მარიკა ბარათაშვილი – ქართველი პოეტი, დრამატურგი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.
დაიბადა 1908 წლის 7 აპრილს, ჭიათურაში, სოფელი მერევში.
1945 წელს დაამთავრა თსუ-ის დაუსწრებელი პედაგოგიური სექტორის ფილოლოგიური ფაკულტეტი. 1965–1991 წლებში ჟურნალ “საქართველოს ქალის” რედაქტორი იყო. მისი პირველი ლექსი 1936 წელს გამოქვეყნდა, ლექსების პირველი კრებული – 1945 წელს.
დიდი პოპულარობა მოიპოვა ბარათაშვილის პიესამ “ჭრიჭინა” (1950, მარჯანიშვილის სახელობის თეატრი), რომელიც დადგა ბევრმა უცხოეთის თეატრმა, ითარგმნა რუსულ, უკრაინულ, იტალიურ, ესპანურ, ჩინურ და სხვა ენებზე. პიესის საფუძველზე გადაიღეს ფილმი ჭრიჭინა.
აღსანიშნავია ბარათაშვილის ლექსთა კრებულები: “ლექსები“ (1948), “საპოვნელა“ (1958), “დღე დღევანდელი“ (1969), საბავშვო ლექსებისა და პოემების კრებულები “ნანული“ (1941), “სოფელა, თინა და ჭიანჭველები“ (1949) და სხვა. ჩვენი რესპუბლიკის თეატრების სცენაზე დაიდგა ბარათაშვილის პიესები “ჩემი ყვავილეთი“, “სართულები“, „მაღალი ოცნება“, “რატომ?“, “სიყვარულის წისქვილი“, „ჩქარი მატარებელი“ და სხვა.
ბარათაშვილი დაჯილდოებულია “საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლებით. მინიჭებული ჰქონდა საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, საქართველოს სახელმწიფო, აკაკი წერეთლის, ვაჟა-ფშაველასა და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიები, ღირსების ორდენი.
მარიკა ბარათაშვილი 2008 წლის 30 დეკემბერს 100 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ფოტოზე: დოდო ჭიჭინაძე, მედეა ჩახავა, მარიკა ბარათაშვილი და ლეილა აბაშიძე
კომენტარები