მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დღეს ნანახია 5 ცხედარი, საერთო ჯამში სტიქიის ზონაში 16 ცხედარია მოძიებული”

“დღეს ნანახია 5 ცხედარი, საერთო ჯამში სტიქიის ზონაში 16 ცხედარია მოძიებული”

სტიქიის ზონაში, დღეს, მეხანძრე-მაშველების მიერ მიწის მასის დამუშავების დროს ხუთი ცხედარია ნაპოვნი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ონის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა, უწყვეტ რეჟიმში აწარმოებენ ძებნა-შველის ღონისძიებას.

სამუშაოებში ჩართულები არიან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, პოლიციის დანაყოფები, დრონები, სპეცტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგთა ჯგუფი.

მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებთან დაკავშირებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკის შეყვანის შესაძლებლობას იძლევა. მისი თქმით, მთელი ღამის განმავლობაში, ღამის განათებებით უწყვეტად გაგრძელდება სამაშველო ოპერაცია.

“დღეს ნანახია 5 ცხედარი, რომელიც გადასვენებულია პროზექტურაში. საერთო ჯამში სტიქიის ზონაში 16 ცხედარია მოძიებული. მიმდინარეობს ცხედრების იდენტიფიცირება. ცხედრები ნანახია ერთი და იგივე ე.წ. კოტეჯების ლოკაციაზე. რაც შეეხება, სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობას დღეს დილიდან აქტიური სამუშაოების შედეგად მოეწყო მდინარეზე გადასასვლელი რკინის კონსტრუქციის ხიდი, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ სტიქიის ზონაში შევიყვანოთ ყველა საჭირო ტექნიკა. მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად გავაგრძელებთ სამუშაოებს, არის ღამის განათებები და საძიებო სამუშაოები გაგრძელდება 24 საათიან სამუშაო რეჟიმში. ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 7 ცხედარი, პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობ, რომ გარკვეული სიახლეები გვექნება ამ მიმართულებით. ჩვენ დღეს ორი მანქანა აღმოვაჩინეთ მდინარის კალაპოტში. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღნიშნული მანქანების ამოყვანა მდინარის კალაპოტიდან. შიგნით არ აღმოჩნდნენ ადამიანები. ერთ-ერთი მანქანის მეპატრონეები დადგენილი გვყავს და ცოცხლები და ჯანმრთელები არიან“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა მედიაში გავრცელებულ სხვადასხვა სახის ინფორმაციებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ნებისმიერი სახის ინფორმაცია მოწმდება და ხდება მასზე რეაგირება.

“რაც არ უნდა ალოგიკურად მოეჩვენოს ვინმეს, ვამოწმებთ ნებისმიერ ინფორმაციას. ვრცელდება სხვადასხვა სახის ინფორმაციები. კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერების საშუალებით და მოვუწოდო თუკი ვინმე საჭიროდ ჩათვლის ნებისმიერი სახის ინფორმაციის გადამოწმებას მოგვმართოს როგორც ცხელ ხაზზე, ასევე 112-ში დააფიქსიროს ზარი და ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად მყისიერად მოხდება ყველანაირი სახის ინფორმაციის გადამოწმება“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

მაშველების მიერ ამ დროისთვის 16 ცხედარია ნაპოვნი. სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები