სწორ და არასწორ გზებზე, თეატრის მართვის სტრატეგიებზე, მით უფრო სუსტდება რწმენა, რომ გამოსავალს იპოვი. ეს, თითქოს ტრადიციაა, რომელიც ან უნდა გაწირო, ან გაგწირავს. მგლური კანონი – ყველაზე ჰუმანისტურ სფეროში!

ესეც ეკლექტიკაა, ისე, როგორც ვერიკოს ციტატა – ქუთაისის თბილისთან გათანაბრებაზე. ვერიკოს და მისნაირ მსახიობებს, უნდა სცოდნოდათ, ვისთვის თამაშობდნენ. ვერიკოს, ქუთაისურმა წარმატებამ “ურიელ აკოსტას“ რეზონანსითაც კი, ვერ აუწონა თბილისური და მოსკოვური ხიბლები. აკაკი ვასაძე იგონებს, რომ როცა „დურუჯმა“ სწორედ ამ შეხედულებების მორღვევა სცადა თეატრალურ კოლექტივში/დასში, და გასტროლები „ქართული დრამის“ გადასარჩენად საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში დაგეგმა, სწორედ ვერიკო იყო, რომელმაც ქუთაისის და ბათუმის გარდა, სხვა გეოგრაფიულ ნაწილში დასახლებული მაყურებლისთვის „არ იკადრა“ თამაში.  მაგრამ წლების შემდეგ, იგივე ვერიკო იტყვის, რომ „ნამდვილი ხელოვანი ყველასთვის ერთნაირად იხარჯება“, რომ მისთვის ყველა „მაყურებელი ერთია“. როგორც თეატრმცოდნე ვასილ კიკნაძე წერს, თეატრში, როგორც წესი, დილით ერთს ამბობდნენ და საღამოს მეორეს. თუნდაც ეს ერთი და მეორე, დღე და ღამის განსხვავებით იყო.

ისტორია მეორდება. სულ. და მით უმეტეს, თეატრალურ წრეში. ბრძოლა „უკეთესობისთვის“, „პირველობისთვის“ – გაწირვით, ღალატით, შეტაკებით, დაუნდობლობით.

ვერიკო დიდი არტისტი ნამდვილად იყო! მაგრამ ჩვენ არ ვიცით, მისი თავგამეტებული „პირველობის“ და “ერთადერთობის“ დაუნდობელ, კულისებმიღმა აფეთქებულ აგონიებში, რომელი პოტენციურად „დიდი“ და “ნამდვილი“ შემოქმედი გადაიფარა. რა სევდაა.. მაშინ გადარჩენა მეფისტოფელთან გარიგებას ნამდვილად ნიშნავდა. არ დარჩენილა ადამიანი, რომელიც სისტემას არ შეეკრა და თუ არ შეეკრა და ღალატი არ ჩაიდინა, უბრალოდ გაიწირა (ზოგი სულაც უსახელოდ). სხვა თუ არ მოკლა, ე.ი. თვითონ მოკლეს. უპირობოდ. თეატრალური დაუნდობლობით.

არის ამ ალქიმიურ პროცესში რაღაც საშინლად მომხიბვლელიც და ამაზრზენიც. იშვიათია ისეთი რთული ტიპის პროფესია ადამიანად დარჩენისთვის, როგორც არტისტობა! უთანაგრძნობ იმ სიხარულისთვის, რომელსაც სცენიდან განიჭებს და ვერ ავითარებ სწორი და თანმიმდევრული ფასეულობებით სცენის მიღმა. მომხიბვლელია და სახიფათო! და თუ შედიხარ ამ პირველყოფილ გრძნობათა სტიქიაში, ობიექტური სიმართლით გადარჩენა გამორიცხულია!

ასე დაუდგა პირისპირ ვერიკოც სანდრო ახმეტელს. მიშა ჭიაურელის შეყვანაც იყო მისი მიზანი დიდ ქართულ თეატრში. აქედან დაიწყო და აღარ დამთავრდა ღალატი, ბრძოლა, ინტრიგები, არაღიარება, ჩასაფრება, გადაბირება, კონსპირაცია და ყველაფერი, რაც შედეგს ამახინჯებს, აკნინებს, აცამტვერებს. ერთს მეორე აყვა, მეორეს მესამე, მეოთხე, მანამ, სანამ ბერიამ არ ათრია „დურუჯის“ პირველი დამფუძნებელი, ქართული თეატრის მხრებგაშლილი რეფორმატორი  და არ დაულეწა ძლიერი ხერხემალი.

ქართულ სახელმწიფო თეატრში დღესაც ის დროა. დილას სხვა აზრია ნათელი, და საღამოს – სხვა. ბრძოლა ახლაც გარდაუვალია. კონსპირაციებიც და „პრიმა“-ობისთვის ყველა გზაზე სიარულიც.

არაფერი შეცვლის ამას თეატრალური უნივერსიტეტის საფუძვლიან რეფორმამდე. იგივე სულისკვეთებით გაზრდიან, იგივე „ყნოსვას“ და „მარადიული მოწაფეობის“ სტიგმას გამოაყოლებენ ზრდასრულ ადამიანებს – მსახიობებს, რეჟისორებს. პროფესიულ სიმწიფემდე და პროფესიულ ცდამდე ეტყვიან

კომფორმისტს და ფარისეველს, რომ „ტალანტია“ და სხვას “უნიჭობის“ მოურჩენელ ტრავმას აკიდებენ სამარადისოდ. არ დააჯერებენ, რომ სამყარო შეიცვალა (ან, იქნებ არც შეცვლილა), რადგან იქ (სახელოვნებო გზის ნაციონალურ დასაწყისში)  ყველაფერი ისევ სტალინური სულის- მონუმენტური და უძლეველია. რადგან მათ იციან ქართული თეატრის ისტორია: თუ არ გაწირე, გაიწირები. მგლური კანონია! ☹

ჩვენი თეატრი ისევ ახალ ხელმძღვანელს ელოდება.

ჩვენი თეატრი ბუნტის გარეშე დარჩა ახალი ეტაპის მოლოდინში. არავინ არავის დაპირისპირებია ამჯერად ცხადად და ვნებიანად.. თავისთავად წავიდა .. თავისთავად მოხდა.. ახალი ეტაპიც თავისთავად დაიწყება და ამ „თავისთავადობაში“ აუცილებლად დაიბადება „გმირების ლეგენდა“, რომელმაც თითქოსდა შეცვალეს გარემო 😊 . არადა, ცვლის ის, ვინც ნამდვილად ცვლის 😊.

სიამოვნებით გავერეოდი ამ ალქიმიურ პროცესში, რომელიც ერთნაირად მომხიბვლელიც არის და ამაზრზენიც. და ახმეტელივით, მაინც ვცდიდი ახალი წესებისთვის თავის გაწირვას, თუნდაც ასი ვერიკო დამდგომოდა წინ 😊

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

 

კომენტარები