მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ნახევარი საუკუნის წინანდელი ახალი სასწავლო წელი ქუთაისში

ნახევარი საუკუნის წინანდელი ახალი სასწავლო წელი ქუთაისში

ახალი სასწავლო წელი ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებთან, სუბიექტური თუ ობიექტური მოლოდინებიდან მომდინარე ემოციებთან არის დაკავშირებული. საბჭოთა პერიოდში და შემდგომაც საქართველოში ახალი სასწავლო წლის დასაწყისად განსაზღვრული იყო 1 სექტემბერი. ეს დღე თავისი მოგონებებით დღესაც ემოციებს აღძრავს წინა და უფროს თაობებში. თითქმის ორი ათეული წელიწადია, რაც საქართველოში ახალი სასწავლო წელი უშუალოდ 1 სექტემბერს აღარ იწყება, თუმცა, მისი დასაწყისი კვლავ სექტემბრის თვეში უწევს და რიცხვის ცვლილება ემოციურ განცდებზეც ვერ მოქმედებს.

ახლა 2023 წლის სექტემბერია და ჩვენი ქვეყნის მოსწავლეები, სტუდენტები ახალი სასწავლო წლის მოლოდინში არიან, რომელიც კარსაა მომდგარი. გავიხსენოთ როგორ შეხვდა ახალ სასწავლო წელს ქუთაისი ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ.

ეს იყო 1973 წელი… ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე, აგვისტოს თვეში, ქუთაისში გაიმართა მასწავლებელთა ტრადიციული საქალაქო თათბირი, რომელზეც მოსწავლე ახალგაზრდობისათვის საჭირო არაერთ საკითხზე იმსჯელეს, ხაზი გაესვა არსებულ პრობლემებსაც, საუბარი შეეხო მათი დაძლევის გზებსა და ამ ფონზე ღვაწლმოსილ პედაგოგთა გამოცდილების გამოყენების აუცილებლობას.

ახალი სასწავლო წელი დაიწყო, როგორც სტუდენტებისათვის, ისე მოსწავლეებისათვის. ალექსანდრე წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (ამჟამად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ახალი სასწავლო წლის დაწყებას ამგვარად გამოეხმაურა გაზეთი „ქუთაისი“: „ხალისიანი განწყობილება იგრძნობოდა ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. სტუდენტები ჯგუფ-ჯგუფად დგებიან ფოტოაპარატის წინ, ბევრს აქვს სურვილი პირველი სექტემბრის განწყობილება ფოტოზე აღიბეჭდოს.

პირველკურსელები ერთად დადიან, მოკრძალებით ათვალიერებენ ინსტიტუტის შემოგარენს, პირველ სტუდენტურ ნაბიჯებს დგამენ…

გაისმა პირველი ზარის წკრიალი, რომელიც სტუდენტებს აუდიტორიებისკენ უხმობს.

ლექტორ-მასწავლებლები დინჯად მიაბიჯებენ დერეფნებში. მათ გარეგნულ სიმშვიდეს ახლავს იდუმალი, შინაგანი მღელვარება. ეს განსაკუთრებით იმათ ეტყობათ, რომლებიც პირველკურსელებს უნდა შეხვდნენ…

დერეფნებში მყუდროება ისადგურებს…

ლექციების დამთავრების შემდეგ ახალგაზრდები ჯგუფ-ჯგუფად მიემართებიან გასასვლელისაკენ, მაგრამ პირველკურსელები ფაკულტეტების მიხედვით კვლავ იკრიბებიან აუდიტორიებში, სადაც მათ ფაკულტეტების დეკანები ულოცავენ სტუდენტობას…

კვირას პირველკურსელებმა ბ. გაბაშვილის სახელობის კულტურისა და დასვენების საქალაქო პარკში მონაწილეობა მიიღეს ახალი სასწავლო წლისადმი მიძღვნილ დიდ საზეიმო საღამოში“, – წერდა გაზეთი „ქუთაისი“ (პუბლიკაციის ავტორი: იუზა ფიჩხაძე) ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (ამჟამად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ნახევარი საუკუნის წინანდელი ახალი სასწავლო წლის შესახებ.

ნახევარი საუკუნის წინ, 1973-1974 ახალი სასწავლო წლის დაწყება ქუთაისში გამორჩეული იყო იმ მხრივაც, რომ ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით 1974 წლის იანვრიდან ქალაქში ამოქმედდებოდა ქუთაისის სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც იქნებოდა საქართველოში რიგით მეორე დამოუკიდებელი ხსენებული პროფილის უმაღლესი სასწავლებელი. აღნიშნული სამომავლო ცნობა რეალობაში განხორციელდა.

1973 წლის 1 სექტემბერს ქუთაისელ მოსწავლე ახალგაზრდობას ახალი სასწავლო წელი მიულოცა ქუთაისის იმჟამინდელი განათლების განყოფილების გამგემ ილია გენძეხაძემ, რომელმაც თავის მიმართვაში აღნიშნა: “მოსწავლე ახალგაზრდობას, მასწავლებლებს, მშობლებსა და სკოლის ბედით დაინტერესებულ ყველა ადამიანს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. პირველ სექტემბერს ზეიმობენ არა მარტო ბავშვები, მოსწავლეები, არამედ მათი მშობლები, დები, ძმები, ბებიებისა და ბაბუების სიხარულს ხომ საზღვარი არ აქვს. ამ დღეს განსაკუთრებით მოელიან პატარები, რომლებმაც მხოლოდ შვიდი ზაფხული ნახეს და პირველად უნდა შეაღონ სკოლის კარი…

ჩვენი ცხოვრების ყვავილებო, ახლა ჯერი თქვენზეა! ჩვენი მშობლიური რჩევა იქნება, სასწავლო წლის დასაწყისიდანვე ბეჯითად მოჰკიდოთ ხელი ნაყოფიერ შრომას… გახსოვდეთ, რომ საჭიროა გონივრულად გამოიყენოთ ყოველი წუთი…

დაე, იზრდებოდეს და იფურჩქნებოდეს ჩვენი ქვეყნის ბედნიერი თაობა“, – ამგვარად მიულოცა ქუთაისელ მოსწავლე ახალგაზრდობას ნახევარი საუკუნის წინ, ახალი სასწავლო წლის დაწყება ქუთაისის მაშინდელი განათლების განყოფილების გამგემ ილია გენძეხაძემ.

ცნობილმა პოეტმა ლილი ნუცუბიძემ ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს ლექსით მიულოცა, რომლის პირველი სტროფი ასეთია:

“გიხმობთ, გეძახით, ზარი წკრიალით,

ფრთამოფარფატე ჩვენო მტრედებო,

შემოშრიალდით, შემოფრთხიალდით,

მუხლის გამართვა არ გაგეძნელოთ…“.

ნახევარი საუკუნის წინ ქუთაისის სკოლებში სამი ათასზე მეტი პირველკლასელი შეუდგა სწავლას. წინა 1972 წელთან შედარებით, 1973 წელს ორჯერ მეტი სასწავლო ინვენტარით, თვალსაჩინოების საშუალებებით, სასწავლო ნივთებითა და სახელმძღვანელოებით შეივსო ქუთაისის სკოლები. ასევე განახლდა სკოლებში არსებული კაბინეტ-ლაბორატორიები.

ორმოცდაათი წლის წინ, ახალი სასწავლო წლის დაწყებას ქუთაისის ზოგიერთი სკოლა განსაკუთრებული სიახლეებით შეხვდა. სამი კორპუსით გაიზარდა ქალაქის 23-ე საშუალო სკოლის შენობა, რამაც ხსენებულ სკოლას საშუალება მისცა სწავლების ერთცვლიან სისტემაზე გადართვისათვის. ასევე, იმ წელიწადს პირველად, 23-ე საშუალო სკოლა გადავიდა სწავლების კაბინეტურ სისტემაზე, რითაც სხვადასხვა სასწავლო დისციპლინას ცალ-ცალკე დაეთმო რამდენიმე ერთეული სასწავლო სპეციალური კაბინეტები.

1973 წლისათვის ასევე ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ქუთაისის 25-ე საშუალო სკოლასაც, სადაც აგრეთვე შეიქმნა ახალი კლას-კაბინეტები.

იმ ხანად ქუთაისში ახალი სასწავლო წლის დაწყებას მიეძღვნა კინოფესტივალი, დევიზით: “გამარჯობა, სკოლავ!“, რომლის ფარგლებში 1-დან 11 სექტემბრამდე საბავშვო სპეციალიზებულ კინოთეატრ “დამკვრელში“ მოეწყო მხატვრული, დოკუმენტური, სამეცნიერო-პოპულარული და მულტიპლიკაციური ფილმების ჩვენება. ფესტივალის დღეებში მაყურებელს ასევე ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ენახა კინოსტუდია “ქართული ფილმის“ ახალი ნაწარმოები “მოვდივართ და მოვიმღერით“, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიის დაკვეთით დაიდგა.

აღნიშნული ფაქტები, რომელიც დღეს უკვე მეოცე საუკუნის ქუთაისის ისტორიის კუთვნილებაა, ალბათ, არაერთ იმჟამინდელ მოსწავლესა თუ სტუდენტს გაუღვიძებს იმ პერიოდის მოგონებებს და გარკვეულწილად ამოგზაურებს ისტორიისთვის არც თუ შორეულ, თუმცა ადამიანებისათვის დროში არც თუ ახლო ნახევარი საუკუნის წინანდელ პერიოდში.

ჩვენი ქვეყანა, მათ შორის ქუთაისიც ახლაც ახალი სასწავლო წლის მოლოდინშია.

წარმატებული და საინტერესო, პოზიტიური სიახლეებით აღსავსე სასწავლო წელი ჩვენს ქვეყანას, მის საგანმანათლებლო სივრცეს!

მთავარი ფოტო ოთარ ბერეჩიკიძის, გაზეთ “ქუთაისიდან”, 1973 წ.

ფოტოზე: ილია გენძეხაძე, ქუთაისის განათლების განყოფილების გამგე ნახევარი საუკუნის წინ

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები