მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მომინდა დავწერო მეგობარზე

მომინდა დავწერო მეგობარზე

ეს არ არის შთაბეჭდილება სპექტაკლზე, რაზეც ხშირად ვწერ ხოლმე…

მაგრამ არის შთაგონება სპექტაკლიდან. წამი და ელექტრონი, რომელმაც ხელის მტევანზე ძარღვები კანს ზემოთ ამობურცა – მომინდა დავწერო მეგობარზე!

დღეს “12 განრისხებული მამაკაცი“ თეატრის ბიჭის გარეშე ვნახე. ბევრი რამე ვნახე უკვე მის გარეშე. ბევრი ფიქრი და სიტყვა გავუგზავნე კოსმოსში, სადღაც… ისევ მიუღებელი პასუხებით, რისხვით და ბრაზით. აუტანელი ამტანობით! დადიხარ და იცი, რომ ბევრი ადამიანისთვის შენი დანახვა მარტო შენი დანახვა აღარ არის ქუჩაში, თეატრში, ლავაცასთან, სოციალურ ქსელშიც კი, პირად სივრცეში. დადიხარ და იცი, რომ შენს თვალებში ამოუცლელ სევდას ეძებენ, ნამსხვრევებს, მონანიებას, აღსარებებს, სიმართლეს და ტყუილს, რომლის აზრზეც არ არის სამყაროს დიდი ნაწილი. რომელიც მარტო შენ იცი და იქნებ რამდენიმემ…

ამ „რამდენიმეს“ ერთი სხივი იყო დღეს, რამაც ძარღვები დამიბერა.

“12 განრისხებულ მამაკაცში“ (დამდგმელი რეჟისორი გიორგი სიხარულიძე) გიგა აბულაძე პირველ შეჯახებას აკეთებს forte -ში რამდენიმე “მოციქულთან“. თეთრ პერანგებში უნიფიცირებულ მონოფონიურობას, თითქოს ერთსახიან და ერთაზრიან ჯგუფს (თვითონაც ასე კოსტიუმირებული), სხვა  ხმით და წარსულის ტკივილით გამოეყოფა (როცა კითხვებს სვამ, სულ „გამოყოფაა“ ალბათ) და გია საღინაშვილის გმირს (რომელსაც თავშივე აეჭვებს ბრალდებულისგან მამის მკვლელობა) თვალს უსწორებს ფრაზაზე “ერთი საათი მაჩუქეთ რა“.

ამ დროს იყო მისგან ნამდვილი თეატრალური ნაპერწკალი, „შეფასების“ ის ფოტონი, რომელიც მიძღვნას დაგაწერიებს ჩემნაირ იდეალისტს და რომანტიკოსს.  ამას ეძახიან ალბათ, სცენაზეც „სიმართლეს“. ამ მართალი გრძნობისთვის გადის მსახიობიც და რეჟისორიც შემოქმედების არც ისე ადვილ, მაგრამ უდავოდ ვნებიან გზას.

გიგა ჩემთვის ტრანსცენდენტური ბმაა იმ უსახელო მეგობრობის, თანამოაზრეობის, თუ თანაქმედების, რომელსაც ბოლო ხუთი წელი, ბრძოლით, გრძნობით და საზღვრებმმოშლილი ხელო-ვნების სურვილით გავდიოდი „თეატრის ბიჭთან“ ერთად.  ფანტომთან, რომელიც ასე სწრაფად აფრინდა მიწიდან ზევით.

გიგა უკიდეგანო ერთგულების და ადამიანური სისადავის შარმით შემოვიდა ჩვენს კოლაბორაციაში და განყენებულად დარჩა, როგორც „თეატრის ბიჭის“ არტისტული სულის ყველაზე ახლო მოზიარე. მისი თავგანწირვის სასცენო ჩანაფიქრი..

ახლა ვუყურებდი „12 განრისხებულში“  სხვისი ბედის გადამწყვეტთა შორის ერთ განრისხებულს და  სული ამომდიოდა. არავინ დაზოგა  თამაშში თავი, მაგრამ მე გიგას ლინზად ვიყავი ქცეული.

დარბაზი მთელი გულით თანაუგრძნობდა ბრალდებულის გამართლებას და ტაშით ხვდებოდა  ყველა პირველაზრიდან გადამდგარ „მოციქულს“ თუ „მოწაფეს“ (ამ სიტყვებს ვახსენებ, რადგან რეჟისორს „საიდუმლო სერობის“ ინტერპერტაცია აქვს პიესის ტექსტურად, ჩემი აზრით). მამალს არ დაუყივლია, თუმცა სცენაზე იყო, როგორც ღალატის მოლოდინის ერთგვარი სიმბოლო, დეზებიანი და ფერადი – თეთრი სუფრის ცენტრში, წითელი ღვინით ნაფერ ფუჟერებთან ერთად. თევზიც, როგორც ახსნა რწმენის და ახალრწმენის – მაგიდის გვერდით დიდ საალაფო გობში იხარშებოდა..

ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზეა ეს პიესა. ერთის სიმართლის განაჩენზე. მართალია, ბოლოს – საღვთო შეგონებით და საკაცობრიო/ქრისტიანული მორალით (რომელიც თითქოს ყველამ უნდა ვიცოდეთ), მაგრამ რა მხატვრული ხერხიც არ უნდა იყოს, იდეა ერთია: იყო, თუ არა, დანაშაული? უნდა განსაჯო (მეტიც – დასაჯო), თუ არა ის, რაშიც დარწმუნებული არ ხარ? რაზეც (ვისზეც) ბევრი არაფერი იცი და სახელიც დაარქვა – მკვლელის!

იგივე საზოგადოება, რომელიც ჩვეულებრივ ყოველდღიურობაში სრული გულგრილობით (რომელსაც ხშირად თანაგრძნობის ყალბი ნიღაბი აქვს), ზედაპირულობით და მოუცლელობითაც, ადვილად არქმევს ამ სახელებს საჯაროდ, ვერდიქტად და სიკვდილის, სირცხვილის, სინანულის და მარგინალობის სტიგმატური განაჩენი უაპელაციოდ გამოაქვს სხვებისთვის, – საოცრად მგრძნობიარე იყო ამ სპექტაკლის პერსონაჟთა უმცირესობის მსჯელობასთან, რომელიც მერე უმრავლესობაც ხდება. ზუსტად ეს მაგია აქვს ლაპარაკს, პირველი ეჭვის გაჩენას, პირველი სწორი კითხვის დასმას და „თეთრ ყვავობასაც“ ნებისმიერ „ერთობაში“!

ჩემი მეგობრის თვალებიდან გამოსულმა, შინაგანი ენერგიის ერთმა ულუფამ გადაწყვიტა ამ ბლოგის გრძნობაც და ბედიც.

გიგა იყო დღეს ჩემი მისტიკა და ხიდი კოსმოსთან „თეატრის ბიჭამდე“. ასე იქნება სულ. ასეა სხვა ბლოგებშიც – ჩემი სიტყვების ქვეშ, ან ზევით, გვერდით, ან შუაგულში, რადგან „ჩემი თეატრი/იდეა“ მის ფოიერვერკულ სულში იღებდა ფორმას და სუნთქვას, ფერს და ხმასაც. გიგა არის ამის ნაწილი! იმ „რამდენიმეს“ ერთი დიდი სხივი, აწი უფრო გაზრდილი და მწიფე, რომელიც კიდევ ბევრჯერ გამატარებს მისტიკურ ხიდზე  სხვადასხვა სცენიდან, სხვადასხვა პერსონაჟით, თანდაყოლილი  ნამდვილობით და თავდაუზოგავად.

არავინ მიწყენს ალბათ, რომ ეს ბლოგი, რეცენზია კი არა, გიგას მზერასავით მართალი სუნთქვის ამოშვებაა ჩემთვის, სიყვარულის ძაფი კოსმოსში, სადღაც, სადაც „ცა ცარიელი“ აღარ არის, რადგან ჩვენი „თეატრის ბიჭი“ თეატრის გზავნილებს უცდის უსასრულოდ.

არავინ მიწყენს ალბათ, რომ ეს ბლოგი მეგობარზეა და არა სპექტაკლზე, თუმცა სპექტაკლის მორალით გაჟღენთილი.

ქუთაისს უნდა უყვარდეს მის გულში დაბადებული ასეთი ანთებული ბიჭები და უყვარს კიდეც! მეც ხომ ქუთაისი ვარ?

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები