მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

სამტრედიაში, ჩანგრეული ხიდის აღსადგენად საპროექტო კვლევებში ევროპელი სპეციალისტები ჩართეს

სამტრედიაში, ჩანგრეული ხიდის აღსადგენად საპროექტო კვლევებში ევროპელი სპეციალისტები ჩართეს

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე დაზიანებული მშენებარე ხიდის აღსადგენად, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საპროექტო კვლევებისთვის ევროპელი სპეციალისტები მოიწვია.

“ქართველი, ავსტრიელი და გერმანელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებული საერთაშორისო ჯგუფი, ხიდის აღდგენის პროექტის შესამუშავებლად, სტრუქტურულ, გეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და სხვა ტიპის კვლევებს ჩაატარებს.

მშენებარე ხიდის ბურჯისა და მალების ჩავარდნის მიზეზების დასადგენად საექსპერტო კვლევა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ 2023 წლის დეკემბერში დაასრულა. მოცემულ ეტაპზე, მოწვეული ევროპელი ექსპერტები კომპლექსურ საპროექტო საველე კვლევით სამუშაოებს ჩაატარებენ, რის საფუძველზეც შემუშავდება ხიდის აღდგენის პროექტი.

ამასთან, ხიდის ბურჯისა და მალის ჩავარდნის ფაქტზე გრძელდება გამოძიება. პარალელურად კი, ზიანის ანაზღაურების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაწყებული აქვს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებები.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა, რომელიც, საერთო ჯამში, 52 კმ-იანი მონაკვეთისაგან შედგება, ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი გზისა და სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდინარე ოჩოფასთან იწყება და  გრიგოლეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსასთან მთავრდება. პროექტი  4 მონაკვეთად (ლოტად) ხორციელდება. სამტრედია-გრიგოლეთის გზის მეორე და მეოთხე მონაკვეთებით ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს”, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალზე ხიდი გასული წლის თებერვალში ჩავარდა. მდინარეში გადავარდნას შემთხვევით გადაურჩა სატვირთო ავტომობილის მძღოლი.

კომენტარები