მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში” – ზურაბ ანჯაფარიძე

“დაიბადა იმერეთში” – ზურაბ ანჯაფარიძე

ზურაბ ანჯაფარიძე – ქართველი მომღერალი (დრამატული ტენორი), სახალხო არტისტი, ზ. ფალიაშვილის პრემიის ლაურეატი, დაიბადა 1928 წლის 12 აპრილს ქუთაისში.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1959 წელს.

1970 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. 1959–1970 წლებში მოღვაწეობდა მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე. 1979–1980 წლებში იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორი. 1973 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1976 წლიდან იყო საქართველოს შ. რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის მუსიკალური დისციპლინების კათედრის გამგე.

სხვადასხვა დროს შესრულებული აქვს შემდეგი საოპერო პარტიები: აბესალომი, მალხაზი, რატი (ზ. ფალიაშვილის “აბესალომ და ეთერი”, “დაისი”, “ლატავრა”), მინდია (ო. თაქთაქიშვილის “მინდია”), ბაში-აჩუკი (ა.კერესელიძის “ბაში-აჩუკი”), პუშკინი და ერისთავი(დ.თორაძის “ჩრდილოეთის პატარძალი”), არსენა (ბუკიას “არსენა”), გერმანი, ვოდემონი (პ. ჩაიკოვსკის “პიკი ქალი”, “იოლანტა”), ოტრეპიევი (მუსორგსკის “ბორის გოდუნოვი”), ხოზე (ბიზეს “კარმენი”), რადამესი, დონ-კარლოსი, ჰერცოგი(ვერდის “აიდა”, “დონ-კარლოსი”, “რიგოლეტო”), კავარადოსი (პუჩინის “ტოსკა”), ფაუსტი (გუნოს “ფაუსტი”) და სხვ. ანჯაფარიძეს უმღერია მრავალი საოპერო თეატრის სცენაზე, მათ შორის რუმინეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, კანადაში, საბერძნეთში, საფრანგეთში, იტალიაში და სხვა.

გაახმოვანა გერმანიისა და ვოდემონის პარტიები კინოფილმებში “პიკის ქალი” და “იოლანტა”.

ქუთაისის საოპერო თეატრში დადგა ო. თაქთაქიშვილის “მინდია” (1979), რ. ლაღიძის “ლელა”(1981), ზ. ფალიაშვილის “დაისი”(თბილისი, 1977, 1988, ერევანი, 1984). მონაწილეობდა კინოოპერების “აბესალომ და ეთერის” და “დაისის” შექმნაში.

გარდაიცვალა 1997 წლის 12 აპრილს, 69 წლის ასაკში.

კომენტარები