მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ბრეხტი ქუთაისში

ბრეხტი ქუთაისში

პრემიერა, რომელიც სამი თეატრის კოლაბორაციით ანონსდებოდა, რაც თავისთავად მასშტაბურ მოლოდინს აღვივებდა კედლებს აქეთ დარჩენილ საზოგადოებაში, ჩვენი დიდებული თეატრის შენობაზე ისევ პატარა შავ-თეთრ ბანერად და მკრთალად ამონათდა ბოლო ერთი კვირის მანძილზე.

შეიძლება მე მქონდა განცდა, რომ კაპიტელებზეც უნდა გადასულიყო ბრეხტის შემოსვლა ქუთაისში. შეიძლება მე მქონდა სურვილი –  სულ სხვა „სარეკლამო პერანგი“ ჩაეცვა თეატრს.

მოკლედ, წავიწუწუნე, რომ ისევ ტრადიციული მუშამბის თემას ვერ ავცდით (ზომებშიც კი უმცირესს და არათეატრალურს), მაგრამ შენობაში შებიჯების წამიდან ერთბაშად გამიქრა ეს სასოწარკვეთა: ნელ-ნელა, გზადაგზა, სცენაზე მისვლამდე, – გვერდულად წაწოლილ სარკეებზე წარწერით, ოვალური ფოიეს მინებთან სახემობჯენილი მეამბოხე იერის პროლეტარი პერსონაჟებით, სიწყნარით, “მწვანე ბრილიანტის“ ფერის ანტურაჟით, რომელიც კაფეს ჰგავდა და მსახიობების დახმარებით ერთ პატარა მაგიდასთან გათავსებდა, სრულად დამავიწყა ჩემი პრეტენზია გარეთ დარჩენილ სარეკლამო ბანერზე.

ბრეხტი, მიუხედავად იმისა, მის შესახებ ვიცით თუ არა იმდენი, რაც უნდა ვიცოდეთ, საქართველოში გვიყვარს. ეს მაინც რობიკოს და “კავკასიური ცარცის წრის“ რემინისცენციაა, ალბათ. შეიძლება ლატენტური მემარცხენეობისიც. იქნებ რეფორმატორობის რომანტიზმის. მოკლედ, ბევრი რამ გაგავახსენდება ბრეხტზე და მეც ვიყავი ერთ-ერთი, ვინც ნიკოლოზ საბაშვილის სპექტაკლს “დაფდაფები ღამით“, პანდემიური იაღლიშის გამო, რამდენიმე წელი ველოდი. 

ანას (ნინო ჭოლაძე)  მისი დედ-მამა (მარიკა სამანიშვილი, დავით როინიშვილი) ცდილობს დაავიწყოს ძველი სიყვარული, ანდრეასი (აბელ სოსელია), რომელიც  უკვე 4 წელია, ომში დაკარგულად ითვლება. საკუთარ თავსაც არწმუნებენ, რომ ის გარდაცვლილია და ანამ ცხოვრებას უნდა მიხედოს, მით უმეტეს, რომ ბევრად უფრო უზრუნველყოფილი და „სასურველი“ თაყვანისმცემელი (ბაქარ დეისაძე) ჰყავს. და ზუსტად იმ დღეს, როცა, ანა გადაწყვეტს თქვას „კი“ და ნიშნობის სუფრა იწყობა, ძველი შეყვარებული, დაუძლურებული და იმედებწართმეული, აფრიკიდან უბრუნდება წარსულს.

სპექტაკლი ბრეხტის პირდაპირი ფორმულით, მეოთხე კედლის არარსებობით გატრიალებს (პირდაპირი მნიშვნელობითაც) თითქოს სასიყვარულო, მაგრამ წესით, პოლიტიკურ ისტორიაში. პირველი მსოფლიო ომის შემდგომი აპათიის, არეულობის, ფასეულობათა გადანაცვლების და სოციალური კლასების ჯანყის გარემოში.
არაჩვეულებრივად არტისტული კონცერტმაისტერი ჩვენს ზურგს უკან,  გერშვინით დაწყებული, ჯერ კიდევ გვამზადებს თვალი გაახილო ორკესტრის წინ და დარბაზს სცენიდან ისე ვუყურო, როგორც „ამბოხებულ ქალაქს“.

შთამბეჭდავია ის, რაც ამ რთულ თუ სქემატურ ქსოვილში გაქცევს და დროდადრო ფიქრობ, რომ სიტყვები გამოტოვე. მსახიობს ვერ მიაქციე ყურადღება, ან ბრეხტის თითქოს ლიბერალური დიქტატი გამოგრჩა და მიუხედავად იმისა, რომ გარემოს მონაწილე ხარ, რაღაც ძაფები დროდადრო ჩაწყდა. კავშირის. ურთიერთობის. მეტი ინფორმაციის. 

მერე შენს კაფეში, რომელსაც თურმე “პიკადილი“ ჰქვია, სასიამოვნოდ თავბრუს გახვევს ნინო ჭოლაძის შინაგანი ენერგია, სიყვარულის ბრძოლა, საკუთარი და უდროო საიდუმლოს თვალების სიღრმით  გათამაშება, რომელმაც შეიძლება ნაპოვნი თავიდან დააკარგიოს და აბელ სოსელიას სისხლგამოცლილი, ტყუილად ნაბრძოლი  “გმირის“ ფასწართმეული თავდადება, რომელიც ისევ ძველი სიყვარულის მოპოვებით ცდილობს საკუთარი “გმირი“ დაიბრუნოს.

მაყურებლით დასახლებული კაფე “პიკადილი“ დროდადრო ტრიალებს არაჩვეულებრივ მუსიკაში და გზადაგზა ეჩეხები ქუჩის სინამდვილეს. გარეთ ისევ კლავენ, ხოცავენ, შიათ, სცივათ და პარალელურად გესმის, რომ ანას ოჯახი, ომისგან მიღებულ ხვავზე მომავლის ახალი პერსპექტივების მარკეტინგით ოცნებობს Compte mariage-ით. მისთვის ანას სიყვარული მხოლოდ უზრუნველყოფა და ბიზნესის გარანტიაა.

თითქოს მთლიანად სანახაობას სასპენსი აკლია. ანსამბლურობა, რომელშიც მაყურებელიც ითხოვს ჩართვას. ბრეხტისეულად.

რა უნდოდა ბრეხტს ეპიკური თეატრით და მთელი მისი რეფორმით, ან ნგრევით და შენებით სცენაზე, თეატრში? ის, რომ გონიერება მეტია, ვიდრე ემოცია. ის, რომ მისით შთაგონებულმა მაყურებელმა უფრო გაბედულად შეცვალოს სამყარო,  გაუძლიერდეს სამართლიანობის გრძნობა, თავისუფლებისკენ სწრაფვა და სამართლიანი ბრაზი. თეატრი მისი სოციალური მნიშვნელობით! ბურჟუაზიული ნეტარების საპირისპიროდ. არადა, ამ კაფეში ჯდომამ, ცოტა ბურჟუად მეც კი მაგრძნობია თავი.

არც ბრეხტის მომწოდებლური სიმღერები იყო არსად, რაც ავსებს მისი დრამატურგიით ჩაფიქრებული მსახიობის მოდელს, დარჩეს “შემთხვევის მოწმედ“. სხვა მუსიკით მოვიდა „დაფდაფები ღამით“ ქუთაისში. თუმცა, მოვლენა იყო/არის.

საინტერესო იყო თამთა გაბუნიას მოახლე. ნანცოს ულამაზესი და გმირებისმოყვარული კურტიზანი, იოანე იმედაძის და ნანა ოქროიანის „ბარმენობა“, დათო გაჩეჩილაძის „ბაბუში“ და მოხსნილი მეოთხე კედლიდან დანახული ყველა გამვლელი, ტერორისტი თუ მსხვერპლი.

რეზო ჯავახიშვილის ორკესტრი მისი ულამაზესი და შთამბეჭდავი რეპერტუარით.

ძალიან მომწონდა ფორტეპიანოს და ვიოლინოს  მუსიკალური აქცენტები ზუსტი და ნატიფი!

პერსონაჟების მოქმედების ადეკვატურად ნატურალური ხმები ბარიდან!

კარგი იყო  სპექტაკლის წინ თეატრის გამოკითხვა – ანკეტა. მშვენიერი ინიციატივაა. შესავსებადაც სასიამოვნო და იმედით, რომ სწორი ანალიზი გაკეთდება ჩვენი რეპერტუარისთვის.

არ ვიცი, იყო თუ არა ეს ნამდვილად ბრეხტის თეატრი, მაგრამ ყველაფრის განახლება მოსულა. თავად ბრეხტიც გაბედული იყო ამ საკითხში და თვლიდა, რომ ანტიკური პიესაც შეიძლება “მოაქციო“ დროში და სივრცეში ისე, როგორც ნებისმიერი სასცენო რეკვიზიტი. 

ვულოცავ ნიკოლოზ საბაშვილს  ამ სანახაობის პრემიერას და მაპატიოს მკითხველმა, თუ ერთგვარი „მთხრობელის“ ვნებამ ამიტანა იმ “წყვეტებში“, რაც სპექტაკლის დროს შინაგანი მონოლოგებით ვავსე.

ვულოცავ ჩემს თეატრს სეზონის გახსნას  და ნიჭიერების სრულ ამოხეთქვამდე, ემოციების თავბრუდამხვევი ციკლის და პროფესიის ბოლომდე ტკბობით სპექტაკლებს ვუსურვებ. ვისაც ეს სურს და შეუძლია, რა თქმა უნდა!

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები