მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ოქროს შუალედი 3-დან 5 წთ-მდე იყო, 3 წუთსა და 10 წამში გადარჩა”

“ოქროს შუალედი 3-დან 5 წთ-მდე იყო, 3 წუთსა და 10 წამში გადარჩა”

კლინიკა “ბომონდში” 44 წლის მამაკაცი გადაარჩინეს, რომლის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო.

როგორც კლინიკის ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ინტენსიურ განყოფილებაში 44 წლის მამაკაცი შემდეგი დიაგნოზით მოთავსდა: მარჯვენა ფილტვის აბსცედირებული პნევმონია, მარჯვენა ფილტვის შუა და ქვედა წილის სრული ატელექტაზი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა უკმარისობა.

კვლევების მიმდინარეობისას პაციენტის მდგომარეობა გახდა კრიტიკული. განვითარდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი, აღინიშნებოდა ცნობიერების დეზორიენტირება. აღნიშნული მომენტის დიაგნოზი იყო პიოპნევმოთორაქსი, შოკი, სუნთქვის მწვავე უკმარისობა.

“დიაგნოზი ითვალისწინებს გულმკერდის სწრაფ დეკომპრესიას, შოკის ლიკვიდაციას, რომლის მართვაში ჩართულია ბრიგადების რგოლი-რეანიმაცია, თორაკოქირურგია. ღონისძიების მომზადებას- საოპერაციო ბლოკში პაციენტის შეყვანას, თორაკოქირურგთა სრული ჯგუფის და ასევე მთელი საოპერაციო ბრიგადის შეკრებას, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, მინიმუმ 15 წუთი სჭირდება. იმ მაჩვენებლებით კი, რაც პაციენტს ჰქონდა, ოქროს შუალედი 3-დან 5 წთ-მდე იყო. სასიამოვნოა, იდგე და ხედავდე ექიმთა ჯგუფს, რომლებიც უთქმელად, მითითებების და ყოველგვარი ხმაურის, გარჩევის გარეშე, შეთანხმებულად აკეთებდეს საქმეს, რომლის ხანგრძლივობამ 3 წუთი და 10 წამი შეადგინა. რეანიმაციულ საწოლზევე ჩატარდა გულმკერდის სწრაფი დეკომპენსაცია, პაციენტს დაუდრენირდა აბსცედირებული ღრუ, ჩაყენებული იქნა გულმკერდის დეკომპენსაციისთვის აუცილებელი ყველა მოწყობილობა. პროფესიონალებისთვის, რომლებიც აღნიშნულ საქმეში იღებენ მონაწილეობას, ალბათ, წარმოუდგენელია ზემოთ მითითებული დრო.

შეიძლება ზოგიერთმა იფიქროს, რომ რატომ არის აღსანიშნავი ეს თემა, კლინიკაში აბა სხვა რა მოხდება?! მაგრამ პასუხი ცალსახა და ნათელია: 3 წუთი და 10 წამი-ეს ის დროა, რა დროშიც წარმოუდგენელია ამ ყველაფრის ჩატარება”, – აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მოზრდილთა და ბავშვთა რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, ჯგუფის ხელმძღვანელი ტარიელ კუხიანიძე.

კლინიკის ინფორმაციით, პაციენტის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები