მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მწყემსი კეთილი და დამაშვრალი – 40 წელი მიტროპოლიტ კალისტრატეს მღვდელმთავრად ქიროტონიიდან

მწყემსი კეთილი და დამაშვრალი – 40 წელი მიტროპოლიტ კალისტრატეს მღვდელმთავრად ქიროტონიიდან

დღეს, 2023 წლის 25 დეკემბერს, ორმოცი წელი შესრულდა მაღალყოვლადუსამღვდელოესი ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ კალისტრატეს მღვდელმთავრად ქიროტონიიდან (კურთხევიდან).

გავიხსენოთ ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს ეკლესიისა და ქუთაის-გაენათის ეპარქიისთვის დამაშვრალი და მრავალმხრივი მოღვაწეობით შემკული მღვდელმთავარი.

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელმთავრო კათედრათაგან მუდამ ერთ-ერთი გამორჩეული და წამყვანი ადგილი უკავია ქუთაის-გაენათის კათედრას.

ქუთაისის სამიტროპოლიტო იმდენად ძველია, რომ მისი დაარსების ზუსტი თარიღიც კი უცნობია, თუმცა არსებობს რამდენიმე ვერსია ქუთაისის სამღვდელმთავროს დაფუძნების შესახებ. პავლე ინგოროყვა, ქუთაისში საეპისკოპოსო კათედრის დაარსების თარიღად მეცხრე საუკუნეს მიიჩნევდა, აფხაზთა მეფის, დემეტრე მეორის ზეობის ხანას (825-861 წ.წ.). ნიკო ბერძენიშვილი კი მეათე-მეთერთმეტე საუკუნეების მიჯნას ასახელებდა, ბაგრატის კათედრალის კურთხევის თარიღთან – 1003 წელთან ახლოს.

ცნობილია, რომ 1184 წელს, თამარ მეფეს სამეფო კორონაციისას ქუთათელმა მთავარეპისკოპოსმა ანტონმა (საღირისძე) დაადგა სამეფო გვირგვინი, რაც ხაზს უსვამს ქუთაისის სამღვდელმთავროსა და ქუთათელი მღვდელმთავრის განსაკუთრებულობას.

1821 წელს რუსეთის იმპერიამ უკანონოდ გააუქმა ქუთაისის ეპარქია და დააარსა იმერეთის ეპარქია – კათედრით ქუთაისში. 1917 წელს, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისთანავე, იმავე წლის სექტემბერში გამართულმა პირველმა კრებამ აღადგინა ქუთაისის ეპარქია და მისი სამღვდელმთავრო კათედრის სამიტროპოლიტო პატივი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის 1917 წელს დამტკიცებული დებულებით, საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავართაგან უნდა ყოფილიყო მხოლოდ სამი მიტროპოლიტი: ტფილელი, ქუთათელი, ჭყონდიდელი). ქუთათელ მიტროპოლიტს ასევე შეუთავსეს გაენათის ეპარქიის მმართველობაც (მე-16 საუკუნემდე გაენათის ეპარქიის ტერიტორია ქუთათელის სამწყსოს ნაწილი იყო), ხოლო 1927 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდგომ მეოთხე კრებამ, ისტორიული სამართლიანობის საფუძველზე, აღადგინა ქუთაისისა და გაენათის ეპარქიების მთლიანობა, უწოდა მას ქუთაის-გაენათის ეპარქია, ხოლო მისი მმართველი მღვდელმთავრის კათედრულ ტიტულად განსაზღვრა “ქუთათელ-გაენათელი“.

ქუთაის-გაენათის ეპარქიას საუკუნეთა მანძილზე არაერთი ღირსეული და განსაკუთრებულად მოღვაწე მღვდელმთავარი განაგებდა. რამდენიმე მათგანი წმიდანებადაც არიან კანონიზირებული.

ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავართა შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი, თავისი დიდი მოღვაწეობით უკავია მაღალყოვლადუსამღვდელოეს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს (მარგალიტაშვილი), რომლისთვისაც 2023 წელი ორმხრივ საიუბილეოა: მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს მისი დაბადებიდან შესრულდა 85 წელი, ხოლო, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დღეს, 25 დეკემბერს, მისი მღვდელმთავრად ქიროტონიიდან შესრულდა 40 წელი.

ერისკაცობაში შოთა ილიას ძე მარგალიტაშვილი დაიბადა 1938 წლის 20 ოქტომბერს, თელავის რ-ნ სოფელ ვარდისუბანში. აღნიშნული სოფლის არასრული საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ,  დაამთავრა თელავის მე-5 საშუალო სკოლა. ჯერ სწავლობდა მინსკის, ხოლო შემდეგ ვორონეჟის ავტოსაინჟინრო ინსტიტუტში. 1975-1980 წლებში სწავლობდა თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (ამჟამად იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ისტორია-ფილოლოგიის სპეციალობაზე. 1981 წლიდან იყო ბეთანიის მონასტრის მორჩილი. 1982 წლის 6 აპრილს, თბილისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარში აღიკვეცა ბერად და წმიდა მოწამე კალისტრატეს სახელზე ეწოდა კალისტრატე. მეორე დღეს, 7 აპრილს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხარების დღესასწაულზე, ხელდასხმული იქნა ბერდიაკვნად, ხოლო 2 აგვისტოს, წმიდა წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელის ხსენების დღეს, ხელი დაასხეს მღვდელ-მონაზვნად. ჯერ მიენიჭა იღუმენის, ხოლო შემდგომ არქიმანდრიტის წოდება. არქიმანდრიტი კალისტრატე იყო ალავერდის მონასტრის წინამძღვარი.

1983 წლის მიწურულს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა არქიმანდრიტი კალისტრატე (მარგალიტაშვილი) გამოარჩია ეპისკოპოსად და დაადგინა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად. იმავე წლის 25 დეკემბერს, წმიდა მღვდელმთავარ სპირიდონ ტრიმიფუნტელის, საკვირველთმოქმედის ხსენების დღეს, უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისა და საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის მღვდელმთავართა მიერ არქიმანდრიტი კალისტრატე ხელდასხმული იქნა ეპისკოპოსად და დადგინდა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად. ეპისკოპოსად ქიროტონიის დღეს ეპისკოპოსმა კალისტრატემ თავის სიტყვაში აღნიშნა: “დღეს დიდი ღვთიური სიხარულია ჩემს გულში, რომელიც მთლიანად შეიწირა განგების ძალამ და მომიწოდა მღვდელმთავრად საქართველოს უძველესი ეკლესიის ქუთაის-გაენათის ეპარქიისა. მუხლს ვიდრეკ შემოქმედის წინაშე და ხმამაღლა აღმოვსთქვამ: “მწამხარ შენ, უფალო და აღგიარებ!“, – განაცხადა მეუფე კალისტრატემ.

ეპისკოპოს კალისტრატეს 1989 წელს მიანიჭა მთავარეპისკოპოსის წოდება, 1992 წელს – მიტროპოლიტის წოდება. 2000 წლის 21 სექტემბერს, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის შობის დღესასწაულზე, გელათის მონასტერში, ქართველი ერისა და საქართველოს ეკლესიის წინაშე გაწეული უდიდესი დამსახურებისთვის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე დააჯილდოვა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი – სკუფიაზე ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით, ხოლო 2007 წლის დეკემბერში, საქართველოს ეკლესიის კიდევ ერთი უმაღლესი ჯილდოთი – წმიდა გიორგის ოქროს ორდენით.

1983 წელს, ქუთაის-გაენათის ეპარქიაში ჩამოსვლისას, მეუფე კალისტრატეს ურთულესი მდგომარეობა დახვდა… ეპარქიაში, რომელიც იმხანად მოიცავდა ქალაქ ქუთაისს, სრულად სვანეთსა (მესტიისა და ლენტეხის რაიონები) და ლეჩხუმს (ცაგერის რაიონი), ბაღდათის, ვანის, სამტრედიის, ტყიბულის, წყალტუბოს, ხონის რაიონებს, მთელ ამ ტერიტორიაზე, მოქმედი იყო მხოლოდ სამი ტაძარი ქ. ქუთაისში და ერთი – მოწამეთას მონასტერი, რომელიც საერო ათეისტური ხელისუფლების მიერ იმჟამად ოფიციალურად არ იყო რეგისტრირებული მონასტრად.  მსახურობდა ათამდე სასულიერო პირი. ოცდათექვსმეტი წლის შემდეგ, 2019 წლისათვის (მიტროპოლიტ კალისტრატეს გარდაცვალების დროისათვის) მხოლოდ ქუთაის-გაენათის ეპარქიაში (ქ. ქუთაისი, გელათი, მოწამეთა, წყალტუბოს რ-ნ), მიტროპოლიტ კალისტრატეს უდიდესი ღვაწლით მოქმედებდა 160-მდე ტაძარი და მონასტერი, სადაც 150-მდე სასულიერო პირი აღასრულებდა ღვთისმსახურებას, აღდგა და გამრავლდა მონაზონთა დასი, ხოლო ცალკეა მეუფე კალისტრატეს მიერ აღდგენილი ვანისა და ბაღდათის, ხონისა და სამტრედიის, ტყიბულისა და თერჯოლის, ცაგერისა და ლენტეხის, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიები და ამ ეპარქიათა ტერიტორიებზე მიტროპოლიტ კალისტრატეს მიერ აღდგენილი და ამოქმედებული ტაძრები და მონასტრები.

ფოტოზე: 40 წლის წინ, 1983 წლის 25 დეკემბერს, თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარი, ეპისკოპოსი (შემგომში მიტროპოლიტი) კალისტრატე მღვდელმთავრად ქიროტონიის დღეს

ყოველივე ზემო აღნიშნულის გარდა, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ კალისტრატეს მოღვაწეობას შეადგენს: ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან საქართველოში ტაძრების აგება და ძველი ტაძრებისა და მონასტრების აღდგენა, 1987 წელს – დავითგარეჯის ლავრის კურთხევა, რომელიც სრულიად მარტომ, მხოლოდ ერთი ფოტოგრაფის თანხლებით შეასრულა, 1988 წელს – სამოცდახუთი წლის მანძილზე გაუქმებული გელათის მონასტრის დაბრუნება და ამოქმედება, 1990 წელს – დავით აღმაშენებლის მიერ დაარსებული, ოთხას წელზე მეტი ხნის მანძილზე გაუქმებული გელათის სასულიერო აკადემიის აღდგენა, 1995 წელს – წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ დაარსებული ქუთაისის სასულიერო სემინარიის აღდგენა, ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის აღდგენა, ქუთაისის საღმრთისმეტყველო ინსტიტუტის, წყალტუბოს სასულიერო გიმნაზიის, ქუთაისში მედავითნეობის ერთწლიანი სასწავლო კურსის დაარსება, 1990 წელს უკანასკნელი ქართველი მონარქის, იმერეთის მეფის სოლომონ მეორის თურქეთიდან სამშობლოში გადმოსვენება, 2005 წელს – უკანასკნელი გაენათელი მიტროპოლიტის ეფთვიმეს (შარვაშიძე) რუსეთიდან სამშობლოში გადმოსვენება. ყოველივე ეს ხშირად საკმაოდ საშიშ (ზოგჯერ სიცოცხლესთან დაკავშირებული) რისკებთანაც იყო დაკავშირებული, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში, თუმცა, ღმრთის მადლითა და შეწევნით, მიტროპოლიტმა კალისტრატე შეძლო და აღასრულა ყოველივე ეს.

1986 წელს, უკრაინაში, ჩერნობილში დატრიალებული ტრაგედიისას, მეუფე კალისტრატე გახლდათ მსოფლიოს მასშტაბით პირველი უცხოელი მართლმადიდებელი მღვდელმთავარი, რომელიც ჩავიდა კატასტროფის ადგილზე და ორი კვირის განმავლობაში ლოცვითა და მორალურად განამტკიცებდა განსაცდელში მყოფ ერთმორწმუნე უკრაინელ ხალხს. მიტროპოლიტ კალისტრატეს აღნიშნული ღვაწლი და თანადგომა, შემდგომში, უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ორჯერ აღნიშნა სამადლობელი ოფიციალური წერილებით მეუფე კალისტრატესადმი.

1990 წელს ქუთათელ-გაენათელი მთავარეპისკოპოსი (შემდგომში მიტროპოლიტი) კალისტრატე გახლდათ იმ ოფიციალური დელეგაციის წევრი, რომელიც საქართველოს ეკლესიიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ხელმძღვანელობით ჩავიდა ისტორიულ კონსტანტინოპოლში (ამჟამად სტამბოლი), მსოფლიო საპატრიარქოში და ყოვლადუწმიდეს მსოფლიო პატრიარქ დიმიტრიოსისა და მსოფლიო საპატრიარქოს წმიდა სინოდის მიერ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას გადმოეცა ისტორიული, უძველესი ავტოკეფალიისა და საპატრიარქო პატივის აღიარების სიგელები.

1993 წლის სექტემბერში, რუსეთ-საქართველოს ომისას, რომელიც რუსეთის მიერ მიზნად ისახავდა საქართველოდან აფხაზეთის ოკუპაციას. ბრძოლის ყველაზე დაძაბულ მონაკვეთში, სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე, მიტროპოლიტი კალისტრატე ჩავიდა სოხუმში ქუთაისელ მებრძოლებსა და ქუთაისის იმჟამინდელ მერთან, თეიმურაზ შაშიაშვილთან ერთად და სულიერად და მორალურად განამხნევებდა ქართველ მეომრებსა და მშვიდობიან მოსახლეობას, ხვდებოდა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების უმაღლეს პირებს (ქუთაისიდან სოხუმში ჩასულებს თან ახლდათ ტ/კ „რიონის“ გადამღები ჯგუფი, ჟურნალისტი ნანა კუხალაშვილი, რომელმაც ისტორიას ამ მოვლენების ამსახველი უნიკალური ვიდეოკადრები შემოუნახა). ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე იყო ერთ-ერთი უკანასკნელი, ვინც სოხუმში პირადად შეხვდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, საქართველოს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას. საოცარი იყო მეუფე კალისტრატეს გამამხნევებელი სიტყვები იმ დღეებში: “ქრისტიანებს სიკვდილისა ნუ გეშინიათ!“, რომელსაც უპირველესად თავად აღასრულებდა, რადგან ის უეჭველი სიკვდილზე წავიდა, როდესაც თვითმფრინავით ჩაფრინდა ალმოდებულ სოხუმში, საიდანაც ცოცხლად წამოსვლა თითქმის წარმოუდგენელი იყო… თუმცა, ღმერთმა იგი სასწაულებრივად იხსნა და უვნებლად დააბრუნა, რათა შემდგომი დიდი ეროვნულ-სარწმუნოებრივი საქმეები აღესრულებინა.

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს მრავალმხრივ მოღვაწეობას მბრწყინავ გვირგვინად ადგას გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოს – ქუთაისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის (ბაგრატის) საკათედრო ტაძრის 321 წლის შემდეგ აღდგენა, რომლის ნატვრაში, იერარქთა თუ მამულიშვილთა მრავალი თაობა მიებარა მიწას.

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს ინიციატივითა და წარდგინებით საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ წმინდანებად შეირაცხნენ: 1995 წელს – იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე), ქუთათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა) და მასთან ერთად საბჭოთა რეჟიმის მიერ დახვრეტილნი მღვდელმსახურნი – ახალმოწამენი; 2005 წელს – დავით აღმაშენებლის მოძღვარი, გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი, იმერეთის მეფე სოლომონ მეორე, ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი (წერეთელი), გაენათელი მიტროპოლიტი ეფთვიმე (შარვაშიძე); 2016 წელს – გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ მესამე, იმერეთის მეფე სოლომონ პირველი დიდი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე (ცინცაძე). 2018 წელს მიტროპოლიტმა კალისტრატემ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს ოფიციალურად, წერილობითი ფორმით წარუდგინა 1918 წელს გარდაცვლილი (გავრცელებული ვერსიით მოკლული) ქუთათელი მიტროპოლიტ ანტონის (გიორგაძე) წმინდანად კანონიზირების საკითხი, რომლის განხილვა წმიდა სინოდმა იმჟამად დაიწყო, რაც შესაბამის ოქმში აისახა.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე გახლდათ არაერთი სამეცნიერო აკადემიის ნამდვილი წევრი – აკადემიკოსი, მიღებული ჰქონდა მრავალი საეკლესიო ჯილდო, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს სხვა ავტოკეფალიური  მართლმადიდებელი ეკლესიებისგან. მეუფე კალისტრატე საქართველოს სახელმწიფოს მიერ დაჯილდოებული გახლდათ ღირსების ორდენითა და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.

2008 წლის 16 ოქტომბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს მიენიჭა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება. იმავე წლის 20 ოქტომბერს, მეუფე კალისტრატეს დაბადებიდან 70 წლის იუბილეზე, გაიმართა მიტროპოლიტ კალისტრატეს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად ინაუგურაცია. აღსანიშნავია, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის არსებობის ისტორიაში, აღნიშნული უნივერსიტეტის მიერ პირველად მოხდა საპატიო დოქტორის წოდების გადაცემა და ის მიენიჭა მიტროპოლიტ კალისტრატეს.

2009 წელს მეუფე კალისტრატეს მიენიჭა ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება.

ცალკე და განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს პიროვნული თვისებები, მისი გასაოცარი ადამიანური უბრალოება, თავმდაბლობა, მიმტევებლობა, სიკეთის მოყვარეობა და არაერთი ღირსეული თვისება და აღსრულებული საქმე, რითაც იგი გახლდათ შემკული.  ის გახლდათ მაღალიერარქი, რომელშიც მღვდელმთავრობამ ვერ გადაფარა ბერობა და ბერული მოსაგრეობა…

გადაუჭარბებელია ითქვას, რომ მიტროპოლიტ კალისტრატეს მაღალი მოღვაწეობა და წმიდა მსახურება იმდენად მრავალმხრივია, რომ სრული აღწერა, რასაკვირველია, შეუძლებელია და მისი სისავსე მხოლოდ გულთამხილავმა, ყოვლადმოწყალე და არსთა გამრიგე ღმერთმა უწყის…

მიტროპოლიტი კალისტრატე თითქმის ოცდათექვსმეტი წლის მანძილზე მართავდა ქუთაის-გაენათის ეპარქიას. მეუფე კალისტრატე ამ კათედრის მღვდელმთავრად იყო ხელდასხმული და ისე, რომ მას ეპარქია არ შეუცვლია, ქუთაის-გაენათის კათედრაზე უცვლელად მყოფი აღესრულა… მხცოვანი და დამაშვრალი მღვდელმთავარი, 2019 წლის 20 ივნისს, გამთენიის ხანს, ამსოფლიური ყოფის 81-ე წელიწადს, ავადმყოფობის შედეგად გავიდა წუთისოფლიდან. იმავე წლის 23 ივნისს, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე, საკუთარი ანდერძის თანახმად და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, თავის მიერ აღდგენილ ბაგრატის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს.

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს სახელი და მოღვაწეობა კარგად არის ცნობილი მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში. ყოვლადუწმიდესმა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა სამძიმრის ოფიციალური წერილი გამოაგზავნა საქართველოში ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს გარდაცვალების გამო, რომელშიც მსოფლიო პატრიარქი წერს: “უდიდესი მწუხარებით შევიტყვეთ ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს უფლისმიერი მიძინების შესახებ, რომელმაც თავისი მიწიერი ცხოვრების პერიოდში დიდი ღვაწლი გასწია საქართველოს წმიდა ეკლესიისა და მისი მრევლის წინაშე.

ვლოცულობთ ჩვენი დაუვიწყარი ძმის სულის შვებისათვის, რათა დაიმკვიდროს ადგილი მართალთა შორის, რომელნიც შეიყვარა უფალმა.

გამოვხატავ ჩემი და ჩემი ეკლესიის სიყვარულს, სიმპათიას და თანაგრძნობას თქვენი უსაყვარლესი მღვდელმთავრის გარდაცვალების გამო და ვისურვებ, რომ ცოცხალთა და მკვდართა ქრისტე უფალმა ჩვენმა მიანიჭოს შვება მის სულს და იყოს იგი “ვითარცა ხე დანერგული თანაწარსადინელსა წყალთასა“, – აღნიშნავს ყოვლადუწმიდესი მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი თავის 2019 წლის ოფიციალურ წერილში ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით.

მიტროპოლიტ კალისტრატეს განსაკუთრებული სიყვარული და დამოკიდებულება გააჩნდა ქუთაისისადმი (ზოგადად ქუთაის-გაენათის ეპარქიისადმი), მისი დიდი ისტორიისადმი, ისევე, როგორც მთელი ჩვენი სამშობლოსადმი. ქუთაისმაც და მთელმა ქუთაის-გაენათის ეპარქიამ და ამ ეპარქიის ფარგლებს გარეთაც მრავალმა ადამიანმა ჩვენს სამშობლოში ასევე განსაკუთრებულად შეიყვარა მეუფე კალისტრატე…

ისტორია მუდამ ოქროს ასოებით შემოინახავს და შთამომავლობას, თაობიდან თაობას გადასცემს ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტ კალისტრატეს სახელს, მის მრავალმხრივ მაღალ მოღვაწეობასა და წმიდა მსახურებას.

უფალმა წმიდათა თანა განუსვენოს მიტროპოლიტ კალისტრატეს უკვდავ სულს.

საუკუნოდ იყოს ხსენება და კურთხევა მისი.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი 

 

 

კომენტარები