მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პედრო – ქუთაისური რომანტიზმის კავალერი

პედრო – ქუთაისური რომანტიზმის კავალერი

მოდით, ჯერ იმაზე შევთანხმდეთ, რას ნიშნავს კოლორიტი. ენციკლოპედიების და ლექსიკონების გარეშე.

ქუთაისში ეს სიტყვა უყვართ.

კოლორიტიც ალბათ, ისაა, განსაკუთრებულ განწყობას რომ გიტოვებს, გამახსოვრდება, გხიბლავს და მიგყვება. ჩვენი პერსონაჟიც ასეთია. ისტორიული უბნის დარბაისელი ბინადარი. Coffee Bean-ის საზოგადოების ერთი გამორჩეული წევრი, რომელსაც თანასწორად ეპყრობიან ამ არტისტული ნიჭით სავსე ქალაქში.

არასდროს დამიწერია იმაზე, ვინც არ ლაპარაკობს.  სიყვარულისთვის მე სიტყვა მჭირდება, აზრის გაცვლა, ან საუკეთესო შემთხვევაში – იუმორის. პედროს ეს უნარები არ აქვს. მაგრამ პედრო ელიტური „ბირჟის“ აღიარებული ავტორიტეტია. და თუ ვინმეს სულების გადასახლების და რეინკარნაციების სჯერა, პედრო აგულიც არის, პიპინიაც და დიმიტრი გელოვანიც.

ნინო ჭოლაძის კაფესთან გავიცანი. ხუთი წლის წინ მოსულა პირველად და სახელიც აქ დაარქვეს. მერე საზოგადოება „ქუთაისელის“ ოფისში ვნახე. დღის ერთ მონაკვეთში სხვა თაობის ინტელიგენციის გარემოში სეირნობსთქო, გავიფიქრე. იქაც ზომიერი შინაურობით ჰქონდა სადარბაზოს ცენტრალური ადგილი. თოჯინების თეატრიც მისი სახლია. გია წკეპლაძის პატივისცემით, იქაც აქვს მეგობრის სტატუსი. უქმე დღეებში „რეფლექტორის“ სტუმარია. საკუთარი პრიორიტეტები აქვს და განწყობის მიხედვით ქუჩას, სამწერლო გარემოს და ელექტრონულ მუსიკას საკუთარი სურვილით ანაცვლებს ერთმანეთს. და ყველგან იცნობენ.

ეს პედროა და პედრო კოლორიტია.

ეტყვის ნინო – გააცილეო, ჩვენზე, ან სხვაზე  და გალანტური კავალერივით მოგყვება სახლამდე. მოგყვება და დაბრუნდება კეთილშობილი რაინდივით. უხმოდ.

სატვირთო მანქანები არ უყვარს პედროს. ცუდ ასოციაციებს აღვიძებს მის ემოციურ მეხსიერებაში. და ალბათ, ვერც ქვაფენილიან უბანს მოუხდინა, ძველი შენობებით. უყეფს. მისი წესრიგი აქვს, მისი ესთეტიკა. ყველას სახელებით იცნობს Coffe Bean-ის „ბირჟაზე“. იცის კარგის და ცუდის გარჩევა. ადამიანებსაც ირჩევს. ისე არ გეგონოთ, ყველასთან მეგობრობდეს. სანდოობისთვის დრო და კიდევ რაღაც აუხსნელი მისტიკა სჭირდება. ქუდიან კაცებს აიძულებს, ქუდი მოიხადონ. ეს პედროს დრესკოდია და ყველა თანხმდება.

რამდენიმე კვირის წინ პედრო დაიკარგა.

მოდიოდნენ, კითხულობდნენ. ფოტოებს ავრცელებდნენ, მანქანით ეძებდნენ. მოკლედ, იმერული თავაზიანობის გამო კი არა, პედროს დაკარგვამ ნამდვილად შეცვალა ნინოს კაფესთან საზოგადოების დღის რეჟიმი.

– პედრო არ გამოჩენილა?

პირველი ეს შეკითხვა იყო, როგორც აქაური საზოგადოების „ნამდვილი წევრობის“ დამადასტურებელი მესიჯბოქსი და მერე თხოვნა – “ამერიკანო” დარიჩინით,  ცივი რძით,  ვისკით და სიგარეტით, კაპუჩინო, ან ორმაგი ესპრესო უშაქროდ და ასე შემდეგ.

მარტო პედროს მოკითხვა არა, გულშემატკივრები დიდი ხნით „ბირჟაზე“ დგომასაც არიდებდნენ თავს. ნინოსი რცხვენოდათ, რომ ამ პატარა ქალაქში დაკარგული კოლორიტი ვერ იპოვეს. და ყველა თავიდან ჰყვებოდა ბოლოს სად და როგორ ნახა ის. პედროს გამოსახულებით იმ დღეებში პოლიმერული თიხისგან ბროშებიც დაამზადა ერთმა. ფოტოები ხელიდან ხელში და „ვოლიდან ვოლზე“ გადადიოდა.

არადა პედრო წმინდა ნინოს ქუჩიდან ერთ შემოქმედებით ჯგუფს ასე, უცერემონიოდ გაჰყვა აეროპორტში გადაღებებზე. იმოგზაურა რამდენიმე ნაცნობი სახით შეთამამებულმა. ალბათ, იფიქრა, რომ მის გამორჩეულ ბიოგრაფიას ეპიკური ნარატივისთვის ერთი შთამბეჭდავი ოდისეა არ აწყენდა, როგორც გამოცდილების ჟანრი და დრო გაექცა. იხეტიალა  სადღაც, საკუთარი მითების ნიმფებში და ციკლოპებში. იქნებ, როდისმე მოჰყვეს კიდეც. პედრო, ხომ უჩვეულოდ უცნაური არსებაა. ბევრი გადასახლებული სულის ერთად მატარებელი.

ბოლოს ერთმა კეთილმა ადამიანმა მიაგნო. დაფნარში. მიაგნო და თხოვა სახლში დაბრუნება.

ნინო მიყვება, რომ პედრო დათრგუნა ამ მოგზაურობამ უცხო გარემოში და ახლა სიმშვიდე სჭირდება. დღეს ვინახულე. ჩვეული სიდარბაისლით იჯდა  Coffee Bean-ის ლამაზი დიასახლისის ფეხებთან და აქაური ტრადიციების აღდგენით იყო დაკავებული. დაღლილია საკუთარი ოდისეით.

შეიძლება, ამ შაბათს “რეფლექტორში“ წასვლაზეც უარი თქვას.

ეს პედროა – ქუთაისური რომანტიზმის უცნაური კავალერი…

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები