მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქუთაისელი თეატრალები

მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ქუთაისელი თეატრალები

მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი მასშტაბური ტრაგედია იყო, რომელშიც სამოც მილიონამდე ადამიანი დაიღუპა.

საბჭოთა სოციალისტური რეპუბლიკების კავშირიდან თითქმის ყველა ოჯახის წარმომადგენლები იბრძოდნენ ამ ომში. საქართველოდან შვიდას ორმოცდაათი ათასამდე ადამიანი გაემგზავრა ფრონტზე. მათ შორის იყო ქალაქი ქუთაისი, საიდანაც ათასობით ადამიანი წავიდა მეორე მსოფლიო ომში. ქუთაისის რკინიგზის სადგურიდან ახალგაზრდებით სავსე ეშელონები მიემგზავრებოდა ფრონტისკენ. მათ არ იცოდნენ დაბრუნდებოდნენ თუ არა ცოცხლები.

მეორე მსოფლიო ომში ქუთაისმა გააგზავნა ოცდაერთი ათას ხუთასამდე ჭაბუკი და გოგონა, რომელთაგან შვიდი ათასამდე, სამწუხაროდ, ფრონტიდან ვერ დაბრუნდა.

აღსანიშნავი და ნამდვილად სათანადო პატივის ღირსია, რომ მეორე მსოფლიო ომში იბრძოდნენ ქუთაისის თეატრალური საზოგადოების მოღვაწეებიც ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრიდან.

1941 წლის ივნისის მეორე ნახევარში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი გასტროლებზე გაემგზავრა თბილისში. 1941 წლის 20 ივნისს მესხიშვილის თეატრმა თბილისში წარმოადგინა შექსპირის „მეფე ლირი“, რომელიც ბრწყინვალედ ითამაშეს მსახიობებმა ა. იმედაშვილმა, ი. ზარდალიშვილმა და სხვებმა. 21 ივნისს ქუთაისის მესხიშვილის თეატრმა თბილისელი მაყურებლების წინაშე ითამაშა მ. გორკის პიესა “მტრები“. 22 ივნისს მესხიშვილელებს თბილისში უნდა წარედგინათ შ. დადიანის „გუშინდელნი“, თუმცა ეს სპექტაკლი ვერ შედგა… 1941 წლის 22 ივნისს, გამთენიისას, ნაცისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს. მეორე მსოფლიო ომში ჩართული აღმოჩნდა საბჭოთა კავშირი. ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მორიგი სპექტაკლი თბილისში გაუქმდა და მესხიშვილელთა დასი სასწრაფოდ ქუთაისში დაბრუნდა.

მეორე მსოფლიო ომში ქუთაისელი თეატრალებიდან ფრონტზე გაემგზავრნენ: ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის რეჟისორის თანაშემწე გ. ჯიბუტი; თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე, პოეტი გ. ნაფეტვარიძე; დამამზადებელი საამქროს გამგე ი. ნანიაშვილი; მსახიობები – ა. აფხაიძე, მ. ბინიარიშვილი, თ. ვაშაკიძე, ა. მამრიკიშვილი, ა. ოქრუაძე. ქუთაისელმა თეატრალებმა მამაცობის ბრწყინვალე მაგალითი აჩვენეს და იარაღი აიღეს ხელში სამშობლოს დაცვისათვის.

იმჟამინდელ პრესაში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობსა და იმ დროისათვის უკვე უფროს სერჟანტ აკაკი აფხაიძის შესახებ დაიწერა: „გერმანიის ფაშიზმთან ბრძოლის ფრონტზე სარდლობის საბრძოლო დავალებათა სანიმუშოდ შესრულებისათვის და ამასთან გმირობისა და მამაცობის გამოჩენისათვის უფროსი სერჟანტი აკაკი ნიკოლოზის ძე აფხაიძე დაჯილდოებულია წითელი ვარსკვლავის ორდენით, მედლით „საბრძოლო დამსახურებისათვის“ და „წარჩინებულ მზვერავის“ სამკერდე ნიშნით. 1942 წლიდან იგი უკვე კომუნისტური პარტიის რიგებშია“, – წერდა იმდროინდელი პრესა. ამ საინფორმაციო ცნობიდან ნათლად ჩანს, როგორ მამაცურად გამოუჩენია თავი მეორე მსოფლიო ომის ფრონტზე მყოფ ქუთაისელ მსახიობსა და იმ დროს უკვე უფროს სერჟანტ აკაკი აფხაიძეს, რომელიც სრულიად ახალგაზრდა იყო. მას 1938 წელს დაუსრულებია ქუთაისის 25-ე საშუალო სკოლა. სამწუხაროდ, ა. აფხაიძე ფრონტზე დაიღუპა.

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრიდან მეორე მსოფლიო ომში წასული ქუთაისელი თეატრალებიდან, სამწუხაროდ, ვერცერთი დაბრუნდა ფრონტიდან ცოცხალი.

ქუთაისელმა მსახიობებმა და სხვა ხსენებულმა თეატრალებმა სცენიდან მწარე რეალობაში გადაინაცვლეს, რომელიც ტრაგიკულად იქცა, სადაც თავიანთი გმირობით სიცოცხლე შესწირეს ნაციზმისა და ფაშიზმის დამარცხებას და ამგვარად გაწირეს საკუთარი თავები სამშობლოსათვის… დიახ, სამშობლოსათვის, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ იმჟამად საქართველო დაპყრობილი იყო საბჭოთა კავშირის მიერ, ყოველი ქართველი, რომელიც გმირულად აღესრულა მეორე მსოფლიო ომში, ის თავისი სამშობლოს – საქართველოს უსაფრთხო მომავალს შეეწირა, ვინაიდან ნაციზმი და ფაზიშმი გამარჯვების შემთხვევაში ალბათ უშუალოდ და პირდაპირ საქართველოსაც მოადგებოდა.

მეორე მსოფლიო ომში გმირულად აღსრულებულმა ქუთაისელმა თეატრალებმა ხელოვნებისა და გმირული მამაცობის ერთობლივი ლამაზი ისტორია დაწერეს, რომელიც თვისობრივად საინტერესო და განსაკუთრებულად პატივსაგებია.

ფოტო: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები