მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი”

“არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი”

სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ, საუბარი, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, წარმოუდგენელი ტყუილია, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია სრულად იყო დათვალიერებული, დრონების საშუალებით ყველა ოპერაციის ჩატარება შესაძლებელი იყო.

“ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმარტავ, რაშია საქმე. არსებობს დრონები, რომლებიც აქვს სამაშველო სამსახურს, ასევე ვერტმფრენები. როდესაც საუბარია ვერტმფრენებზე, ღამის ხედვის საშუალებით, აქ საუბარი არ არის მაინცდამაინც პროჟექტორებზე. არის სპეციალური აპარატურა, რომელიც დამონტაჟებულია ვერტმფრენში და იძლევა უბრალოდ ობიექტების იდენტიფიცირების საშუალებას, ეს არის და ეს. ზუსტად იმავეს გაკეთება, ბუნებრივია, შეუძლია დრონს. ვერტმფრენი თავის ღამის ხედვის აპარატურით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საჭიროა იდენტიფიცირება და ამ იდენტიფიცირებული ობიექტის ლოკაციიდან მყისიერად გამოყვანა.

გამომდინარე იქიდან, რომ ტერიტორია სრულად იყო დათვალიერებული მანამდეც, დრონების საშუალებით ყველა ოპერაციის ჩატარება იყო შესაძლებელი და ვერტმფრენების ჩართვას უბრალოდ არ ჰქონდა დამატებითი, რაციონალური საშუალება. ეს არის ის, რაც განმარტა შს მინისტრმა.

მანამდე შეგახსენებთ, საღამოს 20:00 საათისთვის იყო საშუალება, სრულად დათვალიერებულიყო როგორც ღვარცოფის მასის არეალი, ასევე დამატებით გარშემო სივრცეც, როგორიც არის ტყის მასივი და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, ამაზე საუბრობდა შს მინისტრი, რომ ყველა რესურსი იყო გამოყენებული, ყველაფერი, რისი იდენტიფიცირებაც იყო შესაძლებელი. მოხდა ყველაფრის იდენტიფიცირება, ამიტომ აღარ იყო საჭირო რაიმე დამატებითი რესურსის ჩართვა. რომ ყოფილიყო მაგალითად ვერტმფრენები ღამის ხედვის აპარატურით, თუნდაც მეზობელი ქვეყნებიდან შეიძლებოდა ამის მობილიზება, მაგრამ ამის საჭიროება არსებული ვითარების სპეციფიკის გათვალისწინებით, უბრალოდ არ არსებობდა.

ასევე იყო სპეკულაციები. არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. უბრალოდ შეუძლებელია, ასე განვითარებულიყო იქ პროცესები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სტიქია იყო მყისიერი და სამწუხაროდ, იმ ადამიანებს, ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ. საუბარი, რომ ვიღაც სამი საათი ებრძოდა სტიქიას, არის წარმოუდგენელი ტყუილი“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები