მთავარიახალი ამბებიიმერეთი

აქ მე ვლაპარაკობ!

აქ მე ვლაპარაკობ!

იშვიათი და ხანგრძლივი მოლოდინი მქონდა ამ შეხვედრის.

ყოველდღე ვბრაზობდი და მერე ვცხრებოდი. ჩემს თავს თავიდან ვუმხელდი, რომ მე უფრო მჭირდებოდა თავდავიწყების ეს მედიტაციური ფრაგმენტი –  სხვაში გადასვლის, სხვისი სულის უვნებელი განძარცვის, ან სხვის მდიდარ შთაბეჭდილებებში თავშეფარების.

სულის და სიტყვის ასეთ მოძრაობად წარმომედგინა დიალოგი მესხიშვილის თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელთან, რომელიც წარდგენის დღიდან, თითქოს ჩემი ახლო წარსულის საგანძურსაც უკითხავად დაეუფლა. მას, რაც ამ დიდებულ კედლებში სამუდამოდ ჩამრჩა და ვეღარც ვეხები.

და ალბათ, ყველა ჩვენგანს, ვინც კითხვას ვსვამთ, ან პასუხს ვიძლევით, ჩვენივე საგანძურების მცირე გამოფენის ვნებაც თან გვაქვს. მათ შორის, მეც. საკუთარი (შერჩეული)მუსიკით და (შეურჩეველი) დრამით.

მაგრამ ამ შეხვედრაზე ჩემი თანაავტორობის ხისტი ინსტინქტი ნელ-ნელა და  ბუნებრივი სიმშვიდით გაილია, რადგან რეჟისორმა მისი ჩანაფიქრის მწერლად მაქცია. ამას ჰქვია პროფესიის ცოდნაო და  ალბათ, ასეცაა.

ეს ოთახი მიყვარს. მიყვარს ეს მაგიდაც და სამეულიც.

პირველი, რასაც ვხედავ, ლადო მესხიშვილის ფოტოა.

ბატონი გიორგი (გოგა) თავაძე ისე ჯდება, რომ მისი ხედვის პერიფერია ჩემს ზურგსუკანა კედელია და იქ ლადოსი არა, კოტე მესხის პორტრეტია, მახსოვს.

როცა ამ ოთახში შემოვედი – რა თქმა უნდა, შეკითხვას არ დალოდებია – ვუყურებდი ამ ფოტოს. კოტე მესხს. სხვა ბედის კაცია. თეატრალებმა ვიცით, მაგრამ ბევრისთვის ჯერ მაინც უცნობია. როგორ სიცარიელეში დაიწყო თეატრის კეთება. დამაარსებლები ყოველთვის არაორდინარულები არიან, ცოტა ფანატიკოსებიც. თეატრიც ესაა – ავადმყოფური ვნება, კონტროლიდან გასული. “გაკეთებული“ ხელოვნება არ არსებობს (თითქოს მხოლოდ თავის თავს უთხრა). მინდა ამ თეატრის ისტორიის წიაღში შევიდე, საჭიროა კვლევა – ჩანასახში როგორ  ყალიბდებოდა, იქმნებოდა თეატრი. მისი ბუნება და ხასიათი  ამოვიკითხო, რადგან შემდგომში ეს განსაზღვრავს „შექმნილის“  არსებობის გზას“.

და მე ვეთანხმები. ეს ის დასაწყისია, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს და მჯერა. ოღონდ ისევ ლადოსკენ ვაპარებ თვალს. ის არის ჩემი ამორჩეული, უკვე წლებია. მენანება. და განმეორებით – უკითხავად, პასუხსაც ვიღებ:

„ლადო მესხიშვილის ღვაწლს არ ვაკნინებ, მაგრამ საძირკვლის პირველი აგური კოტე მესხმა დადო“  -აღარ განიხილება. (მიყვარს, როცა კომპეტენტურის არჩევანთან ვჩუმდები) და ლადოს პორტრეტს დროებით ვივიწყებ.

რეჟისორი და დრამატურგი

შეხვედრამდე ინფორმაციებს გადავხედე. ზოგადს. მცირეს. პირველი შთაბეჭდილებით – საჯაროობისთვის არ უზრუნია. მისი აქტიურობით ღვაწლი არ გაჟღერებულა. ინტერნეტსივრციდანაც ბიოგრაფიის/გამოცდილების ნაწილს და  მხოლოდ იმას გებულობ, რაც სხვებმა საკუთარი “პატარა ნიუსების“ ავტორობით გამოაქვეყნეს. ჩემთვის მნიშვნელოვანი წინადადებები იქ იყო, სადაც ბატონი გიორგის და ირაკლი სამსონაძის ერთობლივ მუშაობაზე ჰყვებოდნენ/ახსენებდნენ. პიესების თანაავტორობაზე. და  წერა, ყოველთვის ხარისხის განაცხადია (ჩემი აზრით, რა თქმა უნდა).

“ახალი თეატრალური ფორმები დრამატურგიიდან იწყება. ახალი თეატრალური ესთეტიკის დამკვიდრება ძირითადად დრამატურგების სახელებთან არის დაკავშირებული. შექსპირი, მოლიერი, იბსენი, ჩეხოვი, ბრეხტი. ლიტერატურის რთული ჟანრია. გენიალური მწერლებიც კი ვერ წერდნენ კარგ პიესებს.

მესხიშვილის თეატრმა, კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში „თანამედროვე ქართული დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა“ გაიმარჯვა და გამოვაცხადეთ კონკურსი საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის გამოსავლენად. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ დრამატურგები რომელთა ტექსტები მხოლოდ ამ კონკურსისთვის შეიქმნა და მანამდე არ დაბეჭდილა და არსად დადგმულა. პირველ ეტაპზე, სამ საუკეთესოს პიესას ავარჩევთ და რეჟისორები, ჩვენს მსახიობებთან ერთად, სცენაზე “ქმედითი კითხვით“ გავაცოცხლებთ ამ ტექსტებს მაყურებლისთვის. კონკურსის მეორე ეტაპზე, ამ სამს შორის ( ჟიურის გადაწყვეტილებით) საუკეთესო პიესა გამოვლინდება, რომელიც დაიდგმება მესხიშვილის თეატრის სცენაზე. კონკურსის მიზანია, თანამედროვე ქართული დრმატურგია, თეატრში მიმდინარე პროცესებს არ ჩამორჩეს, კვალდაკვალ მიჰყვეს ახალ თეატრალურ ფორმებს “.

ამ კონკურსის შესახებ, უკვე დაიწერა. მომწონს და ვგულშემატკივრობ. იქნებ ვცადო კიდეც, თუ ვიპოვი საკუთარ თავში ძალებს. მაგრამ ისევ მახსენდება, რომ მთავარ შემფასებლად, კარგ დრამატურგთან ნამუშევარი და თვითონ თანამედროვე დრამატურგიაში გამოცდილი ადამიანია. მაფრთხობს, ბუნებრივია. და ისევ ინტერვიუს ვალდებულებით, მისივე განსაკუთრებული გამოცდილების მოსმენას ვირჩევ:

– როგორი იყო თქვენი ეს შემოქმედებითი მეგობრობა?

“პირველი დადგმა, პირველი დრამატურგი რომელსაც ირჩევ, თითქოს განსაზღვრავს შენ შემდგომ მიმართულებას… თითქოს ნათლობასავით არის (წარსულზე იღიმება და მშურს. ვიცი ამ სიამოვნებისმაგვარი..). ჩემმა პედაგოგმა (გენიალური რობერტ სტურუაა მისი პედაგოგი) მირჩია ირაკლი სამსონაძის პიესა დამედგა. დავურეკე. შევთანხმდით შეხვედრაზე. მერე გამოვედი რუსთაველის თეატრის წინ და ველი. გარეგნულად არ ვიცი როგორ გამოიყურება, შორს ახალგაზრდა კაცს მოვკარი თვალი. მძიმედ მოდიოდა… ბევრ გამვლელს შორის ამოვიცანი, მხოლოდ ის შეიძლებოდა ყოფილიყო იმ პიესის ავტორი, რომელიც  წაკითხული მქონდა.

აქედან დაიწყო ერთობლივი შემოქმედებითი ზრდის არაჩვეულებრივი პროცესი. ხანდახან ვქმნიდით ერთობლივად. ვირჩევდით ჩვენთვის აქტუალურ თემას და ამ თემის ირგვლივ ჯერ იყო “ბოდვითი იდეები“. შემდეგ ეს გარკვეულ ფორმამდე, და სათქმელამდე მიდიოდა. ასე დაიწერა „საღამოს ბაღში როგორც ფერად სიზმარში“ შემდეგ „დაბოლილი მთვარე“ 

ჩვენ, მხატვრები, ხომ უდაბნოში მოხეტიალე ხალხი ვართ? არ იცი იპოვი წყალს, თუ ვერა… მაინც ვიგონებდით სამყაროს და ვწერდით…

ღამეების თენებით, კამათით, შემდეგ განტვირთვით, ღვინისოსთან ზიარებით, ეს არ იყო  მხოლოდ პიესაზე მუშაობა. ამ დროს ყალიბდება დრამატურგიული თხრობის ენა, ესთეტიკა, ხელწერა.

ვწერდით ისე, როგორც უნდა დამედგა ეს სპექტაკლი, როგორი უნდა ყოფილიყო მისი სახიერი გადაწყვეტა ირაკლიც ბედნიერი  იყო ამ თანამშრომლობით.

ჩვენ ერთმანეთი ვიპოვეთ.

(ისევ წარსულზე იღიმება და ისევ მშურს. ვიცი ამ სიამოვნების მაგვარითქო..)

მგონი ყველაზე მეტი მე მაქვს ირაკლის პიესები დადგმული და რაც არ დამიდგამს, ისიც გონებაში დადგმული მაქვს“

– გამოწვევასავით ისმის

დიდი პაუზის შემდეგ, ჩვენი შეხვედრა ისევ უნდა მოხდეს“!

რა ვიცი.. იქნებ, როდისმე (არა, მალე მინდა!) ამ შემოქმედებითი მეგობრების ერთად „დახატულ“ კოტე მესხზე (თუნდაც ლადო მესხიშვილზე) მეც ბლოგი ავკინძო და მედიტაციის #2 ფრაგმენტიც თამამად ჩავინიშნო.

შემოქმედებითი შეხვედრების ქალაქია ქუთაისი.

როცა გენიოსით იწყებ

უკვე ვახსენე, რომ ჩემი რეპონდენტის პედაგოგი რობერტ სტურუაა? კი, ვახსენე. მკრთალად. ფრჩხილებში და ლაბილური სინტაქსით. მივეპარე.

ეს სათაურიც დავწერე და ავდექი. ცოტა ხნით ემოციური მეხსიერების კონცენტრირება მინდა. მგონია, რომ გემრიელი კვება მიშველის და ვერა, ვერ მიშველა. გაჩერებაც არ შემიძლია. ვნების გამოცდა მაქვს.

ვიწყებ გახსენებას, პირველად როგორ თქვა – რობიკო

ალბათ იგივეა, როცა მე ვახსენებ – სოკრატე და გულუბრყვილოდ მგონია, ყველას გონებას მოეფინება ნათელი – აააა, თურმე ზეკო ვინ ყოფილა.. დაახლოებით ასე.

არადა, მან თქვა რობიკო და მე სრულ ქაოსში გადავილეწე.

როგორ უნდა მოჰყვე ცოცხალ გენიოსზე,  როცა მისი გენიალურობის ნაწილი ხარ? როგორ უნდა დააღწიო ამ თვალისდამაბრმავებელ და ბედის გამხლართავ შლეიფს თავი? საიდან უნდა დაიწყო ათვლა – რა იყავი და რა ხარ?

ოღონდ ეს კითხვებიც არასრულია.

“საგამოცდო კომისიის წევრები იყვნენ ბატონი დოდო ალექსიძე, ბატონი მიხეილ თუმანიშვილი, ბატონი რობერტ სტურუა, ქალბატონი ეთერ გუგუშვილი და ბატონი ვასო კიკნაძე. მისაღებისთვის ჟან რასინის „ფედრას“ ექსპლიკაცია დავწერე. ახლა სასაცილოდ,  ბავშვურად მეჩვენება, ის ჩანაფიქრი, მაგრამ ბატონ მიხეილ თუმანიშვილს ეტყობა ჩემი ექსპლიკაცია მოეწონა. გამოცდაზე კითხვები რომ დამისვა მივხვდი, გულდაგულ ჰქონდა წაკითხული. ვიცოდი, რომ თუმანიშვილს რუსთაველის თეატრში „ფედრა“  ჰქონდა დადგმული, სადაც ფედრას – ზინა კვერენჩხილაძე, თეზევს – სერგო ზაქარიაძე, ხოლო იპოლიტს – მამაჩემი, მერაბ თავაძე, თამაშობდა. ამიტომ ექსპლიკაცია მიმღებ კომისიაში ისე მივიტანე, რომ მამაჩემს არ წავაკითხე, ჩემ ჩანაფიქრში არავისი ჩარევა არ მინდოდა… ახალგაზრდული პროტესტი მქონდა.  ექსპლიკაცია გამოცდამდე არავისთვის მიჩვენებია. შეკითხვები დამისვეს. მახსოვს ბატონმა რობერტ სტურუამ  ბოლოს მკითხა -„თუ იცით, რა ხდება პაკისტანში?“

ჰა, ჰა, ჰა! უცნაური დასაწყისია. გენიოსების ბიოგრაფიებს რომ უხდება.

მე ვიჯექი და პირგამშრალი ვისმენდი ბატონი გიორგის მოგონებებს, რომელთაგანაც თითქმის ყველაში, სხვადასხვა სიტყვებით მოძრაობდა რობიკოს გენიალურად ავანტიურისტული შეთამაშება – „აბა, რა ხდება პაკისტანში?“

ეს წვრთნის ფორმადაც დარჩა და ალბათ, ცხოვრების და ურთიერთობის პიკანტურობადაც. თეატრალური ჰქონდათ დილაც, შუადღეც და საღამოც.

რობიკო-ს სტუდენტი გახდა მაშინ, როცა დიდი მაესტრო “მეფე ლირს“ დგამდა.

დავჯექი და ამ დღეებში თავიდან ვნახე ეს საოცარი სპექტაკლი. მინდოდა მეგრძნო ყველა იმ დიადი განცდის ნარჩენი მაინც, რაც ჩემმა რესპონდენტმა გაიარა. გაიარა და საუბრის დროს ფოიერვერკებივით მაფრქვია! ოღონდ! მარტო ეს არ არის მის შესაშურ წარსულში დამძაბველი. მანამდე კიდევ რამდენიმე ნიუანსია:

მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი (გოგა) თავაძე ქალბატონი ირმა გურიელის და ბატონი მერაბ თავაძის შვილია. და ვიდრე დრამის რეჟისურის სტუდენტი გახდებოდა, საქართველოს პირველ არხზე, სატელევიზიო სპექტაკლების სტუდიაში, დიდი თემურ ჩხეიძის ასისტენტი იყო. ნამდვილი ასისტენტი. აი, ისეთი, საკუთარ გურუს ყველა ბგერას რომ უსმენს, ღამეს უთევს საქმეში და მაჯისცემას გრძნობს.

ახლაც ვწერ და კიდევ უფრო მეშინია – ამ რამდენიმე გიგანტური ჯადოდან ერთად, როგორ უნდა გამოხვიდე მარტო? და როგორ უნდა გააგრძელო გზა? მშურს, ალბათ. სიამოვნებით დავიკაწრებოდი ამ გიგანტების ხეივნიდან თავდასაღწევად.

“მე შემიძლია გასწავლოთ  თქვენ ხელობა რეპეტიციაზე, კეთების პროცესში თუ რა ეტაპებს გადის რეჟისორი სპექტაკლზე მუშაობის დროს – გვითხრა რობიკომ და იმ დღიდან, რუსთაველის თეატრში,  ვიჯექი ყველა რეპეტიციაზე. დღე და ღამე. ყველგან მასთან ერთად. თუ რამე ვიცი ამ პროფესიაში, მისგან ვისწავლე. რეჟისურა პრაქტიკული პროფესიაა. იმ საიდუმლოებს, რაც ჩვენს პროფესიას ახლავს, მხოლოდ სარეპეტიციო პროცესში სწავლობ.

როცა პიესას ავირჩევდი და სარეჟისორო ექსპლიკაციას მივიტანდი, სულ ცდილობდა დამენგრია სტერეოტიპული მიდგომა პიესისადმი.

პირველ კურსზე ნაწყვეტი უნდა დამედგა. კლდიაშვილის „უბედურება“ მქონდა არჩეული. ტექსტი არ შეცვალო, მაგრამ ისე დაანგრიე და შეცვალე გარემო რომ ვერ ვიცნოო – ასეთი დავალება მომცა. მეც მოქმედება თეთრ სახლში გადავიტანე.  ამერიკის დროშა სახლიდან თვითონ მომიტანა. მუსიკალურ გაფორმებად Queen-ის კომპოზიცია გამოვიყენე. გამოცდაზე  ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა, რომელიც სარეჟისორო კათედრის დეკანი იყო, პიესა ვერ იცნო, ეს კლდიაშვილი არისო…? იკითხა. თუმცა პიესის ტექსტი უცვლელი დავტოვე. ეს იყო სასწავლო ექსპერიმენტი, რომელიც სტერეოტიპული გააზრების მსხვრევას ისახავდა მიზნად და არა კლდიაშვილის პიესის ინტერპრეტაციას.

ეს იყო რობიკოსგან  – ჩარჩოებიდან გათავისუფლების გამოცდა. გაბედულების ამპლიტუდის, რომელიც აუცილებელია ახალგაზრდა ასაკში და პირველ ექსპერიმენტებში განიცადო.

საოცარი რეპეტიციები ჰქონდა. უდიდესი რეჟისორია, მხატვარი. უსაზღვრო გაქანების მქონე ხელოვანი!

დღემდეა ჩემში მისი ესთეტიკის გავლენა“.

როგორ შეიძლება, არ იყოს.

წლები გავიდა. რობიკო-მ გადაწყვიტა მისი ბათუმის თეატრში წასვლაც.

“ხომ თვლი რომ სწორად მოიქცათქო?“ – მაშინვე სულამოუთქმელად ვკითხე.

“მაშინ მეწყინა“ – მიპასუხა

„ახლა-თქო? ახლა ხომ თვლი, რომ სწორი იყოთქო?“ – არ მოვეშვი, რადგან პედაგოგის მხარეს ვიყავი გულწრფელად

“კიო. სწორი იყოო“ – არ ვიცი როგორ მიპასუხა..

გენიოსებთან ყოფნა და წლობით ცხოვრება, არ ვიცი როგორი შესალევია, მართლა. მე, უბრალოდ ნიჭიერებთანაც მიჭირს შელევა. გენიოსებთან შელევა კიდე, ალბათ, სამუდამო სევდის რეფლექსიად დამრჩებოდა.

ეს ინტერვიუ ივლისის ბოლო რიცხვებში ჩავწერეთ და მაშინ  მთელი საქართველო  რობერტ სტურუას იუბილეს აღნიშნავდა. ბუნებრივია, ეს ღირსშესანიშნავი ამბავი ბატონი გიორგისთვის კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობის არის, ვიდრე ჩემთვის, ან სხვა ჩემნაირისთვის და ამაზეც ვთქვით –

„წელს ჩემს ძვირფას მაესტროს 85 წელი შეუსრულდა. ამ ბრწყინვალე ხელოვანმა მთელი ეპოქა შექმნა ქართულ თეატრში და მისი შედევრები მსოფლიო თეატრის საგანძურია. დღესაც მისი სპექტაკლები გვხიბლავს, გვაოცებს და რაღაც უჩვეულოს ყოველთვის ატარებს! ვულოცავ ჩვენ საამაყო ბატონ რობერტ სტურუას იუბილეს! დიონისე მუდამ სახლობდეს თქვენს თეატრში და მუზების სტუმრობა არასოდეს მინელდეს. იდღეგრძელეთ მრავალჟამიერ!“

მსახიობსა  და თეატრზე

როცა პირველი სპექტაკლი დადგა რუსთაველის თეატრში, სულ ახალგაზრდა იყო. მგონი, 24 წლის.

“პირველ სპექტაკლზე ისეთი მსახიობები მყავდა… კარლო საკანდელიძე, ზაზა ლებანიძე, კახი კავსაძე, ნანა ფაჩუაშვილი, გურამ საღარაძე, მარინა ჯანაშია, ვანო გოგიტიძე, მარინა კახიანი, კახა თავართქილაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა, გამოუცდელი რეჟისორი ვიყავი, საოცრად მომყვებოდნენ, მემორჩილებოდნენ ისე, როგორც გამოცდილ რეჟისორს. სწორედ მაშინ მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანია მსახიობები  გახდნენ რეჟისორის თანამოაზრეები. 

პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს, როცა მოგაქვს ჩანაფიქრი და მსახიობები უსიტყვოდ გისრულებენ! საოცარია!

ძალზე გამიმართლა რომ ასეთი რანგის პროფესიონალებთან მომიწია პირველი სპექტაკლის კეთება, ბევრი რამ ვისწავლე მათგან პროფესიული თვალსაზრისით“.

“მინიმუმ, გამოცდილების 10 წელი მაინც სჭირდება იმის ცოდნას, როგორ იმუშაო მსახიობთან. უნდა შეისწავლო ეს ადამიანი – ცოცხალი „საღებავი“ შენი ნახატისთვის, – მისი უნარები, ხასიათი, ფსიქიკა, აზროვნება, ტემპერამენტი. უნდა გრძნობდე მის მონაცემებს. ამ ადამიანებს აქვთ ინდივიდუალური შეხედულებები, მსოფლმხედველობა, ცხოვრების წესი, გემოვნება, გამოცდილება, რომელსაც აქტიურად გთავაზობენ სარეპეტიციო პროცესში. სწორედ ამ დროს ხვდები როგორი პალიტრით შეგიძლია დახატო და სპექტაკლის სათქმელიც მათი მონაწილეობით როგორ უნდა მიიტანო მაყურებლამდე.

დადგმის პროცესში დანაკარგი დიდია. ჩანაფიქრის 40% თუ მიიტანე ბოლომდე, ე.ი., რაღაც შეასრულე. 60 % – უკვე კარგი შედეგია და 80-90 % – შენი შედევრი“.

“მე ხშირად მიყვარს მაყურებლზე დაკვირვება. წარმოდგენის დროს ერთს ამოვირჩევ, ცოტა სკეპტიკურად მომზირალს და თუ სპექტაკლმა, მსახიობებმა, მოახერხეს ამ მზერის შეცვლა, სპექტაკლის ბოლოს თუ სკეპტიკური მზერა თანაგრძნობით შეიცვალა, ე.ი., მსახიობებმა თავისი ამოცანა შეასრულეს!

ეს ჩვენი ომია! და უნდა მოვიგოთ!“

“ჩემთვის თეატრი, ჩემი სულიერი მდგომარეობის, სიზმრების, სიგიჟეების და ჩემი ცოდვების აღსარების სამყაროა.

ყველა სპექტაკლში, ერთი პერსონაჟს მაინც აიგივებ საკუთარ თავთან, ჰყვები საკუთარ ისტორიებს… ან რეჟისორი  ცოტათი მაინც ყველა პესონაჟში არის გაბნეული.

როცა ამოცანას აძლევ მსახიობს, შენ უხსნი, აჩვენებ,  როგორ მოიქცეოდა, მისი პერსონაჟი მოცემულ მომენტში… შენ როგორ იმოქმედებდი. ჰოდა, თავისდა უნებურად გამოხტება იქ შენი დაფარული თუ დაუფარავი ვნებები… სიგიჟეები. თუ გულწრფელი ხარ და არ თვალთმაქცობ,  სპექტაკლი ემგვანება დამდგმელი რეჟისორის აღსარებას.

ამისთვის ყველაფერი დამითმია. წლები შემიწირავს..

ერთადერთი, სადაც არ მრცხვენია გულწრფელობის,  ეს თეატრია.

აქ მე ხმამაღლა ვლაპარაკობ!“

გიორგი თავაძე

(ოფიციალური ინფორმაცია)

ქართველი რეჟისორი და დრამატურგი, სანდრო ახმეტელის,(2005) კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (2010).

1990 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის დრამის რეჟისურის ფაკულტეტი (რობერტ სტურუას შემოქმედებითი სახელოსნო).

1990-2000 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში რეჟისორად; 2001-2006 წლებში იყო თბილისის სამეფო უბნის თეატრის მთავარი რეჟისორი; 2006 წელს რობერტ სტურუას რეკომენდაციით დაინიშნა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად; 2021-2022 წლებში იყო ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორი; 2023 წლიდან არის ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები