არსად არ მივდივარ, ჩემ გადადგომაზე ოცნება მე მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს, მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელია, ეს არის ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

“მე მხოლოდ თქვენ წინაშე ვარ ანგარიშვალდებული, რამეთუ თქვენ ამირჩიეთ და მე ამ არჩევანის მიმართ ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას. იმისთვის ამირჩიეთ, რაც მე ვარ და ვიყავი მთელი ცხოვრება – ევროპის მომხრე, საქართველოს ევროპული მომავლის მომხრე, ნაწილობრივ ევროპელი.

მე ამ არჩევანის მიმართ ვარ ანგარიშვალდებული. ვიცი, როგორი მომავალი გინდათ საქართველოსთვის, როგორი მომავალი უნდა მომავალ თაობას, ახალგაზრდებს. ყველა იმ პრობლემის გადაჭრა, რაც დღეს დგას ქვეყნის წინაშე, კორუფცია, ადამიანების გადინება, სრულიად უკონტროლოდ რუსების შემოსვლა, ეს ყველაფერი იქნება, შეიძლება არა გადაჭრილი, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ.

ასე რომ, მე არსად არ მივდივარ, ჩემ გადადგომაზე ოცნება მე მგონი, ყველამ უნდა დაივიწყოს. მე აქ ვარ, სადაც ვარ, მაგრამ მე ყველგან ვივლი, სადაც წასასვლელია. ეს არის ჩემი კონსტიტუციური ვალდებულება, მე ვიცავ ამ ქვეყნის კონსტიტუციას, რამეთუ მე ეს ფიცი დავდე მაშინ, როდესაც იყო ჩემი, როგორც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია და მე ბოლომდე ვიქნები ამ ფიცის ერთგული. ეს ნიშნავს, რომ კონსტიტუცია, რომელიც მეც მივიღე, როდესაც ცვლილებები შევიდა ახალ კონსტიტუციაში, გვკარნახობს, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი უნდა აკეთებდეს ყველაფერს, რაც მის შესაძლებლობებშია, იმისთვის, რომ ევროპულ ინტეგრაციას ხელი შეუწყოს. მე ეს მიმაჩნია ჩემს უპირველეს და უმაღლეს ვალდებულებად. მე ვარ ამაყი, რომ თქვენ წარმოგადგენთ სხვადასხვა ევროპის დედაქალაქებში, მე მაქვს თქვენი იმედი და თქვენ უნდა გქონდეთ ჩემი იმედი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.