მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე 3 პირი დააკავეს (ვიდეო)

იმერეთში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე 3 პირი დააკავეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ამავე დეპარტამენტის ჭიათურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი 3 პირი დააკავეს.

ჯგუფური გამოძალვის ბრალდებით დაკავებულები არიან “კრიმინალური ავტორიტეტები”: 1994 წელს დაბადებული კ.კ., ასევე ორი სხვადასხვა “კანონიერი ქურდის” ოჯახის წევრები – 1978 წელს დაბადებული მ.ა. (მეტსახელად „თეოფილიჩი“) და 1968 წელს დაბადებული ბ.დ. (მეტსახელად „გრიშიჩი“).

დანაშაულები თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, 1997 წელს დაბადებულ გ.ნ.-სგან ბრალდებულები მათთვის კონკრეტული თანხის გადაცემას ითხოვდნენ.

ასევე, ერთ-ერთი ბრალდებულის, მ.ა.-ს დავალებით, ბ.დ. და კ.კ. აღნიშნულ პიროვნებას შეხვდნენ, ხოლო მ.ა. ამავე პიროვნებას მობილური ტელეფონით დაუკავშირდა. ბრალდებულებმა მას 1 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ.

სამივე პირი იმერეთში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვას გულისხმობს.

კომენტარები