მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ბოლშევიკური მოძრაობის დაწყება ქუთაისში მე-20 საუკუნის პირველ ოცწლეულში

ბოლშევიკური მოძრაობის დაწყება ქუთაისში მე-20 საუკუნის პირველ ოცწლეულში

მეოცე საუკუნეში ბოლშევიკური მოძრაობა თანდათან მომძლავრდა რუსეთშიც და კავკასიაში. მათ ხელისუფლების ხელში ჩაგდებაც მოახერხეს და საბოლოოდ შექმნეს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი.

ბოლშევიკური მოძრაობის გააქტიურების ახალი ეტაპი დაიწყო 1917 წელს. რუსეთში 1917 წლის თებერვალში მომხდარი რევოლუციის შემდგომ პოლიტიკური პარტიების ლეგალიზება დასაშვები გახდა. აღნიშნული გარემოებით ისარგებლა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიამ, რომელშიც უკვე ბოლშევიკები და მენშევიკები ფორმალურად ითვლებოდნენ ერთ პარტიად. 1917 წლის აპრილში ბოლშევიკებმა მეშვიდე კონფერენციის მიერ თავიანთი პოლიტიკური მოძრაობის ცალკე გამოყოფა გამოაცხადეს.

1917 წლის 5 სექტემბერს გაიმართა ქუთაისის ბოლშევიკების ორგანიზაციის კრება, რომელმაც შესაბამისი დეკლარაციის თანახმად და წევრების რეგისტრაციის მიზნით გამოყო თერთმეტი პირისაგან შემდგარი კომისია.

იმავე წლის ნოემბერში ქუთაისში ბოლშევიკებმა გამართეს საგუბერნიო კონფერენცია. მთელი გუბერნიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ცენტრად გამოცხადდა ქუთაისი. შეიქმნა დროებითი საგუბერნიო ბოლშევიკური ბიურო.

1918 წლის 20-23 თებერვალს ქუთაისში ჩატარდა დასავლეთ ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების კონფერენცია. ხსენებულ შეკრებაზე ბოლშევიკებმა შეიარაღებული აჯანყების ხელმძღვანელობის მიზნით შექმნეს შტაბი საშა გეგეჭკორის ხელმძღვანელობით.

აღნიშნულ კონფერენციაზე დაადგინეს, რომ თბილისში აკრძალული ბოლშევიკების ბეჭდური ორგანოს, გაზეთ “ბრძოლის“ ნაცვლად ქუთაისში გამოეცათ გაზეთი “ჩვენი ბრძოლა“. ხსენებული ბოლშევიკური ბეჭდური ორგანოს გამოცემა ქუთაისში დაიწყო 1917 წლის 8 მარტს და შეწყდა იმავე წლის 8 ნოემბრის გამოსვლების შემდგომ.

ბოლშევიკური მოძრაობის ხელმძღვანელობის მიზნით არსებობდა დასავლეთ საქართველოს საგუბერნიო კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში სხვადასხვა დროს იყვნენ: მამია და მარიამ ორახელაშვილები, ნიკოლოზ სოკოლოვი, ნიკოლოზ და მიხეილ ოკუჯავები, ა. გეგეჭკორი, ვ. კანდელაკი, დ. ლორთქიფანიძე, შ. ლეჟავა. ასევე, ქუთაისში ბოლშევიკურ პარტიულ მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდნენ: ს. ქავთარაძე, ო. ოკუჯავა, ბ. მდივანი, ნ. ბუაჩიძე, ა. ერქომაიშვილი, ბ. ლომინაძე, გ. მახარაძე, მ. მეძმარიაშვილი.

აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე ბოლშევიკები მონაწილეობდნენ ქუთაისის მუშათა საბჭოს მუშაობაში სხვა პარტიებთან ერთად. ამით ბოლშევიკური მოძრაობა ცდილობდა ხალხის მასებში გავლენების მოპოვებასა და გაძლიერებას.

ეტაპობრივად გამოაშკარავდა, რომ ბოლშევიკები ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას. 1918 წლის აპრილში ბოლშევიკთა საგუბერნიო კომიტეტმა შეიმუშავა პროკლამაცია – “ამხანაგო მუშებო, გლეხებო და ჯარისკაცებო“, რომელშიც წარმოდგენილი იყო მოწოდება გლეხობისადმი, რომ მხარი დაეჭირა სამეგრელოს აჯანყებისათვის ამიერკავკასიის მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

1918 წლის მაისის დასაწყისში ქუთაისში გაიმართა ბოლშევიკთა პარტიული ორგანიზაციების თათბირი, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერი საშუალებით უნდა მომხდარიყო გლეხობის იარაღით მომარაგება. ამ მიზნით ბოლშევიკებმა გაგზავნეს წარმომადგენლები ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც იმხანად შედარებით მარტივად იყო შესაძლებელი იარაღის შოვნა.

ქუთაისის მილიციამ შეიტყო ბოლშევიკთა დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ. სხვადასხვა სამხილის საფუძველზე დააკავეს ბოლშევიკთა რამდენიმე ხელმძღვანელი…

ბოლშევიკებმა გადაწყვიტეს, რომ ახალგაზრდობა აქტიურად ჩაერთოთ მათ მოძრაობაში და ამ მიზნით ქუთაისში ჩატარდა დასავლეთ საქართველოს „სპარტაკის“ ორგანიზაციების კონფერენცია, რომელზეც გადაწყდა ახალი ბეჭდური ორგანოს, „ახალგაზრდა კომუნისტის“ გამოცემა, რომლის პირველი ნომერი გამოვიდა 1918 წლის 23 დეკემბერს. ასევე აირჩიეს „სპარტაკის“ საგუბერნიო კომიტეტი.

1920 წელს მამია ორახელაშვილის თაოსნობით ქუთაისში გადმოიტანეს გამომცემლობა „წითელი ვარსკვლავი“, რომელმაც დაბეჭდა ბოლშევიკური პროპაგანდისტული შინაარსის არაერთი სხვადასხვა ბროშურა და გამოცემა.

1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო არმიის მიერ თბილისის დაკავების შემდგომ, იმავე წლის 10 მარტს, სამწუხაროდ, ქუთაისელმა ბოლშევიკებმა დიდად შეუწყვეს ხელი, რომ საოკუპაციო რუსული ჯარი შემოსულიყო ქუთაისში და დაეკავებინათ ქალაქი. იმავე წლის 14 მარტს შეიქმნა ქუთაისის საგუბერნიო კომიტეტი, რომელსაც 10 აპრილიდან სამაზრო კომიტეტი ეწოდა.

ქუთაისში მმართველობის განხორციელებას აქტიურად შეუდგა ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმი, რომელსაც თავდაპირველად ქალაქში ახორციელებდა საქართველოს „რევკომის“ საგანგებო რწმუნებული საშა გეგეჭკორი. მასთან ერთად ბოლშევიკურ მმართველობაში აქტიურად მონაწილეობდნენ: მ. გახოკიძე, ს. ადამსკი, ვ. ბახტაძე, დ. ლორთქიფანიძე, კ. ქაცარავა და სხვები.

ბოლშევიკურ მოძრაობას მალე „კომუნისტური პარტია“ ეწოდა, რომელიც მთელი მომდევნო სამოცდაათი წლის განმავლობაში უკანონოდ, ტერორისა და რეპრესიების ფონზე მართავდა ძალადობრივად გასაბჭოებულ საქართველოს.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

ფოტოზე: ქუთაისის ცენტრი, მე-20 საუკუნის პირველი ნახევარი

კომენტარები