გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2023 წლის 4 სექტემბრიდან 2024 წლის 4 თებერვლის ჩათვლით დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 3 533 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა.
დეპარტამენტის თანამშრომლები გამონაბოლქვის კონტროლს საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ახორციელებენ.
“დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი – 1614 ჯარიმა დაწერეს თბილისში მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლების/მფლობელების სახელზე; 769 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 646 – ბათუმში, 504 კი – ქალაქ რუსთავში.
3 533 საჯარიმო ქვითრიდან 3 030 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე დაიწერა; 503 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2033 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 1297 – მიკროავტობუსის, 202 – სატვირთო ავტომობილის, 1 კი, ავტობუსის მძღოლის სახელზე”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი.
იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს, ჯარიმის ოდენობა, 20%-ით შეუმცირდება.
კომენტარები