მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დაიბადა იმერეთში” – რეზო გაბრიაძე

“დაიბადა იმერეთში” – რეზო გაბრიაძე

რევაზ (რეზო) გაბრიაძე – ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი და მოქანდაკე. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. საქართველოს სახალხო არტისტი. სახელმწიფო და სხვადასხვა პრემიების ლაურეატი.

დაიბადა 1936 წლის 29 ივნისს ქუთაისში. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება; 1967 წელს კი მოსკოვში უმაღლესი სარეჟისორო და სასცენარო კურსები.

1974-1980წწ. მუშაობდა კინოსტუდია “ქართულ ფილმში”; მისი სცენარებით გადაღებულია მხატვრული ფილმები: “არაჩვეულებრივი გამოფენა” (1968), “არ იდარდო”(1968), “სერენადა”(1969),”ბურთი, ხელთათმანი და კაპიტანი”(1969, კინონოველა “ფეოლა” გ. ჩარკვიანთან ერთად), “ქვევრი”(1970), “თეთრი ქარავანი”(1972), “შერეკილები”(1973), “სიყვარულო, ძალსა შენსა”(1975), “ხანძარი, სიყვარული და პომპიერო” (1976, გ. პატარაიასთან ერთად), “მიმინო” (1977, “მოსფილმი”), “დიუმა კავკასიაში(1979, მ. გორკის სახ. კინოსტუდია), “ქინ-ძაძა” (1986, მოსფილმი”, გ. დანელიასთან ერთად) და სხვ.

ავტორია მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო ფილმების ციკლისა “გზა” (1974-1978). ამ ციკლში შევიდა ფილმები: “ნიძლავი”, “სამი მანეთი”, “პეპელა”, “იღბალი” და სხვ. რეჟისორ ა. დარსაველიძესთან ერთად გადაიღო ფილმები: “კავკასიური რომანსი”(1975), “ლიმონის ტორტი”(1977) და “მწვერვალთა დამპყრობნი”(1977); გ. თოფურიასთან ერთად – “კოჯრის ტყის სიზმარები”(1978). იგი ავტორია აგრეთვე პიესებისა “ფეოლა” და “ხანუმა პარიზში”(1975).

1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელიც თბილისში, შავთელის ქუჩა 13-ში მდებარეობს, ანჩისხატის ბაზილიკის გვერდით. თეატრის პირველი სპექტაკლი „ალფრედი და ვიოლეტა“ იყო. რეზო გაბრიაძე საკუთარი სპექტაკლების პიესის ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელი იყო. 2010 წელს რეზო გაბრიაძის პროექტითა და უშუალო მონაწილეობით თბილისში მარიონეტების თეატრის გვერდით აშენდა უნიკალური საათის კოშკი. მისი ფასადი მოპირკეთებულია ათასობით შორენკეცით, რომლებიც მხატვრის ხელითაა მოხატული.

რეზო გაბრიაძეს მიღებული აქვს ადელაიდას მოკლემეტრაჟიანი და სატელევიზიო ფილმების II საერთაშორისო კინოფესტივალის II ხარისხის პრემია და ვერსხლის პრიზი “სამხრეთ თანავარსკვლავედის ჯვარი”  ფილმისთვის “სერენადა” (1970); მარ-დელ-პლატის X საერთაშორისო კინოფესტივალის სპეციალური პრიზი “კონდორი” ფილმისთვის “არ იდარდო” (1970); ამიერკავკასიის რესპუბლიკებისა და უკრაინის III კინოფესტივალის დიპლომი, საუკეთესო სცენარისთვის (“არაჩვეულებრივი გამოფენა”); იყო საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი. 2018 წლის ივლისში გადაეცა თბილისის მერიის სიგელი – ქართული კულტურის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის.

1990–იან წლებში რეზო გაბრიაძე მუშაობდა შვეიცარიასა და საფრანგეთში, სადაც ორი დრამატული სპექტაკლი დადგა: „რა სევდაა – ხეივანი დასრულდა“ ლოზანაში და „ქუთაისი“ პარიზში. ამ ორ დადგმაში მონაწილეობდნენ პიტერ ბრუკის თეატრის ცნობილი არტისტები – ნატაშა პერი, ბაკარი სანგარე და სხვები.

2004 წელს რეზო გაბრიაძემ დაწერა და ბროდვეიზე დადგა პიესა „აკრძალული შობა ანუ ექიმი და ავადმყოფი“, სადაც ჩიტოს როლი შეასრულა ბალეტის არტისტმა მიხაილ ბარიშნიკოვმა, ხოლო ერმონიის – ლუის პერესმა, ჩიკაგოს ცნობილი „ჯოფრი–ბალეტის“ დასის ყოფილმა სოლისტმა. პრემიერა მინეაპოლისში (აშშ), თეატრ გატრიში გაიმართა.

რეზო გაბრიაძის თეატრი არაერთხელ მონაწილეობდა თეატრალურ ფესტივალებში ავინიონში, ედინბურგში, ნიუ–იორკში, ტორონტოში, ბელგრადში, ჩარლსტონში და სხვა ქალაქებში.

რეზო გაბრიაძის მხატვრული ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული, იგი იყო 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორი.

რეზო გაბრიაძე გარდაიცვალა 2021 წლის 6 ივნისს, 84 წლის ასაკში. დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

კომენტარები