მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ნერგეეთში მაღალი მეწყრული საშიშროების რისკის ქვეშ რჩება 7 ოჯახი, გაიცა გაყვანის რეკომენდაცია”

“ნერგეეთში მაღალი მეწყრული საშიშროების რისკის ქვეშ რჩება 7 ოჯახი, გაიცა გაყვანის რეკომენდაცია”

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, 7 თებერვალს განვითარებული კლდეზვავური ტიპის მეწყრული მოვლენის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო გეოლოგიის დეპარტამენტის ვიზუალური საინჟინრო-გეოდინამიკური ანგარიში გამოქვეყნდა.

მეწყერმა სოფელში 4 სახლი მოიყოლა, სადაც ჯამში 10 ადამიანი იყო. სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა ერთი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს, 9 ადამიანი, მათ შორის მამა და სამი არასრულწლოვანი შვილი, სტიქიურ უბედურებას ემსხვერპლა.

უწყების მტკიცებით, პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ, სავარაუდოდ, მიაღწია 30-40 წამში და “განგაშის სისტემის მოწყობა, აღნიშნულის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად ვერ იქნებოდა ეფექტური”.

ანგარიშში წერია, რომ მაღალი მეწყრული საშიშროების რისკის ქვეშ რჩება სოფელში მცხოვრები 7 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები. გაიცა მათი უსაფრთხო ადგილზე გაყვანის რეკომენდაცია:

“მაღალი მეწყრული საშიშროების რისკის ქვეშ რჩება ფერდობის ქვედა ნაწილში, მეწყრის ორივე ბორტის გასწვრივ მცხოვრები 7 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლები. შესაბამისად, გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანას ექვემდებარება შემდეგი მოქალაქეების ოჯახები:

დარეჯან რობაქიძე;
კობა გორგოძე;
კოტე რობაქიძე;
დათო რობაქიძე;
გია სოსელია;
მამუკა რობაქიძე;
ალექსანდრე რობაქიძე.

გარემოს ეროვნული სააგენტო ამტკიცებს, რომ მათ მიერ 2023 წელს მომზადებულ საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენში ნამდვილად იყო მითითებული, რომ სოფლის ტერიტორია მოქცეულია მეწყრული მოვლენების შესაძლო გააქტიურების ზონაში, მაგრამ კონკრეტულად ის ლოკაცია, სადაც მეწყერი ჩამოწვა – შეფასებული არ ყოფილა.

“აქვე გვინდა აღვნიშნოთ, მიუხედავად იმისა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ყოველწლიურად შედგენილ და გამოცემულ საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტენში სოფელ ნერგეეთზე მითითებულია, რომ სოფლის ტერიტორია მოქცეულია მეწყრული მოვლენების შესაძლო გააქტიურების ზონაში, კონკრეტულად ის ლოკაცია, სადაც 2024 წლის 7 თებერვალს ადგილი ჰქონდა მეწყრული მოვლენის განვითარებას, შეფასებული არ ყოფილა”, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, მეწყრული სხეულის განვითარების არეალი მიეკუთვნება ნერგეეთის ჩრდილოეთ ნაწილს, რომელიც მდებარეობს მდინარე ხანისწყლის ხეობის მარჯვენა, დასავლეთის ექსპოზიციის, მკვეთრად ცვალებადი დახრილობის მქონე ფერდობზე. სპეციალისტები ამბობენ, რომ იმ უბნის დახრილობა, სადაც ადგილი ჰქონდა კლდეზვავური ტიპის მეწყრის მოწყვეტას (ფერდობის შუა ნაწილი), შეადგენს 40-60º-ს.

სააგენტოს თქმით, “რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებულია უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლასთან”, კერძოდ:

“სოფ. დიმის მეტეოსადგურის მონაცემებით, 5-6-7 თებერვლის პერიოდში მოსული ატმოსფერული ნალექების ჯამურმა რაოდენობამ შეადგინა 81 მმ. დიმის მეტეოსადგურისთვის თებერვლის თვის ნალექების დადგენილ ნორმად ითვლება 176 მმ. შესაბამისად, 3 დღის განმავლობაში მოვიდა მთელი თვის ნალექების ნორმის 46%, რაც დროის ამ მონაკვეთისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია, რაც მიუთითებს კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული მოვლენების გააქტიურებას. ამას ემატება ბოლო პერიოდში ფერდობებზე არსებული თოვლის საფარის ინტენსიური დნობის პროცესი. აღნიშნული ნალექების დიდი ნაწილის ინფილტრაცია მოხდა ტერიტორიის ამგებ ნაპრალოვან და დეზინტეგრირებულ ქანებში, რამაც თავის მხრივ გამოიწვია მათი ძლიერ გაწყლოვანება და ზღვრული წონასწორობის დაკარგვა, რომლის შედეგად ადგილი ჰქონდა კლდოვანი მასების წყალგაუმტარ არგილიტების შრეებზე გადაადგილებას.

მეწყრული მასის მოწყვეტის არეალიდან საცხოვრებელ სახლებამდე მანძილი 270-280 მეტრია, პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ სავარაუდოდ მიაღწია 30-40 წამში.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია მეწყრის რეგრესიულად (უკუსვლით) გაფართოება-გააქტიურება, თავისი უარყოფითი შედეგებით, რასაც მოწმობს მოწყვეტის კიდის პარალელურად 2-3 მ-ში დაფიქსირებული ხილული ნაპრალები.

დასკვნები და რეკომენდაციები:

მეწყრული სხეულის გავრცელების არეალის საერთო ფართობმა 4.45ჰა შეადგინა, ხოლო გადაადგილებული მეწყრული მასის მოცულობა საშუალოდ  150 000-160 000 მ3ია;

მეწყრულმა მასამ ძალიან მოკლე დროით შეაგუბა მდ. ხანისწყლის კალაპოტი;

მეწყერმა დააზიანა ბაღდათი-საირმის საავტომობილო გზა, მწყობრიდან გამოვიდა გაზის და წყლის მილსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები, სარგებლობიდან ამოვარდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი და ადგილი ჰქონდა ადამიანთა მსხვერპლს;

მეწყრული სხეულის მიმდებარე ფერდობიდან დღესაც ნარჩუნდება საფრთხე და შესაბამისად 7 თებერვალს ადგილზევე გაიცა რეკომენდაცია აქ მცხოვრები 7 ოჯახის (ზემოთ მითითებული) გეოლოგიურად მდგრად ტერიტორიაზე გადაყვანასთან დაკავშირებით;

სოფ. ნერგეეთის დანარჩენ დასახლებულ უბნებზე გაგრძელდება მონიტორინგული დაკვირვებები;

პროცესის ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მეწყრულმა მასამ სავარაუდოდ მიაღწია 30-40 წამში.

შესაბამისად განგაშის სისტემის მოწყობა, აღნიშნულის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ უბნამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად ვერ იქნებოდა ეფექტური.

კომენტარები