მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ოქროს ჩარდახი” – იმერეთის სამეფო რეზიდენცია-სასახლე

“ოქროს ჩარდახი” – იმერეთის სამეფო რეზიდენცია-სასახლე

ქუთაისში ჩვენს დრომდე მოღწეულ შენობათაგან ყველაზე ძველია იმერეთის სამეფო რეზიდენცია-სასახლე, წოდებული “ოქროს ჩარდახად“. ბაგრატის საკათედრო ტაძარი და მის გალავანში მდებარე სამეფო სასახლე და ასევე იქვე არსებული წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი (ამჟამად გუმბათის გარეშე მყოფი) გაცილებით ძველი ნაგებობებია და საუკუნეებით უსწრებს “ოქროს ჩარდახის“ აგების თარიღს, თუმცა, მათ ჩვენამდე მოაღწიეს ნანგრევების სახით.

“ოქროს ჩარდახი” აგებული უნდა იყოს მეჩვიდმეტე საუკუნის პირველ ნახევარში, იმერეთის მეფის, გიორგი მესამის თაოსნობით, რომელიც ზეობდა 1604-1639 წლებში. შეიძლება ითქვას, რომ იმერეთის მეფეთა რეზიდენცია “ოქროს ჩარდახი“ იყო კომპლექსი, არაერთი ნაგებობის შემადგენლობით, მათ შორის აქ იყო კარის ეკლესია სამრეკლოსთან ერთად.

“ოქროს ჩარდახის“ შესახებ ისტორიული ცნობები არც თუ ვრცელია და ძირითადად სჭარბობს უცხოელთა მიერ დატოვებული ჩანაწერები იმერეთის მეფეთა სასახლის შესახებ. ამ მხრივ საინტერესოა მეჩვიდმეტე საუკუნის რუსი ელჩების, ტოლოჩანოვისა და იევლიევის ცნობები, რომლებიც იმერეთის მეფის ალექსანდრე მესამის ზეობისას (1639-1660 წ.წ.) ჩამოსულან იმერეთის სამეფოში და კერძოდ, მის დედაქალაქ ქუთაისში. ელჩებმა 1651 წლის 8 ივლისს დაათვალიერეს “ოქროს ჩარდახი“ და მისი კომპლექსი. მათი ცნობით სასახლე ეყრდნობოდა თორმეტ სვეტს, ხოლო მდინარის მხრიდან ამოყვანილი იყო სამი თაღი. სასახლის შიდა სივრცე მოხატული ყოფილა სცენებით, რომელიც ასახავდა მეფეების საბრძოლო მოქმედებებს. სასახლის სიგრძე იყო რვა საჟენი, ხოლო სიგანე – ხუთი საჟენი. ნაგებობას ერთ მხარეს ჰქონდა ოცდახუთი, ხოლო მეორე მხარეს – ოცდაოთხი ფანჯარა.

რუსი ელჩების აღწერილობის თანახმად “ოქროს ჩარდახი” არ მოიცავდა ჩვენამდე მოსულ ერთ ცნობილ დარბაზს, არამედ ეს იყო კომპლექსი. ხსენებულ აღწერილობაში ასევე ნახსენებია მეორე დიდი დარბაზიც, რომელიც ორი ნაწილისაგან შედგებოდა, ასევე არის ცნობა ღია ტიპის დარბაზის შესახებ, რომელსაც სასადილოს ფუნქცია ჰქონდა. აქვე არის საუბარი კიდევ ერთ საკმაოდ დიდი ზომის ნაგებობაზე, რომელსაც ერთი მხრიდან ჰქონდა თვრამეტი ფანჯარა, ხოლო მეორე მხრიდან “ყრუ“ კედელი.

“ოქროს ჩარდახის“ გალავანში ამჟამადაც არსებული ცნობილი ჭადრის ხე მაშინაც ყოფილა, მის შესახებ ელჩები საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ დიდი ჭადრის ხის ძირში იდგა ქვის ტახტი, რომელზეც ყოფილა ოთხი ბოძი და გადახურული იყო ყავრის სახურავით. ამ ქვის ტახტზე მეფე ჯდებოდა.

იმერეთის მეფეთა სასახლე “ოქროს ჩარდახის“ შესახებ ცნობებს გვაწვდის მეთვრამეტე საუკუნეში მოღვაწე გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსი ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც წერს: „აქ არს სასახლე მეფეთაგან დიდშენი, შვენიერად რიონსა ზედა წაკიდებული. ასპარეზი მოზღუდული ვარჯად ჭადრით“, – აღნიშნავდა ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც, როგორც ვხედავთ, ასევე ახსენებს ცნობილ ჭადარსაც.

“ოქროს ჩარდახის“ შესახებ ასევე ცნობებს გვაწვდის გერმანელი მეცნიერი და მოგზაური იოჰან ანტონ გიულდენშტედტი, რომელსაც 1772 წლის 11 აგვისტოს დაუთვალიერებია ქუთაისი. გიულდენშტედტი გვაუწყებს ქუთაისის იმ ნაწილის შესახებ, რომელიც მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე არსებობდა და მას უწოდებდნენ „წინა ქალაქს“, სადაც ექვსი ქვიტკირისგან აგებული ტაძარი იყო განლაგებული.

“ოქროს ჩარდახი“ დაზიანებულა მეჩვიდმეტე საუკუნეში, ოდიშის მთავრის, ლევან მეორე დადიანის იმერეთზე თავდასხმებისას. იმერეთის მეფის სოლომონ მეორის (ზეობდა 1789-1810 წ.წ.) თაოსნობით კი შემდგომში სასახლეს ჩაუტარდა გარკვეული სახის რეკონსტრუქცია

“ოქროს ჩარდახის“ შესახებ ასევე საუბრობს პეტრე გნილოსაროვი, რომლის მიერ მომზადებული ჩანაწერი 1859 წლით არის დათარიღებული.

მას შემდგომ, რაც 1810 წელს რუსეთმა შეიპყრო იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონ მეორე (მან გაქცევა მოახერხა ტრაპიზონში, სადაც გარდაიცვალა 1815 წელს), “ოქროს ჩარდახმა“ დაკარგა სამეფო სასახლის ფუნქცია და ის იმ დროიდან რუსული მმართველობის განკარგულებაში იყო. 1830 წელს ნაგებობა გადავიდა სამეგრელოს მთავრის, ლევან დადიანის მფლობელობაში, ხოლო მოგვიანებით მას ფლობდნენ თუმანიშვილები და აკოფაშვილები. 1851 წელს ამ შენობაში განთავსდა ქუთაისის გიმნაზიის ინსპექტორის საცხოვრებელი, ხოლო 1891 წლიდან გიმნაზიისთვის საეკლესიო დანიშნულების მიზნით გამოიყენებოდა.

2006 წლის 7 ნოემბერს “ოქროს ჩარდახს“ სახელმწიფომ ოფიციალურად მიანიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი.

უნდა აღინიშნოს, რომ მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან, ვიდრე გარდაცვალებამდე (2019 წ.) “ოქროს ჩარდახის” მოვლა-პატრონობასა და შეიძლება ითქვას შენარჩუნებაში უდიდესი ღვაწლი გასწია ემზარ ჯინჭარაძემ, რომელიც განსაკუთრებულად უვლიდა აქაურობას.

იმერეთის მეფეთა სასახლე-რეზიდენციის “ოქროს ჩარდახის“ ჩვენამდე მოღწეული ნაწილი (მდინარე რიონის პირას არსებული თაღებზე ამოყვანილი ერთი დარბაზი აივნებით) დღესაც ღადადებს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის გვიანი შუა საუკუნეების პერიოდზე და უტყვი მოწმეა მრავალი ისტორიული პერსონისა თუ ფაქტის.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

/მომზადებულია მიხეილ ნიკოლეიშვილის სტატიის მიხედვით, „ძეგლის მეგობარი“, 1970 წ./

 

კომენტარები