“პუტინის რეჟიმს რაც დაანგრევს, ნებისმიერი პროცესი და ნებისმიერი ადამიანი მისასალმებელი და მისაღებია ჩემთვის”, – ასე ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი გიორგი თევდორაძე რუსეთში განვითარებულ მოვლენებსა და საქართველოს ხელისუფლების დუმილს.
“ის, რაც ხდება რუსეთში, არის იმ დანაშაულებრივი და ყოველგვარ პრაგმატიზმს მოკლებული პოლიტიკის შედეგი, რასაც პუტინის რეჟიმი ეწევა ბოლო ორი ათწლეულია, როდესაც მეზობელი ქვეყნების შევიწროების და ავტორიტარიზმის საფუძველზე უნდა საბჭოთა კავშირის მსგავსი ტოტალიტარული რეჟიმის არსებობა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან არაორგანული და შეუთავსებადია, თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროსთან და ეს ბუნებრივია, მივიდოდა იმ შედეგამდე, რა შედეგამდეც მივიდა. ასევე ლოგიკურია, თუმცა ცუდია ეს სამოქალაქო ომი. პუტინის რეჟიმს რაც დაანგრევს, ნებისმიერი პროცესი და ნებისმიერი ადამიანი მისასალმებელი და მისაღებია ჩემთვის.
საქართველოს ხელისუფლება კვლავ თავისი უხერხემლო პოზიციით გამოირჩევა. ირაკლი კობახიძე კი მშვიდობაზე და სტაბილურობაზე გვესაუბრება. საქართველოს ხელისუფლება კონკრეტულ პოზიციონირებას უნდა ახდენდეს, ზრუნავდეს ქვეყნის საზღვრების გამაგრებაზე და საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე, თუმცა ისინი ძირითადად პუტინის რეჟიმის გულშემატკივრობით არიან დაკავებული. მგონია, რომ ყველაფერი ამის ფონზე დაიწყება ძალიან დიდი უკრაინული კონტრშეტევა და გარღვევა ფრონტზე, რომელიც საბოლოო ჯამში რუსეთის ძირგამომპალი რეჟიმს დაასრულებს”, – განაცხადა გია თევდორაძემ.
ევგენი პრიგოჟინის “ვაგნერს” და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შორის კონფლიქტმა პიკს 23 ივნისს მიაღწია. პრიგოჟინმა რუსი სამხედროები “ვაგნერელების” უკანა პოზიციებზე დარტყმაში დაადანაშაულა, რასაც უამრავი დაქირავებული მებრძოლის დაღუპვა მოჰყვა. ამის შემდეგ დაქირავებულთა ხელმძღვანელმა “მოსკოვისკენ წასვლა“ გამოაცხადა.
ჯერჯერობით ცნობილია, რომ დაქირავებულებმა უკვე დაიკავეს როსტოვი. მედია წერს ვორონეჟის შესახებაც.
პრიგოჟინის თქმით, “ვაგნერელები” მოსკოვში წავლენ იქამდე, ვიდრე თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს და გენერალური შტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს მათ არ გადასცემენ.
“ვაგნერის” აჯანყებას გამოეხმაურა პუტინი, ისინი რუსეთის ზურგში დანის ჩარტყმაში დაადანაშაულა და ტრადიციულად პირობა დადო, რომ “დაიცავს რუსეთს და ყველა პასუხს აგებს”.
პუტინის საპასუხოდ პრიგოჟინმა განაცხადა, რომ “ჩაბარებას არავინ აპირებს”, რადგან არ სურთ, ქვეყანა კორუფციაში, სიცრუესა და ბიუროკრატიაში ცხოვრობდეს.
უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოსკოვი სამხედრო ძალებით იზოლაციაშია და ალყისთვის ემზადება.
კომენტარები