მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

პატარა სასწაული

პატარა სასწაული

მინდოდა ზაფხულში ორშაბათის ბლოგებისგან თავი შემეკავებინა. ივლისში ყოველთვის განსაკუთრებული რეჟიმი მაქვს. საგამოცდო ცენტრის საპატიო საქმე. 2005 წლიდან დაწყებული. პირველივე წლიდან, როცა ჩვენმა სახელმწიფომ ეს ამბიციური და საკამათო გამოწვევა გააკეთა და თაობები სხვა ეტაპზე გადაიყვანა. ახალ სტანდარტზე, რამაც ბევრის ცხოვრება და აზროვნება შეცვალა. ცხოვრების წესიც. არაჩვეულებრივი გრძნობაა, როცა ამ დიდი მოვლენის საპასუხისმგებლო ბირთვის ნაწილად თვლი თავს, თანაც ისეთ გუნდში, რომელსაც  NAEC აერთიანებდა – გამორჩეული ადამიანებით და გამოცდილებით. მიუხედავად იმის, რომ Curriculum vitae -ში ბევრი საინტერესო და მკაფიო ფუნქციის თუ პოზიციის ბევრწლიანი ჩამონათვალი მაქვს, საგამოცდო ცენტრი ერთადერთია, რომელიც დამოკიდებულებებით და საქმის შინაარსით, თუ მიზნით, ყველაზე მაღლა იდგა და დგას. ამაზე როდისმე უფრო მეტს დავწერ და მოვყვები. მაიაზე, მერაბზე, სოსოზე, იზაზე, გიოზე, ზაზაზე, პირველ წლებზე, ჩემს უახლოეს მეგობრებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც 2005 წლიდან საქმის ერთგულებით ძალიან ძვირფასები გახდნენ.

მანამდე ისევ ივლისს ვუბრუნდები.. საღამოობით, სამოქალაქო თეატრის რეპეტიციის შემდეგ, ლავაცასთან ვყოვნდები, ნინო ჭოლაძის კაფესთან – ერთი ძვირფასი ხსოვნისთვის, მისტიკური სიახლოვისთვის, შინაგანი დიალოგის და ხმამაღლა საუბრისთვის ისევ თეატრზე..

…..ის ადამიანიც, ის სახე და მისი არასტანდარტული კოსტუმიც ლავაცას „ბირჟიდან“ მახსოვს. ვესალმებით ერთმანეთს ქუთაისური ზრდილობით და მოყვარული არტისტულობით და ამის იქით ჩვენი საუბარი არასდროს გაგრძელებულა. მერე უცებ სოციალურ სივრცეში კინოგადაღების თიზერებს წავაწყდი და თვალები გამიფართოვდა.

აკაკი ფესტვენიძე ქუთაისზე შეყვარებული ქალაქელია. დიდი წვერით და ჟილეტით, მეოცე საუკუნის დასაწყისის მოკრძალებულ ინტელიგენტს ჰგავს, ფრთხილად რომ დადის ქუჩაში და კულტურული მასპინძელივით არიგებს სალამს.

“აკაკი, გამარჯობა“ – მივწერე მეორე დღესვე – “გადაღების კადრები ვნახე და ისე დამაინტერესა“

“ზეკო, სალამი. კი, შემთხვევით აღმოვჩნდი ამ ძალიან საინტერესო და დიდ საქმეში“ …

მოკლედ, ეს საინტერესო და დიდი საქმე თვით გალაკტიონის როლია ფილმში, რომელსაც ნიკოლოზ ხომასურიძე იღებს (,,ექვთიმეს“ რეჟისორი).

“რა გამართლებაათქო“ – ასჯერ ვუთხარი  და ვერ დავასრულე აკაკის აღმოჩენით გააზრებული ბედნიერება. დადიხარ ასე შენთვის, შენს ძვირფას ქალაქში, თავისებურად „დარბაისლური“ საუბრებით ანიავებ დროს და ყოფას, ეძებ საინტერესო ადამიანებს, ეტრფი ერთი და იგივე ქუჩებს და სახლებს ძველი კოლორიტით, სვამ ყავას და უცებ, გირეკავენ :

– ბატონი აკაკი ხართ? (არც ნამდვილი სახელია პოეზიის გარეშე)  იცით, გვინდა შეგხვდეთ და გალაკტიონის როლის სინჯებზე დაგელაპარაკოთ  …

ან, რაღაც ამდაგვარი. მაგრამ მაინც შოკი. ჩემთვის, ყოველ შემთხვევაში. თორემ თვითონ აკაკიმ უკვე შეხვედრის დროს ათასჯერ მაინც მითხრა, რომ მისმა მეგობარმა ალექსანდრე ოჩომ ურჩია მარინა მარჯანიშვილს მეგობრის ვიზუალი და მარინამ მერე ნიკოლოზს (რეჟისორს) გადასცა „აღმოჩენის“ წარმატებული ესტაფეტა.

სასწაული ამბავია. მართლა.

მეტის გაგებისთვის შევხვდით ლავაცასთან, მე და აკაკი.

ბევრის თქმა დაუსრულებელ ფილმზე რომ არ შეიძლება, ეს მანამდეც ვიცოდი. ცოტა და მნიშვნელოვანი მინდოდა. ორი-სამი  სცენა გადაიღეს, მგონი.

პირველი ეპიზოდი თბილისში იყო. პირველი შეხება  კამერებთან და თან რა სცენა!! გალაკტიონის თვითმკვლელობის!

„ქუთაისში რომ გადამეღო, ერთი დუბლით გავაკეთებდი“ – ო . თბილისში სამი დუბლი მაინც დასჭირდა. რადგან გამოცდილება არ აქვს გადაღების, სცენის, და საერთოდ, მსახიობობის (არც პროფესია) სამი დუბლი ბევრად ეჩვენა.

– როგორთქო? თვითმკვლელობაში გაიარეთქო? – გავგიჟდი ნელ-ნელა და უფრო და უფრო, ამის წარმოდგენით

-კიო – მპასუხობს და მთავარ სათქმელთან ჩერდება. იქ, სადაც ჩემთვის ყველაზე მტკივნეული იწყება და მაინტერესებს.

„მერეთქო? რა განიცადე, რა გითხრეს, რა ამოცანა მოგცეს, „კრუპნით“ გიღებდნენ? თმა დავარცხნილი გქონდა?“ – მოკლედ ათასი სისულელე ვკითხე, აზრი სხვაგან და სხვასთან გამექცა..

“აი, როცა ფანჯრის რაფაზე ავდგი ფეხი, მაშინ ჩემი გულის მოულოდნელი ამოვარდნა ვიგრძენიო“ — და გალაკტიონივით პატარა, უცხო ფერის თვალებით გაანათა. ჩემს თვალებში კი ისევ სხვა თვითმკვლელის სილუეტი ჩადგა და ისევ წამახრჩო..

აკაკიმ გალაკტიონის გადაფრენა „ითამაშა“ .. რა ჯადოსნურად მოულოდნელია  ცხოვრება.

მერე ქუთაისში ჩამოვიდნენ გადაღებებზე. ოლღასთან ერთად (ვერასდროს ვპატიობ ამ დიდებულ ქალს გალაკტიონს) ჰქონდა ეპიზოდები. ოლღას თეკლა მარჯანიშვილი თამაშობს. ბაგრატზეც იარა გალაკტიონის ხმის ქვეშ.

მე გადაღებაზე ვეკითხებოდი და აკაკი ქუთაისზე მპასუხობდა. რა უცნაური ხალხი ვართ, მართლა. რა საშიში სიყვარული ვიცით ამ ქალაქის. მარწმუნებდა, აქ რომ ჩამოვედი, მეგონა ყველაფერს საუკეთესოდ გავაკეთებდიო. ალბათ, ასეცაა.

ბლოგი ქუთაისელ ბიჭზე მინდოდა, ვისაც შემთხვევამ და ადამიანებმა, უცებ გალაკტიონად ქცევის შანსი აჩუქა. რომელიც ხვალ ახალ ტურისტს დახვდება ქუთაისში და გიდობას უკვე სხვა თავდაჯერებით გააგრძელებს – გალაკტიონი იყო, პოეტების მეფე და შეშლილი – ერთი დღე, ერთი კვირა, სამ დუბლში, ან უფრო ნაკლებშიც, ოლღასთან,  ბაგრატზე, თბილისში, ქუთაისში და ბოლოს მისი ხელგაშლილი გადმოფრენით საავადმყოფოდან – გენიოსის თვითმკვლელობის „თამაშით“ ….  სასწაული არაა?

ქუთაისს უხდება ეს პატარა სასწაულები. ბლოგივით ..

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები