მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

როგორ შეხვდა ქუთაისი ახალ წელს 80 წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის დროს

როგორ შეხვდა ქუთაისი ახალ წელს 80 წლის წინ, მეორე მსოფლიო ომის დროს

მეორე მსოფლიო ომის წლებში, როდესაც უშუალოდ გერმანიასა და საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირს შორის მიმდინარეობდა საბრძოლო მოქმედებები, საბჭოეთის შემადგენლობაში არსებული რესპუბლიკები ცხოვრების ყველა სფეროს მხრივ საომარ ვითარებაში იმყოფებოდნენ. ასე იყო საქართველოც და მისი სიდიდით მეორე ქალაქი – ქუთაისი.

ოთხმოცი წლის წინ, როდესაც ახალი წელი დადგა, იმ დროს მეორე მსოფლიო ომის შუა პერიოდი გახლდათ. ჯერ კიდევ არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი, რომელი მხარე მოიგებდა ომს. მთელ საბჭოთა კავშირთან ერთად საომარ ვითარებაში შეხვდა ოთხმოცი წლის წინანდელი ქუთაისი იმჟამინდელი ახალი 1943 წლის დადგომას.

გაზეთ „ინდუსტრიული ქუთაისის“ (შემდგომში „ქუთაისი“) 1943 წლის 1 იანვრის ნომერიც კი ერთგვარი საახალწლო-საომარი იყო. მის პირველ გვერდზე ამგვარი მილოცვა განთავსდა: “მოგილოცავთ ახალ წელს, ამხანაგებო! ლენინ-სტალინის დროშით წინ, გამარჯვებისაკენ!“.

1943 წლის საახალწლო პერიოდში ქუთაისში საქალაქო ნაძვის ხე კულტურის სახლში დაიდგა. აქ 1942 წლის 31 დეკემბერს, ახალი წლის შემოსვლასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება გამართეს ქუთაისელმა პიონერებმა: „იხდება ფარდა. სცენის სიღრმიდან მოსჩანს ბავშვთა საყვარელი, ახალი წლის მაუწყებელი ნაძვის ხე. მის გარშემო გაისმის მხიარული ჟივილი ნორჩი მალხაზებისა, რომლებიც სიმღერით, ცეკვით, მუსიკით აცილებდნენ 1942 წელს და სიხარულით ეგებებოდნენ ახალ წელს – საბჭოთა ხალხის ახალ გამარჯვებათა წელს“, – წერდა გაზეთი “ინდუსტრიული ქუთაისი“.

ხსენებულ საახალწლო საღამოზე ქუთაისელმა პიონერებმა წაიკითხეს ლექსები მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა სახელგანთქმულ გმირებზე, წითელ არმიაზე, იოსებ სტალინზე. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საბავშვო ბაღებისა და ალ. წულუკიძის სახელობის უდედმამო ბავშვთა სახლის აღსაზრდელები. მონაწილეებმა წარმოადგინეს სპორტული  ვარჯიში ცეკვაში, რომელიც მასწავლებელ ი. ყუფარაძის ხელმძღვანელობით დაიდგა. პიონერ-მოსწავლეთა ხსენებულ საქალაქო საახალწლო საღამოს ხელმძღვანელობდა მ. ყუფარაძე.

ქუთაისი, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ინდუსტრიული ქალაქი მთელ საბჭოთა კავშირში, მეორე მსოფლიო ომისას გამოირჩეოდა თავისი ფაბრიკა-ქარხნების აქტიური მუშაობით საბჭოთა შეიარაღებული ნაწილების სასარგებლოდ. ოთხმოცი წლის წინ საახალწლო დღეებშიც კი ქუთაისელი საბჭოთა მშრომელები საქვეყნოდ აცხადებდნენ, რომ განსაკუთრებით იმუშავებდნენ საბჭოთა არმიის გამარჯვებისათვის. პრესაში ქუთაისელ მშრომელთა მხრიდან იმ პერიოდში საახალწლოდ გამოქვეყნდა ლოზუნგები: „მეტი დაძაბულობით ვიმუშაოთ ფრონტის დასახმარებლად“, „ქალაქ ქუთაისის მშრომელები ახალ-ახალი საწარმოო გამარჯვებებით ხვდებიან ახალ სამეურნეო წელს. მშრომელებო, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ფრონტისადმი დახმარება, ყველაფერი გავაკეთოთ საძულველი მტრების – ჰიტლერელების სრული განადგურებისათვის“, „ახალი წელი – ახალი წარმატებები“ და ა.შ.

თავის მხრივ, იმჟამინდელი ქუთაისელი მეცნიერებიც, ახალ 1943 წელს საომარი განწყობით შეეგებნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი ნ. ქუთათელაძე ოთხმოცი წლის წინანდელ ქუთაისურ საახალწლო პრესაში წერდა: „გასულ წელს, ჩვენ, ალ. წულუკიძის სახელობის პედ. ინსტიტუტის მეცნიერმუშაკებმა, ზოგიერთი აქტუალური იდეოლოგიური საკითხი დავამუშავეთ ჩვენი ბრძოლისუნარიანობის განსამტკიცებლად, მტრის გასანადგურებლად. მომავალ წელს ჩვენ ამ მუშაობას გავაორკეცებთ სრულიად გულწრფელად აღგზნებულნი ამ საქმისათვის, ჩვენი სამართლიანი ბრძოლის საბოლოო გამარჯვების რწმენით…“, – წერდა დოცენტი ნ. ქუთათელაძე გაზეთ „ინდუსტრიულ ქუთაისში“.

“ახალი წელი ჩვენი თეატრის ახალ წარმატებათა წელი იქნება“, – საქვეყნოდ დადო ეს პირობა ოთხმოცი წლის წინანდელ საახალწლო პერიოდში ქუთაისის ლ. მესხიშვილის სახელობის თეატრის დირექტორმა, საქართველოს სსრ სახალხო არსტისტმა დ. ანთაძემ.

დადგა ურთულესი გამოწვევებით აღსავსე ახალი 1943 წელი. ისევე, როგორც მთელ საბჭოთა კავშირსა და საქართველოში, ქუთაისშიც ძალიან ნაკლებად ჰქონდა მოსახლეობას საახალწლო განწყობა, რადგან თითქმის ყველა ოჯახიდან ერთი ან რამდენიმე პირი წასული იყო ფრონტზე და მონაწილეობას იღებდა საომარ მოქმედებებში. არავინ იცოდა, ფრონტზე მყოფები შინ ცოცხლები დაბრუნდებოდნენ თუ არა… იბადებოდნენ ბავშვები, რომელთა მამები ფრონტზე იმყოფებოდნენ… ომის არაერთი მონაწილე ვერც მოესწრო მამობას. უამრავი ახალშობილი თუ შედარებით მოზრდილი ბავშვი ობლობაში იზრდებოდა. მასობრივი იყო ეკონომიკურ-სოციალური სიდუხჭირე იმ დონემდეც კი, რომ ხსენებულ პერიოდში მცხოვრებთა გადმოცემით, ელემენტარულ საარსებო საკვებსა და პირველადი მოხმარების დანიშნულების საგნებზე უმწვავესი დეფიციტი იყო. მოსახლეობამ არ იცოდა როგორ წარიმართებოდა შემდგომი პროცესები და მომავალი რას შესთავაზებდა ხალხს.

ამონარიდი გაზეთ “ინდუსტრიული ქუთაისის” 1943 წლის 1 იანვრის ნომრის პირველი გვერდიდან

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები