მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“სჯობს, ახლა ვიმსჯელოთ და ვიფიქროთ, თუნდაც ხმაურით, თორემ ამ კანონით “წყალს მივყავართ ბიჭო, მე და შენ!”

“სჯობს, ახლა ვიმსჯელოთ და ვიფიქროთ, თუნდაც ხმაურით, თორემ ამ კანონით “წყალს მივყავართ ბიჭო, მე და შენ!”

პარლამენტში “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ” და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტებს სამოქალაქო სექტორი და მედია უარყოფითად აფასებს.

ჟურნალისტ თეა ბაბუნაშვილის თქმით, აღნიშნული კანონპროექტის კანონად მიღების შემთხვევაში ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი უკან დაიხევს.

“სულ ორ კვირაში, ქართული ჟურნალისტიკის დღეც მოვა. ქართულ ჟურნალისტიკაში დედა შვილს რომ ვერ აიყვანს, ყველაზე უკეთ ქართველმა ჟურნალისტებმა ვიცით! ამჯერად ეს არ არის განსჯის საგანი, ჯერ ისევ პროექტად წარმოდგენილი კანონია საქმე ზუსტად ისე, როგორც – “ჯერ წესია წესი და მერე საქმეა საქმე”! მის ირგვლივ ატეხილ პროტესტს, ჩემი კოლეგების დარად მეც ვუერთდები.

ვუერთდები მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ, არც ამ კანონით და არც მის გარეშე აგენტი ვერ ვიქნები. რომ ვაკვირდები, თუ იმისთვის და ისე დაგვიკანონეს იგი, როგორი მოლოდინიც არის, იქნებ უკეთესია,” კანონიერად” იყო აგენტი! მცნება “აგენტში” ვინ რას გულისხმობს, ეს კიდევ ცალკე თემაა. სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული ამ კანონპროექტამდეც უნდა ჰყოლოდა და თუ მან იკანონა, შეუკაზმავადაც უნდა იყოს მზად გასაქცევად და არა მხოლოდ გასაქცევად!

იმაზე უფრო დასაფიქრებელი, რუსულის ანალოგია თუ ამერიკულის, ისაა, რამდენად მორგებულია ქვეყნის ეროვნულ ინტერესებსა და დემოკრატიის პრინციპებს.

სჯობს, ახლა ვიმსჯელოთ და ვიფიქროთ, თუნდაც ხმაურით, თორემ ევროპულ ინტერესებსაც რომ თავი დავანებოთ, ნოდარ დუმბაძის არ იყოს, ამ კანონით “წყალს მივყავართ ბიჭო, მე და შენ!”- ამბობს “სამტრედიის მაცნეს” ჟურნალისტი თეა ბაბუნაშვილი.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ “უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. “უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში ე.წ. აგენტების კანონის განხილვა დაპირისპირებების და ხმაურის შემდეგ დაიწყო. ოპოზიციონერი დეპუტატი მამაკაცების უმრავლესობას დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

კომენტარები