მთავარიახალი ამბებიიმერეთი

არატრადიციული ტრადიციის ამბავი, ანუ გაბედე და გაიმარჯვებ!

არატრადიციული ტრადიციის ამბავი, ანუ გაბედე და გაიმარჯვებ!

რამდენიმე ხნის წინ infoimereti-ის ერთ-ერთ ბლოგში წავიკითხე ქუთაისში პირველი საბალეტო სპექტაკლი 1973 წელს რომ გაიმართა. და ამ მოვლენამ ბრწყინვალე წლები და შთამბეჭდავი ისტორიები ვერ მიითვალა ჩვენი თეატრალური ქალაქის ბიოგრაფიაში, სამწუხაროდ. არადა, იყო..

ნიჭი დარჩა. ბალეტი არა.

და ახლა თავიდან ვიწყებთ იმ ზღაპრის მოყოლას, ჯადოსნური ჯოხივით რომ შეეხო ქუთაისს და უკვე მეოთხედ, ამბიციური არაბესკებით და პირუეტებით შემოუფრინა აქაურობას.

პრელუდია – ყავა თაფლით

2010 წელს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მესამე კურსელ ნატალი პატარიძეს მის მეგობრებთან ერთად  ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სიცოცხლის გადარჩენა მოუწია. იმ სპეციალობის, რომელიც ცხოვრების მომავლისთვის ზუსტად ამ ვნებისაღმძვრელი სახელით აირჩია. ახალგაზრდებმა სტიპენდიის ფული შეაკოწიწეს და ონლაინ, გერმანულ არქივებში დაცულ დოკუმენტაციაზე – ძირითადად გენიოსების სასიყვარულო წერილების თარგმნაზე დაიწყეს მუშაობა გერმანისტების დახმარებით. რექტორატის და აუდიტორიის გაოცება უნდოდათ! მერე წიგნად აქციეს და პერფორმანსზე ოცნებაც გაბედეს ცნობილი არტისტების დახმარების იმედით. როგორც ხდება ხოლმე, რამდენიმე „ცნობილმა“ ახალგაზრდების  „უფასო“ ექსპერიმენტისთვის თავი არ შეიწუხა. სტუდენტები ამან არ გატეხა და ნატალი იხსენებს, როგორ მიწერა პირდაპირ თხოვნით ნატა მურვანიძეს. პასუხიც მკაფიო იყო – “ჩამოდით. ვისაუბროთ“.

ნატალია მიყვება მის პირველ სტუმრობას საოცარ სახლში, რომელიც ნამდვილი ხელოვნების სავანეა. მიყვება, ერთ ცივ და წვიმიან დღეს,  როგორ ჩავიდა პატარა ენთუზიასტი სინათლით სავსე, ნამდვილი ადამიანების უსაზღვროდ თბილ გარემოში, არაჩვეულებრივი გენის შემოქმედთან და პირველად დალია მისი ხელით გაზავებული ყავა თაფლით.

რა თქმა უნდა, ამ ისტორიაში, ყველაზე მეტად ის მხიბლავს, რომ ნატა მურვანიძე, ის „მოხალისე“ აღმოჩნდა, რომელიც სტუდენტივით აინთო ენთუზიასტების სურვილზე. ჩამოვიდა შვილთან (რეჟისორი დათა თავაძე) და მის თანაკურსელებთან ერთად და ქუთაისელი ხელოვნებათმცოდნეების  დაუვიწყარი პერფორმანსიც ითამაშა.  ზუსტად იმ ხარისხით და ოსტატობით, ზუსტად იმ ნერვით, როგორც ივდითი და სხვა, მისთვის ასე მნიშვნელოვანი როლი დიდ სცენებზე.

ბალეტის ჰაეროვანი გზა

პრელუდიითაც მიხვდებოდით, რომ ნატალის შეუძლებელი საქმეების შემოქმედობა უყვარს. და რომ უყვარს, გამოუდის.  იმასაც მიხვდებოდით, რომ ნატა მურვანიძის გზა, აუცილებლად მიგვიყვანდა უსაზღვროდ მომხიბვლელ მაკა მახარაძემდე. ჯადოსნური სიტყვა აქ მხოლოდ “ბალეტია“, რომელმაც ჯერ გაუბედავად, მერე კი უფრო და უფრო მეტი ფერით გაანათა ახალგაზრდული ცენტრი. ეს იყო ნატალის და ხათუნას (ხათუნა სოფრომაძე) წარმოუდგენლად რევოლუციური ოცნების დასაწყისი კიდევ უფრო წარმოუდგენელი და რევოლუციური გაგრძელებით – ბალანჩინის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალის სტარტამდე!

“2017 წლის იანვრის ბოლოს, უცებ წამოვხტი იმ ნაცრისფერ შენობაში და ხათუნას ვეუბნები – ჩვენ უნდა გავაკეთოთ ბალეტის დღესასწაული ქუთაისში! და ხათუნა ის ადამიანია, რომელიც ყოველთვის მიჯერებს თითქმის დაუჯერებელსაც და ერთად ვიწყებთ მოქმედებას“

ამის შემდეგ, პირველს, ვისაც „გიჟური იდეა“ გაანდეს გოგოებმა, დიდი და კეთილი ფერია – მაკა მახარაძე იყო. “ვაიმე. ბალაჩინის ფესტივალი?“ ოდნავ დაფიქრდა და „გავაკეთოთ!“ თქვა ისე, რომ მისი თანხმობის შეეშინდა. მაკას საჩუქარი იყო ფესტივალის მთავარი და ორგანიზაციული ფუძე

ტატიანა სტეპანოვაც, რიგის საერთაშორისო ქორეოგრაფიული კონკურსის დირექტორი, რომელმაც პირველივე წლიდან უზრუნველყო ევროპული სკოლების ჩართულობა ბალანჩინის ფესტივალში.

“და ჟიური იყო ჩვენი თავხედობის შედეგი. შტურმით ვიღებდით ავტორიტეტებს, ვუყვებოდით ქუთაისზე პირდაპირ, დაუღალავად და ამაყად ვახსენებდით ბალანჩინის სახელს. ასე მოხვდა ჩვენს ფესტივალში და ჩვენს ქალაქში ლა სკალას საბალეტო სკოლის დირექტორი ანა მარია პრინაც, ამსტერდამის ევროპული საბალეტო სკოლის დირექტორი ჟან იან ესკერიც, მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავი ირმა ნიორაძეც ასე გახდა ჩვენი ფესტივალის სახე! და ჩვენს „თავხედობას“ ემატებოდა ქალბატონი მაკა მახარაძის უსაზღვრო კონტაქტები და მის მიმართ საზოგადო სიყვარული და პატივისცემა, რომელიც უანგაროდ ემეტება ჩვენთვის. გაგვიმართლა, რომ მას, როგორც ნამდვილ შემოქმედს, შეუძლია დაუჯერებლის დაჯერება!“

და დაიწყო მოულოდნელობებით სავსე საფესტივალო გზა. ახალი, უცნობი, ბრჭყვიალა და ოვაციით სავსე.

ფესტივალი თავიდანვე ცდილობდა დამოუკიდებლად დამკვიდრებას. ახალი ფორმებით, სწორი სტანდარტებით, პარტნიორობის ახალი კულტურით.

ყველა, ვინც ჩამოდიოდა და ყველა, ვინც გვერდით ედგათ, მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც  ხვდებოდა, რომ რაღაც ახალი იბადებოდა, ახალი ნიშნული ჩნდებოდა კულტურის დიდ რუკაზე.

ფესტივალის გრან-პრი და პრიზები მიდიოდა ამერიკაში, გერმანიაში, ბალტიისპირეთში, პოლონეთში, იაპონიაში.

მანამდე თბილისის საბალეტო კონკურსებზე “დაცინვაგადატანილი“ ქუთაისური ბალეტის ფუძემდებლები, ორი წლის შემდეგ „ბალეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“ დაჯილდოვდნენ!

სოფო ფირცხალაიშვილი ახლა ბევრი თაობის საყვარელი პედაგოგია ახალგაზრდულ ცენტრში. არადა, იყო დრო, როცა მშობლების ნაწილი, „პაჩკის“ სიმოკლესაც კი აპროტესტებდა და რომ არა მაკა მახარაძის ავტორიტეტი, ალბათ, საბალეტო კულტურის მიღებას/აღდგენას ჩვენთან ცოტა იმაზე უფრო მეტი დრო დასჭირდებოდა, ვიდრე დასჭირდა.

მაგრამ ეს იყო მანამდე, ვიდრე ბალანჩინის ფესტივალი პუანტეიან ფეხს მოიკიდებდა ქუთაისის სცენაზე.

ბალანჩინის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი სრულიად ახალი ისტორიის დასაწყისია ამ ქალაქის კულტურულ ბიოგრაფიაში. ის შეცვლის თაობებს და ქუთაისის საკუთრების დიდ ნაწილად აქცევს ეკატერინე მედიჩის დროს იტალიიდან საფრანგეთში გამოტაცებულ ხელოვნებას, სამეფო ცეკვას, კლასიკურს, ნეოკლასიცისტურს, რომანტიზმით შთაგონებულს და ბალანჩინისგან გაახალგაზრდავებულს. ბალეტს, როგორც ცეკვის განსაკუთრებულ ენას, რომელიც ასე ნაზ და ძარღვიან ფერებად იღვრებოდა მესხიშვილის დიდ სცენაზე წელს – რიგით მეოთხე დღესასწაულად!

დამოუკიდებლობა ფესტივალს სხვანაირ ხიბლს სძენს. ფესტივალს და შემოქმედებას, ზოგადად.  ასეც უნდოდათ მესვეურებს და ასეც იყო მისი დაბადებიდან ყოველთვის, მაგრამ პანდემიის მერე, რთული გახდა წამოდგომა. საბედნიეროდ, ქუთაისის მერმა მოისაკლისა ეს ტრადიცია წელს და მისი მხარდაჭერა და სიტყვა მართლა გადამწყვეტი აღმოჩნდა ძალების თავიდან მოკრებისთვის.

წარმატებების ზღვა ამ შესანიშნავი ხელოვნების დაუვიწყარ  დღეებს და მის შემოქმედ ჯადოქრებს ჩვენს თეატრალურ ქალაქში!

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები