მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ვარსკვლავების გარემოცვაში

ვარსკვლავების გარემოცვაში

წარმომიდგენია როგორი იყო 19 წლის, როცა პირველად მესხიშვილის თეატრში შემოაბიჯა: სქელი შავი თმით, მწყობრი აღნაგობის, ლამაზი მრგვალი სახის კონტურით და მხიარული თვალებით, სადაც ბევრი ეშმაკუნა ციმციმებდა.

იუმორი აქვს საუკეთესო და გაბედულებაც შესაშური.

ჯერ კიდევ პატარა გოგოს, სკოლის მოსწავლეს, ხონში, ახალშენში,  როცა დღესასწაულებზე ბიძა ესტუმრებოდა თბილისიდან, განსაკუთრებული განწყობა ეუფლებოდა – ამოუცნობი, პატივსაცემი, მიუწვდომელი და ჯადოსნური სამყაროს ფერებით სავსე. თეატრზე ლაპარაკი ზღაპრული ხმებივით ესმოდა. წლებს და თვეებს ითვლიდა, როდის შეეხებოდა მისი ცხოვრებაც ამ საოცნებო, ბრჭყვიალა სივრცეს, რომელიც მარტო ტელევიზორში ჩანდა.

ეს ბლოგი სონიჩკა კიკნაძეზეა. ბიძა, კი ვასილ კიკნაძე, ცნობილი თეატრმცოდნე იყო. პროფესორი. სანდრო ახმეტელის მონოგრაფიის ავტორი (დანარჩენი ღვაწლიც „იგუგლება“).

სონიჩკა თითქმის ლეგენდაა ჩვენი თეატრის „საქმის წარმოებაში“ ათეულზე მეტი სამხატვრო ხელმძღვანელის მოგონებით. 50 წლიანი ცოცხალი არქივი თამაზ მესხიდან ვიდრე დღემდე. სტილი არ შეუცვლია. არავის დამსგავსებია, მიუხედავად ბევრი ცდუნებისა ალბათ, თვალისმომჭრელი არტისტების გარემოში. ახლაც ყველაფერზე მყარი და საკუთარი აზრი აქვს. თან სხარტი სიტყვით შეზავებული, რაც ასე მიყვარს და ალბათ, არა მარტო მე.

“ერთი წელი მოხალისედ ვიმუშავე, უხელფასოდ. მაშინ „ჩაწერა“ რთული იყო და წლების მანძილზე, ჩვენი თეატრის ვარსკვლავის, ანზორ ხერხაძის ოჯახის წევრად ვითვლებოდი. ბატონმა თამაზმა სთხოვა ჩემთვის. ფორმალურად, გამოდის, რომ მისი ოჯახიდან გავთხოვდი და ამის მერეც, დიდხანს დავრჩი ანზორის ახლო სანათესავო წრის სიაში.

“აღარ უნდა ამოეწეროო?“ – მეხუმრებოდა ხოლმე, მაბრაზებდა, მაგრამ ჩემი „ნათესაობით“ არაფერი დაჰკლებია (იცინის)“ – იხსენებს სონიჩკა, ვის ოთახშიც, მეც მომიწია სამუშაო სივრცის გაზიარება და მაშინაც მალე მივხვდი, რა ფასდაუდებელ მეხსიერებასთან მქონდა შეხება.

ნახევარი საუკუნის მანძილზე, ჩვენს თეატრში არ დარჩენილა არცერთი სართული ან ფლიგელი, სადაც ადმინისტრაციას რომელიმე შტატის თანამშრომლისთვის სკამი და მაგიდა ედგა და სონიჩკამ დროებით მაინც არ დაიკავა. ასე აშარჟებს თვითონ შტატიდან შტატზე მოგზაურობას. ბოლოს სამხატვრო ხელმძღვანელის კაბინეტის გვერდით დააფუძნეს, მისი ფუნქციის და გამოცდილების “შეუცვლელობიდან“ გამომდინარე და ახლაც ასე გრძელდება. ენდობიან. არა მარტო ხელმძღვანელები, მსახიობებიც, ვარსკვლავებიც, ყოფილებიც და არსებულებიც. გახსენება მაინც წარსული წლების უყვარს ისე, როგორც უფროს თაობებს, როცა ყველა ურთიერთობა, მიუხედავად თეატრის მარადიულად მფეთქავი სპეციფიკის, უფრო ჯანმრთელი იყო და ღიმილიანი, “ეკოლოგიურად“  სუფთა და ჟანგბადით მსუყე. როცა ექსკურსიებს აინიცირებდა და მხიარულ, ახალგაზრდა გოგოს, სახელოვანი არტისტებიც ყურადღებას და სიყვარულს არ აკლებდნენ. მოსწრებულ სიტყვაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და ხელმძღვანელობას. თვალებში ისევ  ნაპერწკლები ენთება, როცა თამაზ მესხს, ალექსანდრე ბეთანელს, იური კაკულიას, ედგარ ეგაძეს, ოტია იოსელიანს, რეზო ჭეიშვილს, გოგი ქავთარაძეს, ნუგზარ ლორთქიფანიძეს, ჯეირან ფაჩუაშვილს, ავალო ქაჯაიას, გიორგი სიხარულიძეს, თამარ ლორთქიფანიძეს ახსენებს.. გიორგისგან დაწყებული, უკვე ჩემი მეხსიერებაც გრძელდება – კოტე აბაშიძე, გოგა თავაძე, გიორგი თავაძე. ნუ, მოკლედ, სონიჩკამ წარსულის და აწმყოს თეატრალურ ლეგენდებთან იშრომა. იშრომა ერთგულად და თავდაუზოგავად. განსაკუთრებული შთაბეჭდილებებიც დარჩა ამ ადამიანების სხვადასხვა ხასიათიდან, სხვადასხვა შესაძლებლობებიდან გამომდინარე. თუმცა, საერთო სიკეთით იხსენებს ყველას, მაინც. არა მარტო იხსენებს, დღესაც ამ პროცესშია – შრომის და ერთგულების, – თეატრის დიდ, მრავალფეროვან  ოჯახში.

მუზეუმში მისი ხელით ნაბეჭდი ასეულობით პიესა დევს. სონიჩკა მიყვება, გოგი ქავთარაძის ხელმძღვანელობის დროს, პრემიერა ორ კვირაში ერთხელ რომ მზადდებოდა. ხანდახან რამდენიმე სპექტაკლზე ერთად მუშაობდაო და შესაბამისად, ბეჭდვაც კატასტროფულ სისწრაფეს და ენერგიას ითხოვდა. თითო პიესის 4 ეგზემპლარი („კაპიროვკით“) „პრეკომპიუტერულ“ ერაში და მსახიობებისთვის კიდევ დამატებით, ცალკე შრომა, პერსონაჟების რაოდენობიდან გამომდინარე, წარმოგიდგენიათ? თან, მაშინ პიესებიც გაცილებით სქელტანიანი იყო და შემსრულებლებიც მრავლად.

სონიჩკა პირველი იყო, ვისთანაც რეჟისორი როლების განაწილების „წმინდა საიდუმლოს“ აზიარებდა. ჰოდა, კაბინეტიდან გამოსვლამდე, ბატონი გოგი მოაძახებდა ხოლმე თურმე, – „ახლა კარი ჩაკეტე და სანამ მაგას არ დაასრულებ, შენგან სიტყვა არავინ გაიგოსო“. „ჩემგან არა, თქვენ არ გატყდეთო“ – ეტყოდა სონიჩკა თავდაჯერებით და მართალიც იყო. ბეჭდავდა სონიჩკა „განაწილებას“ და პიესის აკრების დროს მის ნაფიქრ „განაწილებას“ ადარებდა. „უმეტესად ემთხვეოდა“ – ამაყად მიპასუხა, – „თუმცა მხოლოდ სახეზე მეტყობოდა როცა რეჟისორი სხვას მეტყოდა და მე სხვა მსახიობი მყავდა წარმოდგენილი, სიტყვით ერთი-ორჯერ თუ წამცდენიაო“.

ამ დრომდე თვლის, რომ ყველას საიდუმლო „დაივიწყა“. ენდობოდნენ მსახიობები და გულს უშლიდნენ. მაგრამ სონიჩკა ამაყობს, რომ ნებისყოფას არ უმტყუნია და მესაიდუმლეობაშიც განსაკუთრებული სიმტკიცე გამოიჩინა. ფაქტია, 50 წელზე მეტია, ყველასთან ხმამაღალი პასუხის უფლება აქვს, მის სტილში, ხონური იუმორით, მოხდენილი გონიერებით. და ჯერ კიდევ ჰყვებიან მასთან ისტორიებს ცხელ გულზეც და ისეც.

“იყო ის დროც, როცა ყველას, განურჩევლად, 300 კუპონი გვქონდა ხელფასი. სუბორდინაციის მიუხედავად. მაშინ სხვა სამსახური შემომთავაზა ჩვენმა ყოფილმა თანამშრომელმა. შპს-ების დრო იყო, იქ გამომუშავება 10-ჯერ და მეტჯერ აღემატებოდა აქაურ ხელფასს. რა თქმა უნდა, არც კი მიფიქრია თეატრის დატოვება, არასდროს. ჩემი ოჯახია ეს. ვგულშემატკივრობ, როგორც საკუთარს. მთელი ცხოვრებაა 50 წელი. როგორი დიდებული ადამიანების გარემოში ვცხოვრობ და ვიცხოვრე.. რაზე გავცვალო?“

ბევრი მოგონება და სახელი ვერ ჩავატიე ერთ ბლოგში სონიჩკასთან. ბევრი თვითონაც არ მოყვა ასე, სახელდახელოდ.  მესხიშვილელი ვარსკვლავების საიუბილეო პოსტერებით აფერადებული მისი ოთახი ისევ ძველებურივით სავსეა და ხმაურიანი, სამუშაო რეჟიმში. მოკლე და საჭირო დისტანციით სამხატვრო ხელმძღვანელის კაბინეტის ღია კარამდე. წამოსვლა მომინდა ფიქრებით გაჯერებულს. „ისევ გავაგრძელებთ საინტერესო ისტორიებზე ლაპარაკს“ – დავუბარე და დავემშვიდობე დროებით.

ყველამ იცის სონიჩკა, ვისაც ერთხელ მაინც საქმიანი შეხება ჰქონია ჩვენს დიდებულ თეატრთან…

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები