მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

გეგუთი – სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში

გეგუთი – სოფელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტში

გეგუთი — სოფელი იმერეთში,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 85 მეტრი, წყალტუბოდან 17 კილომეტრი. სოფელში მოიპოვება თიხა.

სოფლის ტერიტორიაზეა 3 მოქმედი ეკლესია, რომლებიც წმინდა გიორგის სახელობისაა.

სოფელ გეგუთში ამჯამად გავრცელებული გვარებია: ბოდოკია, გაბუნია, სირაძე, მუშკუდიანი, გიგიაძე, ხოჯავე, მამისეიშვილი, წიქორაძე, ხაჟალია, სანებლიძე, კუხიანიძე, შალიკაშვილი, მაჩალაძე, დათიაშვილი, ჯიქიძე, ხინგავე, ფესტვენიძე, ამაღობელი, მჟავანაძე, დაშნიანი. თქმულების მიხედვით თამარ მეფემ ბოდოკიები ჩამოიყვანა სამეგრელოდან, როგორც კარგი მონადირეები და ასევე მუშკუდიანები სვანეთიდან, როგორც მომღერლები.

სოფლის მიდამოებში შემორჩენილია VIII-IX საუკუნეების გეგუთის სასახლის ნანგრევები.

გეგუთის სასახლე ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის ძეგლია, რომელსაც 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

ყველაზე ადრეული ისტორიული ცნობა გეგუთის სასახლის შესახებ VIII საუკუნეს ეკუთვნის. ჯუანშერის თხზულების „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“ ერთ–ერთ ნუსხაში ქართლის ერისმთავარი არჩილი ამბობს „…წარვალ და დავეშენები ციხესა გეგუთს და ქუთათისს.“ სასახლის მთავარი ნაგებობა გიორგი III-ს დროინდელია. სწორედ აქ გამოაცხადა გიორგი III-მ თანამოსაყდრედ თამარ მეფე. საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ გეგუთის სასახლე იმერეთის მეფეთა რეზიდენციაა (აღნიშნულია – იმერეთის სამეფოს 1737 წლის რუკაზე). სასახლე დაზიანდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში სოლომონ II-ის ბრძოლებისას. რუსეთის იმპერიის მიერ იმერეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ კი გაგრძელდა მისი ნგრევა, სასახლის მასალას იმპერიის მოხელეები იყენებდნენ ქუთაისში შენობების ასაშენებლად. გეგუთის კომპლექსის პირველმა მკვლევარმა, შვეიცარიელმა დიუბუა დე მონპერემ 1833 წელს შეადგინა სასახლის გადარჩენილი ნაწილის გეგმა და განსაზღვრა ცალკეული სათავსების ფუნქცია.

ნანგრევებს 2000 მ² მეტი ფართობი უჭირავს. 1937 წლის არქეოლოგიური კამპანიის შედეგად ნაწილობრივ გაიწმინდა რამდენიმე სათავსი და დაზუსტდა არსებული გეგმის დეტალები. გათხრებისას აღმოჩენილი სხვადასხვა დროის 60–მდე არტეფაქტი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. 1954 – 1962 წლებში კომპლექსი გაიწმინდა და ჩატარდა საკონსერვაციო სამუშაოები.

1953 — 1956 წლებში სარესტავრაციო-კვლევით სამუშაოთა შედეგად, შესაძლებელი გახდა სასახლის ხუროთმოძღვრული ფორმების დადგენა. ციხე-დარბაზში რამდენიმე სამშენებლო ფენა გამოირჩევა. ყველაზე ადრინდელი ნაწილი (VIII — IX სს.) გეგმით მარტივი, ერთოთახიანი, დიდბუხრიანი ე. წ. „სანადირო სახლია“. მოგვიანებით, იგი მრავალ ფუნქციას ასრულებდა. თლილი ქვით ნაგებ სამმეტრიან ცოკოლზე აღმართულია აგურით ნაგები ოთხიარუსიანი მეფეთა სადგომი ციხე-დარბაზი (XII ს.). მისი მთავარი ნაწილია 14 მეტრიანი გუმბათით დაგვირგვინებული ოთხმკლავიანი დარბაზი, რომლის აქეთ-იქით საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების სათავსოებია (საწოლი ოთახი, სალარო, საგანძური, აბანო და სხვ.). მთელ ნაგებობას გარედან ეკვრის კედლებიდან გამოწეული მასიური ბურჯები. XIII — XIV საუკუნეებს განეკუთვნება მთავარი ნაგებობის დასავლეთით მდებარე შენობა და სასახლის ეკლესია.

სოფელში დამკვიდრებულია დღესასწაული „თამარობა“, რომელიც აღინიშნება 14 მაისს. დღესასწაულზე სხვადასხვა სოფლებიდან და ქალაქებიდან ჩამოდიან სტუმრები, იკრიბებიან ციხის ნანგრევების ეზოში, სადაც იმართება საზეიმო ღონისძიებები და დოღი. სპორტული ასპარეზობები იმართება სოფლის ცენტრში არსებულ ფეხბურთის სტადიონზე.

სოფელ გეგუთს გარს აკრავს საყანე მიწები: ვაშლიანი, გელიაური, ონკოლოფო, ფონა, რომელზეც დღესაც ითესება სიმინდი და ბოსტნეულის კულტურები. გეგუთი ცნობილი იყო სხვადასხვა საჯიშე კულტურების გამოყვანით, განსაკუთრებით ცნობილია ყვითელი სიმინდის ახალი ჯიში „გეგუთის ყვითელი“, ის გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით.

კომენტარები