მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი რამ უნდა შემაშინოს, პროკურატურის ხსენებამ? ამის იმედი ნუ გექნებათ”

“ნიკო ნიკოლაძის შთამომავალი რამ უნდა შემაშინოს, პროკურატურის ხსენებამ? ამის იმედი ნუ გექნებათ”

დღეს მხოლოდ ერთი გეგმა მაქვს  და ეს გეგმა ამ ქვეყნისთვის წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა. ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ვერავინ და ვერაფერი შემიშლის ხელს, – ამის შესახებ პარლამენტში, იმპიჩმენტის საკითხის განხილვისას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

“ქართველმა ხალხმა დიდი ხნის წინ გააკეთა თავისი არჩევანი და ამაში დიდი ფასიც გადაიხადა, დღემდე ამ არჩევანის ერთგულია და ყოველ ჯერზე ამტკიცებს და იცავს თავის ევროპულობას. არავინ არ დაიჯეროს, რომ ამ ხალხს ვინმე გადაიყვანს რუსეთის გზაზე და ვინმე უარს ათქმევინებს მის უალტერნატივო მომავალზე.

და სწორედ ამ ტრიბუნიდან და ამ მძიმე დროს, მინდა მივმართო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მოვუწოდებ, რომ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის მიუხედავად, საქართველო არ უნდა მიატოვოთ, რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება ამ რეგიონში თავისი გავლენა გააძლიეროს, რბილი ძალის, ირიბი ოკუპაციის გამოყენებით თუ შავი ზღვის დესტაბილიზაციით, მაშინ როდესაც უკრაინაში მარცხდება და ეძებს გზებს სახის გადასარჩენად.

მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, მე ამ ქვეყნის პრეზიდენტი, რამეთუ წარმოვადგენ სწორედ ამ ხალხს და მის ისტორიულ არჩევანს. მაშასადამე, მაქვს სრული ლეგიტიმაცია და უფლებამოსილება, მათთან ერთად და მისი სახელით ვითხოვო ამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და მჯერა, რომ სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენი პარტნიორები  მხედველობაში მიიღებენ ერთი მხრივ, ქართველი ხალხის მრავალჯერ დადასტურებულ მისწრაფებას და მეორე მხრივ, საქართველოსა და ევროპის საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებს.

დაბოლოს, მე დღეს მახსენდება დიდი ნიკო ნიკოლაძის მაგალითი, რომელიც გაასამართლეს, გადააყენეს, მაგრამ ვერაფერი დააკლეს. ამის მიუხედავად,  მან ამ ქვეყანაში მრავალგზის და ფორმით ევროპა შემოიყვანა.

მისი მრავალი ოპონენტის სახელი ისტორიას ჩაბარდა, მაგრამ ცოცხლად ვხედავთ მის აშენებულ ქალაქს, ამოქმედებულ რკინიგზას, აღმართულ ტაძარს და რაც მთავარია, ჩვენში ჩანერგილ ევროპის იდეას.

მე, მის შთამომავალს, როგორ გგონიათ რამ უნდა შემაშინოს, თუნდაც პროკურატურის ხსენებამ? რამ უნდა დამაღონოს, რამ უნდა მაიძულოს ეს ქვეყანა მივატოვო, ამის იმედი ნუ გექნებათ. ვინ უნდა შემიშალოს ხელი, რომ ჩემი დადებული პირობა არ შევასრულო?

ისე, როგორც თავის დროზე, გავიყვანე ამ ქვეყნიდან რუსული ბაზები და სხვათა შორის, მომიწყეს ასევე სასამართლო, ახლაც ვიქნები ჩემი სიტყვისა და ფიცის ერთგული და ამ ქვეყანას, მის დამოუკიდებლობას, მისი ხალხის თავისუფლებას ბოლომდე ვუერთგულებ ევროპისკენ მიმავალ გზაზე!”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები