მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“აუცილებელია, რომ ხალხი შემოგვიერთდეს, ეს მარტო ჭიათურის პრობლემა არ არის”

“აუცილებელია, რომ ხალხი შემოგვიერთდეს, ეს მარტო ჭიათურის პრობლემა არ არის”

​გაფიცული მაღაროელები 16:00 საათზე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ცენტრალური ოფისისკენ მსვლელობით გადაინაცვლებენ.

როგორც მაღაროელები აცხადებენ, ეს მხოლოდ მათი პრობლემა არაა და მოსახლეობას მოუწოდებენ, რომ შეუერთდნენ.

“4 საათზე ვიწყებთ მსვლელობას პარლამენტიდან “ჯორჯიან მანგანეზის” ოფისამდე. იქიდან დავბრუნდებით ისევ პარლამენტის შენობის წინ და აქ უკვე გავმართავთ მშვიდობიან აქციას. აუცილებელი არის, რომ ხალხი შემოგვიერთდეს. ეს მარტო ჭიათურის პრობლემა არ არის, მთლიანად მუშათა კლასის პრობლემა არის და უნდა დაგვიდგეს გვერდში, ალბათ, სულ ყველა, დაგვეხმაროს ამ პრობლემის გადაჭრაში”, – აცხადებს აქციის მონაწილე ალექსანდრე ჩაგელიშვილი.

უკვე მე-15 დღეა, რაც მაღაროელები საპროტესტო აქციებს მართავენ. მე-9 დღეა, მათი ნაწილი შიმშილობს. ნაწილმა კი პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართა – ერთ-ერთმა გაფიცულმა თვალები, ხოლო მეორემ პირი ამოიკერა.

ჭიათურიდან თბილისში ჩამოსულმა გაფიცულებმა გუშინ პარლამენტის წინ კარვები გაშალეს და ღამე იქ გაათენეს. მოთხოვნები უცვლელია – სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასის გაზრდა.

კომენტარები