მთავარიახალი ამბებიქუთაისი

“ერთი რამ მინდა ვუთხრა თქვენს დამკვეთებს, რომ ძალიან უსუსურ მდგომარეობაში არიან”

“ერთი რამ მინდა ვუთხრა თქვენს დამკვეთებს, რომ ძალიან უსუსურ მდგომარეობაში არიან”

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ის გერმანიაში არავის დაუბარია და კანცლერ ოლაფ შოლცის მიწვევით მიემგზავრება, სადაც “საუბარი ექნება ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, ზოგადად ამ რთულ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა უკრაინის ომის შემდეგ”.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა ქუთაისში, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

“პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ გიდასტურებთ, რომ ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში, ფედერალური კანცლერის, ბატონი შოლცის მიწვევით, სადაც მე მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, ზოგადად ამ რთულ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა უკრაინის ომის შემდეგ. ომის გავლენებზე, რომელიც რა თქმა უნდა, ყველას გვეხება და ბუნებრივია, საქართველოს, რომელიც პირველი მსხვერპლი იყო და ჩვენ 2008 წელს გამოვიარეთ ის უბედურება, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბრები გვექნება ბატონ შოლცთან, მე მასთან მქონდა არაერთი საუბარი, შარშანაც ვიყავი ოფიციალური ვიზიტით, მისი მიწვევით. და მე მინდა, მადლიერება  გამოვხატო კანცლერის მიმართ, ვინაიდან იგი ყოველთვის ხმამაღლა, ღიად აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას. პრაქტიკულად ყველა გამოსვლაში, გერმანიის კანცლერი ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. ასე რომ მე მადლიერი ვარ და შეხვედრების შემდეგ მოგახსენებთ შედეგებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე მოხდა თუ არა დაბარება კანცლერის მხრიდან, ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ორი დღეა, თვალს ადევნებს პროვოკაციულ ქმედებებს.

“მე არ მინდა ამაზე გიპასუხოთ, მე თვალყურს ვადევნებდი თქვენს ამ პროვოკაციულ ქმედებებს ბოლო ორი დღეა, რამდენად ანტისახელმწიფოებრივია თქვენი განცხადება, ანტიეროვნული, მაგრამ მესმის, რომ ეს თქვენი დავალებაა, დავალება მოგცეს, რომ ეს კითხვა დაგესვათ. ერთი რამ მინდა ვუთხრა თქვენს დამკვეთებს, რომ ძალიან უსუსურ მდგომარეობაში არიან, აი სხვა რომ ვერაფერი მოიფიქრეთ, გარდა იმისა, რომ თურმე თქვენი ქვეყნის პრემიერ მინისტრი ვიღაცამ დაიბარა, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ თქვენ ხართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, გაუბედურებულები ხართ თქვენ და თქვენი დამკვეთები. მე მინდა გირჩიოთ ყველას, რომ პატივი სცეთ თქვენს ქვეყანას, ჯერ პირველ რიგში თქვენს ქვეყანაზე იფიქრეთ, თქვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე იფიქრეთ და მერე შეასრულეთ ასეთი ამორალური, ბინძური დავალებები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები