მთავარიახალი ამბებიქუთაისი

“ვის ან რატომ აფარებთ ხელს? ჭამს თუ არა სამართალი პურს ამჯერად მე არ ვიცი, მაგრამ ბოლომდე გავყვები“

“ვის ან რატომ აფარებთ ხელს? ჭამს თუ არა სამართალი პურს ამჯერად მე არ ვიცი, მაგრამ ბოლომდე გავყვები“

სამოქალაქო აქტივისტი და სალონის მფლობელი ამირა კოპალიანი სოციალურ ქსელში ქუთაისის მერიის თანამშრომლის შესახებ წერს, რომელიც მისი თქმით, სალონში ყოველგვარი წარდგენის გარეშე შევიდა, სამუშაო პროცესს ხელი შეუშალა და რეპუტაციული და ფინანსური ზიანი მიაყენა.

კოპალიანის თქმით, ვითარების გარკვევას შეეცადა, თუმცა ამ დრომდე არსაიდან, მათ შორის არც ქუთაისის მერიიდან 4 კვირაზე მეტია, არანაირი პასუხი არ მიუღია.

როგორც ამირა კოპალიანი წერს, ყველა ფაქტი აქვს და საქმეს ბოლომდე გაყვება, რადგან მიაჩნია, რომ ეს მისი მოქალაქეობრივი ვალია.

“არ მეგონა თუ ამ პოსტის დაწერა მომიწევდა..

ადამიანებო, მჭირდებით

მე ახლა გიამბობთ ამბავს იმაზე, თუ როგორ შეუძლია საჯარო სამსახურში მომუშავე პერსონას, არც მეტი, არც ნაკლები ქ.ქუთაისის მერიის თანამშრომელს, ვიღაცას “უჯიგროს”, შემოგივარდეს სამსახურში ყოველგვარი წარდგენის გარეშე, აგაწიოკოს, დაგარბიოს და დაგაზარალოს ისე, რომ წლების ნაშრომი გაგიცამტვეროს. მოგაყენოს რეპუტაციული და ფინანსური ზიანი, გაგანადგუროს მორალურად…

გგონია, რომ გაგიმართლა, რადგან კამერები გაქვს პერიმეტრზე, რომელიც აფიქსირებს ჩვეულებრივი პროვოკატორი ქალის არაადეკვატურ ქმედებებს, რომელსაც პერიოდულად გული უხდება ცუდად, რადგან პასუხებს, რომელსაც უბრუნებ “აღიქვამს” თავდასხმად და იქეთ გიხდება მისი დამშვიდება კორსიზით.

როლშია მოკლედ….

სალონში პროცედურაზე მყოფ ადამიანებს ავიწროვებს, თავს ესხმის, რომ არასათანადო ადგილას არიან პროცედურებზე, რომ საფრთხის ქვეშ აყენებენ ჯანმრთელობას ჩვენთან ვიზიტით,
აცხადებს რომ მომხმარებლის ზარის /საჩივრის/ საფუძველზეა შემოსული ობიექტზე მონიტორინგის მიზნით.

ხელს უშლის სამუშაო პროცესს იმ დოზით, რომ ერთი მომხმარებელი ტოვებს პროცედურას. მეორე წყვეტს, რადგან იძულებულია სკამი დაუთმოს თავზედამდგარ გაავებულ ქალს. მერე მთელი დღე ცდილობ ამ პერსონის იდენთიფიცირებას…

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე გპასუხობენ, რომ მათგან არავინ ყოფილა, კიდევ ბევრგან რეკავ.. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი გარწმუნებს, რომ თვითმარქვიები იქნებოდნენ, რადგან მათი სამსახურის თანამშრომელი მსგავს გადაცდომებს არ ჩაიდენდა.
ისევ კამერები გშველის, ფოტოთი იდენთიფიცირება.

დასტურდება, რომ ქალბატონი მათი თანამშრომელია. სამსახურის უფროსი ბ-ნი გოჩა გიორგაძე უარყოფს ფაქტს, რომ ჯგუფი გამოსული იყო საჩივრის საფუძველზე, არანაირი ზარი არ ყოფილა!!!
არანაირი ოქმი არ არსებობს! ანუ რა ხდება? ითხოვ პასუხს, თუკი არ იყო ზარი, რა მოტივი ამოძრავებდა ამ ქალბატონს? რა ინტერესი? რეპუტაციული ზიანის მოყენება ვისი დავალებით? კიდევ რა? დაშინება? თუკი დარღვევები იყო ობიქეტზე რატომ არ მოხდა თანამშრომლების დაჯარიმება? ან თუნდაც გაფრთხილება, ასეთ დროს არ ივსება რაიმე ფორმის დოკუმენტაცია?

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH
ეს არ იყო გეგმიური შემოწმება, რადგან ორი კვირით ადრე შეგვამოწმეს და აღნიშნეს, რომ კანონი სალონებს არ ავალდებულებს ისეთი სასტერილიზაციო ტექნიკის ქონას, რომლითაც ჩვენთან ხდება ინსტრუმენტების სტერილიზაცია /ულტრაბგერითი სტერილიზაციით რეცხვა-დეზინფექცია და ავტოკლავით სტერილიზაცია/

შეგვაქეს მოკლედ..

შენიშვნაც მოგვცეს, ერთ-ერთ სპეციალისტს სამეწარმეო საქმიანობის საბუთი არ ჰქონდა გამოკრული..
არანაირი დარღვევა.

ინციდენტს მეორე დღესვე უსწრაფესი რეაგირება მოჰყვა საზოგადოებრი ჯანდაცვის ცენტრის სამსახურის უფროსის მხრიდან, ბოდიშები მომხდარის გამო და შექება, რომ იშვიათი წესრიგი გაქვს.. დაპირება, რომ მყისიერი რეაგირება იქნება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რადგან სახეზეა უფლებამოსილების გადამეტება და მეტიც, ბოროტად გამოყენება.. უსმენ და გიხარია, რომ სახელმწიფოში ცხოვრობ და კანონი გიცავს.. არადა თურმე სულ ტყუილად გიხარია… რა კანონი, რა სახელწიფო, ვიღაცას ყელში თუ არ გადაუხვედი იყავი და აღარ ხარ…..

დღემდე არაფერი, არანაირი პასუხი ..

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია / Kutaisi City Hall სამი განცხადება 4 კვირაზე მეტია მიგდებული გაქვთ. ქალაქის მერო თუ მერის მოადგილევ/ არ ვიცი რამდენი ხართ, ან რა საჭირო ხართ ამდენი თუ მოქალაქისთვის პასუხი ვერ დაგიბრუნებიათ ამდენი დღის განმავლობაში? რეაგირება? რამდენიმე ზარი მერიის იურიდიული სამსახურიდან, თხოვნით, რომ გადააგზავნო ვიდეო ჩანაწერი, რათა მოხდეს კადრებით დადასტურება ჩვენს მიერ აღწერილი ფაქტების, რომ ნამდვილად გადაცდომაა. /ანუ რა გამოდის, თუ ვიდეოგადაღება არ გაქვს, სამაართლიან გადაწყვეტილებაზე არც უნდა იოცნებო./

მას შემდეგ, რაც ვიდეოჩანაწერის გადაცემაზე უარს ეუბნები, რადგან კანონმორჩილი ხარ და არასდროს გაცნობიერებულად არ დაარღვევ ვინმეს უფლებებს. /ჩანაწერის გადაცემა ქალბატონის თანხმობის გარეშე კანონდარღვევაა/.

მიუხედავად იმისა, რომ გითანხმდებიან, რომ შეგატყობინებენ თარიღს, როდის უნდა გამოცხადდე მერიაში შეხვედრაზე, სადაც წარადგენ ვიდეო ჩანაწერს, რომელზეც აღბეჭდილია “მონიტორინგი ზარის საფუძველზე”, რომელიც დებოში უფროა, ვიდრე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება – კავშირი წყდება რამდენიმე კვირით.

#ქუთაისისმერია ვის ან რატომ აფარებთ ხელს?

P.S ბევრჯერ მისაუბრია როგორ მოვედი ამ სპეციალობაში 10 გელ ლაქის ფერით და SOS ბავშვთა სოფელი-ს მხარდაჭერით.

ფინანსური ვალდებულებებით, რომლის დაფარვის ერთადერთი გზა ჩემი სამსახურია.

უცხო ქალაქში, სადაც ჩემი სანაცნობო წრე 50 კაცს არ აღემატებოდა შევძელი თავის დამკვიდრება. დღეს მე მიცნობენ ჩვენს ქალაქში, დიახ, მიცნობენ ისე როგორც კეთილსინდისიერ ადამიანს!

ამიტომ ვიღაცა შეუმდგარი არსებას ეგოს ვერ დავაკმაყოფილებინებ!!!!

ჭამს თუ არა სამართალი პურს ამჯერად მე არ ვიცი, მაგრამ ყველა ფაქტი მაქვს და ბოლომდე გავყვები. ვთვლი, რომ ეს ჩემი მოქალაქეობრივი ვალია.

სისხლის სამართლის საქმე თუ სამოქალაქო დავა? მგონი ორივე…

შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia – ჯერ კიდევ მაქვს შეგრძნება, რომ სახელმწიფოში ვცხოვრობ, რომლის მოქალაქეც ვარ!

კომპეტენტური ადამიანებისგან მივიღებ ნებისმიერ რჩევას, როგორ განვაგრძო საქმის წარმოება?

თუ გყავთ მეგობრები ადვოკატები, ან არასამთავრობო სექტორიდან, დამითაგეთ“, – წერს კოპალიანი.

კომენტარები