მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბაღდათი – გაიგე შენი ქალაქის ისტორია

ბაღდათი – გაიგე შენი ქალაქის ისტორია

ბაღდათი — ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქი მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყალზე, ქუთაისი-აბასთუმნისა და ვანი-ზესტაფონის საავტომობილო გზების კვეთაზე. ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან 200 მეტრზე, თბილისიდან 232 კილომეტრი, რიონის რკინიგზის სადგურიდან 19 კმ მანძილზე.

სახელწოდება ბაღდათი ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ძველი სპარსული ენიდან მომდინარეობს. მისი სწორი ფორმა ბაღდადია. ამ ვერსიის თანახმად იგი ღმერთისაგან ნაბოძებს ნიშნავს. რაც შეეხება ქალის თავსაბურავს ბაღდადს, ისიც მშვენიერის, ლამაზის ეპითეტს წარმოადგენდა და სწორედ ამიტომ დაურქმევიათ ამ ადგილისათვის ეს სახელი თურქებს. არსებობს სხვა მოსაზრებებიც ტოპონიმის წარმომავლობასთან დაკავშირებით.

ბაღდათი ისტორიულ წყაროებში პირველად XVII საუკუნის I ნახევარში იხსენიება, თუმცა არქეოლოგიური მასალა ადასტურებს, რომ დასახლება აქ უკვე შუა ფეოდალურ ხანაში ყოფილა. 1703 წელს ოსმალებმა დაიკავეს და აქ ჯერ ხის, შემდეგ ქვითკირის ციხე ააგეს, რომელშიც 100 იანიჩარისგან შემდგარი გარნიზონი იდგა. ამ დროს ბაღდათი პატარა ქალაქად იქცა. ის ახალციხის საფაშოს თურქობისა და იმერლების ბაზარსა და სავაჭრო პუნქტს წარმოადგენდა. 1737 წელს ბაღდათის ციხის გარნიზონი ასი კაცისაგან შედგებოდა და ძირითადად ტყვეთა სყიდვით იყო დაკავებული.

რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, 1770 წლის 2 ივლისს სოლომონ I-მა და გენერალმა ტოტლებენმა ოსმალები ბაღდათიდან გააძევეს. მას შემდეგ, რაც იმერეთი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა, ბაღდათის მნიშვნელობა დაკნინდა, ბაზარი და ვაჭრობა გაქრა. 1820-იან წლებში მისი სამოქალაქო მოსახლეობა 30 ოჯახი იყო, ხოლო ციხეში 100-კაციანი გარნიზონი იდგა. 1830-იან წლებში ციხე უკვე მიტოვებული იყო. 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ, 1906 წლის 10 იანვარს ბაღდათი გადაწვა სადამსჯელო რაზმმა.

1926 წლისთვის ბაღდათის თემი შედგებოდა 13 სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 11 409 ადამიანს.

1930 წელს ბაღდათის თემი ობჩის, საკრაულას და წითელხევის თემებთან ერთად გამოყოფილ იქნა ქუთაისის მაზრიდან, გაერთიანდა ერთ რაიონში და რაიონის ცენტრად გამოცხადდა სოფელი ბაღდათი. 1940 წელს ბაღდათს ეწოდა მაიაკოვსკი. 1981 წელს მიიღო ქალაქის სტატუსი. საბჭოთა პერიოდში მაიაკოვსკიში მოქმედებდა ღვინის და საკონსერვო ქარხნები, ავეჯისა და მეფრინველეობის ფაბრიკები. 1990 წელს ეწოდა ბაღდათი.

არსებული მონაცემებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისტორიულად ყველაზე ძველი ადგილი სოფელი დიმია, სადაც საქართველოს პირველ გამაერთიანებელ მეფეს ფარნავაზს აუგია და დაუარსებია სამეთვალყურეო საფორტიფიკაციო ნაგებობა და მისთვის დიმნა დაურქმევიათ. ტოპონომი დიმიც სწორედ დიმნადანაა წარმოშობილი.

ბაღდათში ჰავა ზღვის ნოტიო სუბტროპიკულია, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 14 °C, იანვრის 4,4 °C, ივლისის — 23 °C. აბსოლუტური მინიმუმი — -18 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი — 42 °C. ნალექების რაოდენობა 1500 მმ წელიწადში.

კომენტარები