მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში” – დავით კლდიაშვილი

“დაიბადა იმერეთში” – დავით კლდიაშვილი

დავით კლდიაშვილი 1862 წლის 11 სექტემბერს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიმონეთში სამსონ კლდიაშვილისა და კესარია ღოღობერიძის ოჯახში დაიბადა. ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფელ ხომულში ბაბუამისის, აზნაურ ნიკო ღოღობერიძის ოჯახში გაატარა.

დავითს წერა-კითხვა დედამ შეასწავლა, შემდეგ ქუთაისში მრელოვის მოსამზადებელ სასწავლებელში მიაბარეს. 1872 წელს, 9 წლის ასაკში, მშობლებმა სასწავლებლად კიევის სამხედრო სასწავლებელში გააგზავნეს.

“სამი წელიწადი ვიყავი ისე, რომ მშობლები არ მინახავს, სამი წლის შემდეგ გაზაფხულზედ მომივიდა ფული და ეგზამენების შემდეგ გამოვსწიე სახლისაკენ კანიკულებზედ. ქართული უკვე დავიწყებული მქონდა. ორი კვირა ქუთაისში დავრჩი და რადგან დედაჩემმა რუსული არ იცოდა და მე – ქართული, ამიტომ წავიყვანე თარჯიმნად ჩემი თანატოლი ბიძაშვილი და წავედი სოფელში დედასთან. სიხარულის ტირილით შემხვდა დედა, რომელიც მეტად დაავადმყოფებული იყო ჯავრისაგან ამ სამი წლის განმავლობაში. ამ ზაფხულში გვარიანად გავიხსენე ენა და როცა გავბრუნდი გიმნაზიაში, თან წავიღე პატარა-პატარა წიგნები. აქედან შემდეგ ყოველ წლობით საზაფხულო არდადეგებზედ ვბრუნდებოდი სახლში და თანდათან უფრო ვახერხებდი ქართულ ლაპარაკს და ისე აღარ დამვიწყნია, როგორც ზოგიერთ ჩემს ამხანაგებს“, – წერს დავით კლდიაშვილი თავის მოგონებაში „ჩემი ცხოვრების გზაზედ“.

კიევის სამხედრო გიმნაზიაში სწავლის დასრულების შემდეგ, 1880-82 წლებში მოსკოვის სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა. 1882 წლის სექტემბრიდან კი სამშობლოში დაბრუნდა და ბათუმის სამხედრო ნაწილში დაიწყო სამსახური, თოფ-იარაღის შემკეთებელი სახელოსნოს უფროსად.

დავით კლდიაშვილი ბათუმში ცხოვრებისას აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში. მწერალი მოგონებაში წერს, რომ ბათუმში 1882 წლისთვის სულ 4000 მცხოვრები იყო. ქალაქს რამდენიმე ვიწრო და მოუკირწყლავი ქუჩა ჰქონდა.

დავით კლდიაშვილი წერს, რომ პატარა ზღვისპირა ქალაქში დუნედ მიმავალ ცხოვრებას ქუთაისის თეატრის წარმოდგენები აცოცხლებდა. დასი ზაფხულობით სამოქალაქო სასწავლებლის ეზოში, პატარა შენობაში, სპექტაკლებს მართავდა. იქ მოწყობილ სცენაზე ასიოდე მაყურებელი ეტეოდა.

1882 წელს დავით კლდიაშვილმა სოფელ კაცხში მცხოვრები პავლე მაჭავარიანი გაიცნო და მის ოჯახს დაუახლოვდა. 1880-იანი წლების ბოლოს დავითმა პავლეს ქალიშვილი მარიამი ცოლად შეირთო. როგორც შემდეგ იგონებდა, სწორედ თავისი სიმამრის, პავლე მაჭავარიანის მონათხრობი დაუდო საფუძვლად “სამანიშვილის დედინაცვალს“.

დავით კლდიაშვილის პირველი ლიტერატურული ნაშრომი, გერმანულიდან თარგმნილი პატარა ამბავი, ჟურნალ „ნობათში“ 1883 წელს დაიბეჭდა.

1893 წლიდან საკუთარი ნაწარმოებების ბეჭდვა დაიწყო. ამ წელს იხილა მკითხველმა „მსხვერპლი“ და „შერისხვა“. 1894 წელს დაიბეჭდა „სოლომან მორბელაძე“, 1897 წელს კი – „სამანიშვილის დედინაცვალი“. დავით კლდიაშვილის კალამს ეკუთვნის „დარისპანის გასაჭირი“, „უბედურება“, „ბაკულას ღორები“, „ირინეს ბედნიერება“, „მიქელა“ და სხვ.

დავით კლდიაშვილის ნაწარმოებები არაერთ ფილმსა და სპექტაკლს დაედო საფუძვლად. 1929 წელს, მწერლის სიცოცხლეშივე, რეჟისორმა კოტე მარჯანიშვილმა „სამანიშვილის დედინაცვალი“ გადაიღო (ამავე ნაწარმოებზე 1977 წლის შექმნილი მხატვრული ფილმი რეჟისორ ელდარ შენგელაიას ეკუთვნის).

კლდიაშვილის მოთხრობების მოტივებზეა გადაღებული დავით რონდელის „დაკარგული სამოთხე“, რომელიც 1937 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

1905 წლის რევოლუციის შემდეგ დავით კლდიაშვილი, როგორც არაკეთილსაიმედო პოდპოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან.

1905 წლიდან ჯერ – ქუთაისის ქალაქის გამგეობაში, შემდეგ კი ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა.

1914 მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე და ლაზისტანში დანიშნეს კომენდანტად.

1918 წლის თებერვალში ბათუმში, აჭარისწყალზე, ეწეოდა სამხედრო სამსახურს. ამ წლის 31 მარტს აჭარიდან უკანასკნელ მატარებელს გამოჰყვა.

1919 წლის პირველი სექტემბრიდან მსახურობდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში – პირველი დივიზიის შტაბში. ჯარების რეორგანიზაციის შემდეგ კი, 1920 წლიდან, გადაიყვანეს რეზერვში.

1920 წელს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ დავით კლდიაშვილის სამწერლო მოღვაწეობის 30 წლის იუბილე აღნიშნა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მწერალი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა. იქ ხანდაზმულმა დავით კლდიაშვილმა კიდევ რამდენიმე მოთხრობა დაწერა. 1924-1926 წლებში დაიბეჭდა კლდიაშვილის ახალი მოთხრობები „შუა ცეცხლის პირას“ და „კიმოთე მეშველიძე“. 1925 წელს გამოქვეყნდა მოგონებები: „ჩემი ცხოვრების გზაზე“.

მწერალი მშობლიურ სოფელ სიმონეთში 1931 წლის 24 აპრილს გარდაიცვალა. იგი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

ფოტოზე: დავით კლდიაშვილი, მისი მეუღლე მარიამ მაჭავარიანი-კლდიაშვილი და შვილები: სიმონი, სერგო და ნინო.

კომენტარები