მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“მინდა დაბეჯითებით მივმართო მოსახლეობას რჩევებით” – თენგიზ ცერცვაძე ვირუსულ ინფექციებზე

“მინდა დაბეჯითებით მივმართო მოსახლეობას რჩევებით” – თენგიზ ცერცვაძე ვირუსულ ინფექციებზე

მოიმატა COVID-ით დაგვიანებული შემთხვევებით მომართვიანობამ. ბოლო დღეებში დაგვიანებით და მძიმე მდგომარეობაში მოგვმართა COVID-ით რამდენიმე ავადმყოფმა და მათი სიცოცხლის გადასარჩენად მძიმე ბრძოლა გვიწევს, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს.

“როგორც ადრე ვწერდით, საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა შეძლო გადაექცია COVID ერთ-ერთი რიგით რესპირაციულ ინფექციად, რაც ნიშნავს, რომ COVID-ით გამოწვეული სიკვდილობა მისი ნეგატიური გავლენა ადამიანების ცხოვრების ხარისხსა და ქვეყნის ეკონომიკაზე პრაქტიკულად არ აღემატება ან მხოლოდ ცოტათ აღემატება სხვა რესპირაციული ინფექციებით, მაგალითად გრიპით და სხვა ე.წ. სეზონური ვირუსებით გამოწვეულ შესაბამის მაჩვენებლებს.

დღეს საქართველოში, როგორც მთელს მსოფლიოში ფიქსირდება გრიპის და სხვა სეზონური ვირუსული ინფექციების (რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, რინოვირუსი, ადენოვირუსი და სხვ.) გახშირებული რაოდენობა. პაციენტების, განსაკუთრებით ბაშვების, მომართვიანობა გაზრდილია, კლინიკები გადატვირთულია. ეს ინფექციები ზოგჯერ მძიმედ მიმდინარეობს და სერიოზულ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს. მათ შესაძლოა გამოიწვიონ სერიოზული გართულებები, განსაკუთრებით ბავშვთა ასაკში და ასაკოვან (65 წელზე ზემოთ) პირებში, აგრეთვე მათში, ვისაც აქვს სერიოზული თანმხლები ქრონიკული დაავადებები და იმუნოდეფიციტური მდგომარეობები. ეს ასე იყო წინა წლებში და ალბათ, ასე იქნება მომავალშიც. საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა ამ პრობლემას, ყველა რგოლი დაწყებული ოჯახის ექიმებით და სასწრაფო სამედიცინო დახმარების პერსონალით და დამთავრებული კლინიკებით. გამართულად ფუნქციონირებს. მოსახლეობის უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული.

ბოლო პერიოდში სეზონური ვირუსული ინფექციების სიჭარბის ფონზე გამოიკვეთა ერთი სერიოზული პრობლემა. მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ საქართველოში COVID აღარ არის და რესპირაციული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ხშირად დროულად აღარ იკეთებს ტესტს COVID-ზე. შედეგად მოიმატა COVID-ით დაგვიანებული შემთხვევებით მომართვიანობამ. ბოლო დღეებში დაგვიანებით და მძიმე მდგომარეობაში მოგვმართა COVID-ით რამოდენიმე ავადმყოფმა და მათი სიცოცხლის გადასარჩენად მძიმე ბრძოლა გვიწევს”, – აცხადებს ცერცვაძე.

ცერცვაძე მოსახლეობას კორონავისურთან დაკავშირებით რამდენიმე რჩევასაც აძლევს.

ხშირად გვეკითხებიან, როგორ უნდა მოვიქცეთ ძალიან გახშირებული, მათ შორის მძიმე რესპირაციული ინფექციების ფონზე.

მინდა დაბეჯითებით მივმართო მოსახლეობას შემდეგი რჩევებით:

• რესპირაციული სიმპტომების პირველივე გამოვლენისთანავე ჩაიტარონ ტესტი COVID-ზე, ვინაიდან COVID კვლავ რჩება პოტენციურად ყველაზე სახიფათო რესპირაციულ ინფექციად და ამასთან, მას აქვს ძალიან ეფექტიანი სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა. COVID-ის დადასტურების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს და ზედმიწევნით შეასრულონ მისი რეკომენდაციები. თავის მხრივ ექიმების მოვუწოდებ, ჩვენებების შემთხვევაში რაც შეიძლება ადრე დაიწყონ მკურნალობა პაქსლოვიდით ან რემდესივირით.

• თუ გვაქვს მძიმედ მიმდინარე რესპირაციული ინფექცია უეცარი დასაწყისით, მაღალი ტემპერატურით და ინტოქსიკაციით, აუცილებლად უნდა ვიფიქროთ გრიპზე და ჩავიტაროთ შესაბამისი ტესტი. უნდა გვახსოვდეს, რომ გრიპსაც აქვს ეფექტიანი სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა (ტამიფლუ). ყველა შემთხვევაში თავი შევიკავოთ თვითმკურნალობისგან და შევასრულოთ ოჯახის და/ან კლინიკის ექიმის რეკომენდაციები.

• გვახსოვდეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია COVID-ის და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, რომელიც ფართედ ხელმისაწვდომია”, – წერს ცერცვაძე.

კომენტარები