მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ვფიქრობ, საცხოვრებლად აქ დავრჩები” – ინტერვიუ “სამგურალის” ბრაზილიელ ლეგიონერთან

“ვფიქრობ, საცხოვრებლად აქ დავრჩები” – ინტერვიუ “სამგურალის” ბრაზილიელ ლეგიონერთან

წყალტუბოს საფეხბურთო კლუბის “სამგურალის” ბრაზილიელი ლეგიონერი ჯეფერსონ ჯერალდო საქართველოში 2016 წლიდან თამაშობს და ქართულად საუბარიც შეუძლია. ჯეფინიო წყალტუბოს გუნდში ქობულეთის “შუქურადან” მიმდინარე წელს გადავიდა და “სამგურალისთვის” ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახდა. მიმდინარე ჩემპიონატში მან 4 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

– ჯეფი, თავდაპირველად მოგვიყევი სად თამაშობდი და საქართველოში როგორ აღმოჩნდი?

– ბრაზილიაში ჩემი პირველი გუნდი “ტიგრეს დუ ბრაზილი” იყო. “კარიოკას” რიგებში ბრაზილიის უმაღლეს ლიგაშიც ვითამაშე. იმ პერიოდში ისეთი ცნობილი ვარსკვლავების წინააღმდეგ მითამაშია, როგორებიც რონალდინიო, ანდრიანი და ჟუნინიო პარამბუკანო იყვნენ. სამშობლოდან წასვლის შემდეგ 6 თვე ნიკარაგუაში ვასპარეზობდი, იქედან კვიპროსის “ეთნიკოსში” გადავედი. შემდეგ კი საქართველოს ჩემპიონატში ქობულეთის “შუქურაში” ჩამოვედი.

– 6 წელიწადია, საქართველოში თამაშობ, რას ფიქრობ ქართულ ფეხბურთზე და საქართველოს ჩემპიონატზე?

– ქართველები ტექნიკურები და ჭკვიანები არიან, იციან ფეხბურთის თამაში. შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ, აქ საკმაოდ კარგი სისწრაფეებია, სწრაფად გადადიან დაცვიდან შეტევაში და პირიქით. ბრაზილიის ჩემპიონატში კი მეტად ტექნიკურ და კომბინაციურ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას. საქართველო პატარა ქვეყანაა და ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ჰყავს, თუმცა უმრავლესობა ადრე ტოვებს ჩემპიონატს. თუ ქართულ ფეხბურთში შედარებით მეტი ინვესტიცია ჩაიდება, არის პერსპექტივა, რომ ჩემპიონატის დონემ მნიშვნელოვნად მოიმატოს.

– “სამგურალში” ახალი სეზონის დაწყებამდე გადმოხვედი, რას იტყვი შენს ახალ კლუბზე, როგორ მოგწონს აქ თამაში?

– “სამგურალში” პირველ სეზონს ვატარებ და აქ ძალიან მომწონს. ძლიერი გუნდი გვყავს, კარგ სეზონს ვატარებთ. მწვრთნელებიც და ფეხბურთელებიც პროფესიონალები არიან. ბევრს შრომობენ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიონ. ყველა დეტალს მაქსიმალური ყურადღებით ეკიდებიან და საერთო ჯამში ამას კარგ შედეგამდე მივყავართ. იგივეს ვიტყოდი გუნდის სტაფზე, “სამგურალში” საქმის მცოდნე, მშრომელი ადამიანები მუშაობენ. ექიმი, მასაჟისტები, ადმინისტრატორი თუ სხვა, დაუღალავად მუშაობენ და გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

– საინტერესოა შენი თვალით დანახული საქართველო…

– საქართველო ძალიან მიყვარს. აქ ძალიან თბილი ხალხი ცხოვრობს. მეგობრულობით და სითბოთი ბრაზილიელებს შევადარებდი. მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობები, თავისუფალ დროს ხშირად ვატარებ ჩემს მეზობლებთან. განსაკუთრებით ძალიან მიყვარს “მუმუს” და ელისოს ოჯახი. მომწონს წყალტუბოში ცხოვრება, ლამაზი, წყნარი ქალაქია, ბევრი სიმწვანით. ხშირად ვსეირნობთ პარკში. მიყვარს ქართული კერძები, განსაკუთრებით ხაჭაპური და მწვადი, ჩემს მეუღლეს კი ხინკალი.

– საქართველოზე იმდენად ხარ შეყვარებული კარიერის დასრულების შემდეგ აქ დარჩენაზე ხომ არ გიფიქრია?

– ამის თაობაზე ხშირად ვფიქრობ. ბრაზილია მენატრება, მაგრამ საქართველო ისე მიყვარს, ვფიქრობ, რომ საცხოვრებლად აქ დავრჩები და კარიერის დასრულების შემდეგ ბავშვების მწვრთნელად ვიმუშავებ.

კომენტარები