1918 წლის 26 მაისს საქართველომ აღადგინა თავისი უძველესი სახელმწიფოებრიობა, რომელიც 117 წლის მანძილზე უკანონოდ და ძალადობრივად იყო გაუქმებული რუსეთის მიერ. ერთ საუკუნეზე მეტი დროის განმავლობაში რუსეთის იმპერია მიზანმიმართულად აწარმოებდა კოლონიალისტურ რუსიფიკატორულ პოლიტიკას, რომლის ფარგლებში მიმდინარეობდა რუსული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან საქართველოში ქართული ენის ჩაგვრა და რუსული ენის მასობრივი და ოფიციალური გამოყენება. ამ ფონზე 1918 წლისთვის აუცილებელი გახდა, რომ დამოუკიდებელ საქართველოში მოსახლეობის სხვადასხვა ფენაში ქართული ენის ცოდნის გაძლიერება-განმტკიცების მიზნით შექმნილიყო ქართული ენის კურსები, რომელიც დაარსდა ასევე ქუთაისში.
იმ დროისათვის ყველა ხვდებოდა საქართველოში, რომ ქართული ენა, როგორც ჩვენი დედაენა და ასევე სახელმწიფო ენა, სათანადო დონის სიმაღლეზე უნდა ყოფილიყო შესწავლილი მოქალაქეების მხრიდან. სწორედ აღნიშნულ საქმეს ემსახურებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ უმოკლეს დროში, 1918 წლის ივნისში, ქუთაისში ქართული ენის კურსების დაარსება, რომელიც გახსნა ცნობილმა ქართველმა საზოგადო და სასულიერო მოღვაწემ, დეკანოზმა მელიტონ კელენჯერიძემ.
ქუთაისში ქართული ენის კურსების გახსნიდან დაახლოებით ერთი კვირის გასვლის შემდგომ მსმენელთა რიცხვმა უკვე 100 ადამიანს გადააჭარბა და მათი რაოდენობა დროსთან ერთად კიდევ იზრდებოდა. მსმენელთა უმრავლესობა ჩამოსული იყო რაიონებიდან და სოფლებიდან, მათ შორის არაერთი მღვდელი გახლდათ. ლექციებს ყველა მსმენელი დიდი ყურადღებით ისმენდა და სრულად იყო ჩართული სასწავლო პროცესში.
სულ მალე მსმენელთა რაოდენობა ქუთაისის ქართული ენის კურსებზე იმდენად გაიზარდა, რომ არსებული დარბაზის სივრცე მათ აღარ ჰყოფნიდათ, თუმცა, კურსების ხელმძღვანელობა არცერთ მსურველს ტოვებდა სასწავლო პროცესში მონაწილეობის გარეშე.
სამწუხაროდ, დასავლეთ საქართველოს საშუალო სასწავლებლების მასწავლებლების კავშირი სათანადოდ არ თუ ვერ დაუდგა გვერდით ამ ძვირფას საქმესა და წამოწყებას, თუმცა, დეკანოზმა მელიტონ კელენჯერიძემ შეძლო, რომ რუსეთისგან ახალგათავისუფლებულ საქართველოში ნამდვილად ისტორიული მისია შეასრულა ქართული ენის მოსახლეობისათვის შესწავლა-პოპულარიზაციის საქმეში ქუთაისიდან თითქმის მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით.
ქუთაისის ქართული ენის კურსების დამაარსებელი და ხელმძღვანელი დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე (დ. 1864 წლის 5 თებერვალს, სოფ. ტაბაკინში (ამჟამინდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეების საქართველოს ეკლესიის ერთ-ერთი ცნობილი და ღვაწლმოსილი სასულიერო პირი გახლდათ. მან დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, ხოლო შემდგომ დაასრულა კიევის სასულიერო აკადემია. გარდა სასულიერო მოღვაწეობისა, ის არაერთგან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. მამა მელიტონი ასევე გახლდათ ცნობილი მეცნიერი და მკვლევარი, თეოლოგი და ფოლკლორისტი. მის კალამს ეკუთვნის არაერთი საისტორიო თუ სხვა შინაარსის ნაშრომი, მათ შორის წიგნები, სახელმძღვანელოები, სტატიები. დეკანოზ მელიტონ კელენჯერიძის მრავალმხრივი სასულიერო, სამეცნიერო, პედაგოგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინება იყო ქუთაისის ქართული ენის კურსების დაარსება და მოქმედება, ვიდრე საქართველოში საბჭოთა რუსული საოკუპაციო რეჟიმის დამყარებამდე. მამა მელიტონი გარდაიცვალა 1942 წელს 15 აგვისტოს თბილისში.
ქუთაისის ქართული ენის კურსებზე სწავლით არაერთ პიროვნებას, როგორც საერო, ისე სასულიერო სივრციდან მიეცა შესაძლებლობა, რომ განემტკიცებინა მშობლიური ენის ცოდნა და გამოეყენებინათ თავიანთ საქმიანობაში.
ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი
ფოტოზე: ქუთაისის ქართული ენის კურსების დამაარსებელი და ხელმძღვანელი, დეკანოზი მელიტონ კელენჯერიძე
კომენტარები