მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ბრალეული პირები კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი”

“ბრალეული პირები კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი”

შესაბამისი ექსპერტიზებისა და საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ვაკის პარკში მომხდართან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დარახველიძემ შსს-ს სახელით ვაკის პარკში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და გარდაცვლილი მოზარდის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.

მისივე თქმით, მომხდარ ფაქტზე დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. გამოძიების მსვლელობისას დაზუსტდა კვალიფიკაცია და გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც დარახველიძემ აღნიშნა, ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები და მუშაობენ როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტ-კრიმინალისტები, მიმდინარეობს გამოკითხვები, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო ექსპერტიზა, ასევე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით ვაცხადებთ, რომ შესაბამისი ექსპერტიზებისა და საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდეგ დადგინდება ყველა ბრალეული პირის ვინაობა, რომლებიც კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი.

გამოძიების მსვლელობისას, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას”, – განაცხადა დარახველიძემ.

თბილისში, ვაკის პარკის შადრევანში დღეს დენის დარტყმის შედეგად 13 წლის გოგონა დაიღუპა, დაშავდა კიდევ ორი მოზარდი.

თვითმხილველების თქმით, ბავშვები ბურთით თამაშობდნენ, რომელიც აუზში ჩავარდა. თავდაპირველად ბავშვმა ბურთის ამოღება სცადა, დენის დარტყმის შემდეგ კი მისი დახმარება მეგობრებმა სცადეს.

შადრევანი, რომლის რეაბილიტირება მილიონობით ლარი დაჯდა, თბილისის მერმა გუშინ გახსნა.

კომენტარები